როგორ ჩაიარა სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირებამ

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს განათლების სამინისტრო
საქართველოს განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2023
გამოწერა
ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დირექტორობის მსურველები სერტიფიცირების მომდევნო ეტაპზე გადავლენ.
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესის პირველ ეტაპზე (ტესტირება) 1839 აპლიკანტი გამოცხადდა, თუმცა რეგისტრაცია 3205 ადამიანს ჰქონდა გავლილი, იუწყება განათლების სამინისტრო.
ტესტირება 22 იანვარს 12:00 საათზე დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით 49 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა. ტესტირების ხანგრძლივობა იყო ხუთი საათი, ხოლო მხედველობის პრობლემის მქონე პირებს შესაბამისი განაცხადისა და სამედიცინო დასკვნის წარდგენის საფუძველზე დამატებით კიდევ 30 წუთი მიეცათ.
აპლიკანტები ტესტირების შედეგების გაგებას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდის მეშვეობით რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის მითითებით შეძლებენ.
როგორც განათლების სამინისტროში აღნიშნეს, საგამოცდო ცენტრებში აპლიკანტებისთვის მშვიდი, კომფორტული და აკადემიური გარემო იყო უზრუნველყოფილი, სადაც მათ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება მიეცათ.
ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დირექტორობის მსურველები გადავლენ სერტიფიცირების მომდევნო ეტაპზე, რომელიც გასაუბრებას გულისხმობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის თითოეული მსურველისთვის 24 ოქტომბრიდან ხელმისაწვდომია უფასო ვებინარები, საინფორმაციო შეხვედრები და შესაბამისი კონსულტაციები. ჩატარებული ვებინარების ჩანაწერების ნახვა შესაძლებელია უწყების ვებ-გვერდზე.
წყარო - განათლების სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0