იუსტიციის სამინისტრო კმაყოფილია სტრასბურგის სასამართლოს დასკვნით მაჩალიკაშვილის საქმეზე

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სამინისტროს შენობა
იუსტიციის სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2023
გამოწერა
სასამართლომ გაითვალისწინა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების ოპერაცია მიმდინარეობდა ტერორიზმთან ბრძოლის კონტექსტში, განაცხადეს სამინისტროში.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კმაყოფილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით ტერორიზმში ბრალდებული თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რადგან არ არსებობს სრულყოფილად ჩატარებული გამოძიების დასკვნა, მისაღებია ხელისუფლების ოფიციალური ვერსია იმის შესახებ, რომ სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა მაჩალიკაშვილის მისამართით იმ დროს, როდესაც ის ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა, ვიდრე ოჯახის ვერსია, რომ მას ხელში ეჭირა ტელეფონი და არა ხელყუმბარა. ხოლო თავად მკვლელობის გარემოებების გამოძიების მიმდინარეობაში სასამართლომ ხარვეზები გამოავლინა.

„ევროპული სასამართლოს შეფასებით, სამართალდამცველთა მიერ ძალის/იარაღის გამოყენების მარეგულირებელი ქართული კანონმდებლობა შეესაბამება სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს“, – აღნიშნა იუსტიციის სამინისტრომ.

ამასთან, როგორც უწყება განმარტავს, სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების ოპერაცია მიმდინარეობდა ტერორიზმთან ბრძოლის კონტექსტში და მისი მხრიდან შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა იყო მოსალოდნელი.
„ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარწმუნოა გამოძიებით დადგენილი ვერსია, რომ დაკავებისას თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცდანიშნულების რაზმის წევრის მითითებას და შეეცადა ხელყუმბარის გამოყენებას, რა დროსაც განხორციელდა მის მიმართ გასროლა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის გამოძიებისას ხარვეზი გამოავლინა >>
ასევე, იუსტიციის სამინისტროს ვერსიით, ევროპულმა სასამართლომ არ გაიზიარა მომჩივანთა არგუმენტაცია, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიება იყო შეზღუდული მხოლოდ თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის გარემოებების დადგენით, და აღნიშნა, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები აგრეთვე დაკითხული იქნენ სპეცოპერაციამდე მათთვის მიცემული ინსტრუქციების თაობაზე.

„ეს მოწმობს, რომ პროკურატურა იკვლევდა არა მხოლოდ სპეცოპერაციის ჩატარების, არამედ მისი დაგეგმვის ეტაპებს“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, იუსტიციის სამინისტრომ სამხილების გადაადგილებასთან დაკავშირებული სასამართლოს პრეტენზიები მიიღო, თუმცა აღნიშნა, რომ სერიოზულად დაჭრილი ადამიანისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის საჭიროებას მიენიჭა მეტი უპირატესობა გამოძიების ადგილის ხელუხლებლად შენახვის საჭიროებასთან შედარებით.
2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსმა) იგი ცნობილ ტერორისტ აჰმედ ჩატაევთან კავშირში ეჭვმიტანილად ცნო. როგორც გამოძიებამ დაადგინა, სპეცრაზმელმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც შენიშნა, რომ იგი ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა. დაჭრილი მაჩალიკაშვილი ორი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მეორე მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში, რის საფუძველზეც საქართველოს სახელმწიფოს მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 ათასი ევროს და სასამართლოს ხარჯების ანაზღაურებისთვის 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
ყველა ახალი ამბავი
0