„მასზე ცუდი არაფერი გამიგია“ - თვითმხილველები საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე

© photo: Sputnik / Vladimir Pesnyaპაციენტი საავადმყოფოში
პაციენტი საავადმყოფოში - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2023
გამოწერა
თვითმხილველების თქმით, პოლიციელის გარდა, ყველა დანარჩენი გარდაცვლილი ერთმანეთის მეზობლები იყვნენ და ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის თვითმხილველები საზარელი ფაქტის დეტალებს იხსენებენ.
გამოძიების ინფორმაციით, 48 წლის ნოდარ ათუაშვილმა საკუთარი ბინის აივნიდან ავტომატით ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს, მოგვიანებით კი შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებსაც. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი, ხუთი დაშავებული პირი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გარდა ამისა, გარდაცვლილია თავად მსროლელი – სავარაუდოდ, მან თავი მოიკლა.
თვითმხილველების თქმით, სროლა გუშინ საღამოს, დაახლოებით 00:10 საათზე დაიწყო. ინტენსიური სროლის ხმა დაახლოებით ერთი საათის მანძილზე ისმოდა.

„ზემოდან ვუყურებდი. ყველას, ვინც გარდაცვლილებს უახლოვდებოდა, ავტომატიდან ესროდა. ადგილზე დავინახე ოთხი გარდაცვლილი, ერთი კი დაჭრილი. იგი არაფერი ამბობდა. ისროდა ორივე აივნის მხრიდან“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, გარდაცვლილები მეზობლები იყვნენ და ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ.

„ვინც ისროდა, ისიც ჩემი მეზობელი იყო. ნორმალური ადამიანი ჩანდა, მის შესახებ ცუდი არავისგან გამიგონია. აქ ხუთი წელია ცხოვრობს, მანავიდან გადმოვიდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ცოლს გაშორებულია, ორი შვილი ჰყავს – გოგო და ბიჭი", – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

როგორც მეზობლები აცხადებენ, ნოდარ ათუაშვილი მარტო ცხოვრობდა, თუმცა ინციდენტის დროს მასთან ერთად იმყოფებოდა მისი 20 წლის ვაჟი, რომელმაც მოახერხა ბინიდან გამოსვლა. ახლა იგი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. ამ დრომდე უცნობია მოტივი, რამაც ტრაგედია გამოიწვია.
სროლა საგარეჯოში: როგორია დაჭრილების მდგომარეობა>>>
ერთ-ერთი დაჭრილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ეზოში მაშინ ჩავიდა, როცა სროლის ხმა გაიგონა. სწორედ ამ დროს დაჭრეს იგი ფეხში. რამდენიმე მეზობელი უკვე გარდაცვლილი იყო. მისი თქმით, ყველა დაღუპული და დაჭრილი ადგილობრივი მცხოვრებია.

„სროლები უეცრად დაიწყო. როდესაც აივნიდან გადავიხედე, ჩემი შვილი ამხანაგების დასახმარებლად მირბოდა. როდესაც ახლოს მივიდა, მან ჩემ შვილს სროლა დაუწყო... გარდაცვლილები ადგილობრივები, ჩემი შვილის მეგობრები არიან", – განაცხადა ერთ-ერთი დაჭრილის დედამ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.

როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა ტელეკომპანია „ფორულასთან“ განაცხადა, რამდენიმე საათის განმავლობაში ერთ-ერთი დაჭრილი მის სახლში იმყოფებოდა, რადგანაც მათ გარეთ გასვლის ეშინოდათ. მან დაჭრილს პირველადი დახმარება ოჯახურ პირობებში გაუწია.

„ჩვენ სახლიდან გასვლა არ შეგვეძლო... დაჭრილი ორი საათის განმავლობაში ჩემს სახლში მყავდა. იგი ფეხში იყო დაჭრილი. როგორც შემეძლო, ჭრილობა დავუმუშავე, გარეთ გასვლის გვეშინოდა", – განაცხადა მან.

ადგილობრივების თქმით, მათ ხელყუმბარის აფეთქების ხმაც გაიგონეს. რაც შეეხება პოლიციელს, იგი სასიკვდილოდ მაშინ დაიჭრა, როდესაც ერთ-ერთი გოგონას გადარჩენას ცდილობდა.
ბრალდებული 2006 წლიდან 2021 წლამდე საქართველოს თავდაცვის ძალებში მსახურობდა. იმყოფებოდა ავღანეთში, სადაც მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0