40 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა

© Pixabay / Schluesseldienstბინის გასაღები
ბინის გასაღები - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2023
გამოწერა
ოფიციალური სტატისტიკით, სახელმწიფომ საცხოვრებელი ფართით 43.809 დევნილი ოჯახი უნდა დააკმაყოფილოს.
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებულ 40 ოჯახს ახალი ბინები გადაეცა, იუწყება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებულთა შორის ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილებიც არიან.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე „ქართლში“ მცხოვრები 140 ოჯახიდან 100-მდე ოჯახი ახალი საცხოვრებელი ბინებით უკვე დაკმაყოფილებულია.
ყოფილი სანატორიუმის შენობაში თითქმის 30 წელია აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. მათი ნაწილი 2021 წლის დეკემბრის ბოლოდან საპროტესტო აქციებს მართავდა და ხელისუფლებისგან ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებს მოითხოვდა.
დევნილების ბინებით უზრუნველყოფის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2022 წლის 16 იანვარს 52 წლის მამაკაცი ამ ყოფილი სანატორიუმის შენობიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.
სახელმწიფო 1,3 ათასამდე დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუძენს>>>
დევნილი ოჯახებისთვის სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამის ფარგლებში 2022-2025 წლებში ახალ საცხოვრებელს 13 ათასამდე დევნილი ოჯახი მიიღებს.
ოფიციალური სტატისტიკით, სახელმწიფომ საცხოვრებელი ფართით 43.809 დევნილი ოჯახი უნდა დააკმაყოფილოს.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
ყველა ახალი ამბავი
0