ქართველი მუსიკოსი და ისტორიული შეხვედრა ბოსტონის კაფეში

© courtesy of GiGi PianoManგიგი ჭიპაშვილი
გიგი ჭიპაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2023
გამოწერა
მუსიკის საშუალებით საკუთარ თავს ყველაზე კარგად გამოხატავს. არადა, ბავშვობაში ფეხბურთელობაზე ოცნებობდა. თუმცა მას შემდეგ, რაც მის ცხოვრებაში სტივ უანდერი გაჩნდა, ყველაფერი შეიცვალა. თბილისის მუსიკალური სკოლა დაამთავრა, შემდეგ ბოსტონის კონსერვატორია.
დღეს თავისი მსმენელი ჰყავს ჩვენთანაც და უცხოეთშიც. პირველი საავტორო კონცერტი თბილისში 2015 წელს გამართა, მეორე – 2019 წლის დეკემბერში. ისე მოხდა, რომ ამერიკაში თავის კერპს სტივ უანდერსაც შეხვდა. გიგი ჭიპაშვილზე მოგახსენებთ. მუსიკალური სამყაროში მას პიანომენის სახელით იცნობენ.
© photo: courtesy of GiGi PianoManგიგი ჭიპაშვილი
გიგი ჭიპაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2022
გიგი ჭიპაშვილი
- ბატონო გიგი, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ნიჭის გარდა რა არის საჭირო?
- ნიჭიერ ადამიანს რომ წარმატებისკენ გაუხსნას გზა, ამისთვის თავისი საქმის მცოდნე არტ-აგენტებია საჭირო. საქართველოში ამ მხრივ საქმე ცუდადაა, იმიტომ რომ ასეთი პროფესიონალები ჩვენთან საერთოდ არ არსებობენ. თუ ხელოვანი რაიმე ღირებულს შექმნის, უნდა ეცადოს, რომ შუამავალს დაუკავშირდეს, ვინც საჭირო ხალხთან მის შეხვედრას უზრუნველყოფს. ამის მერე მის ნამუშევარს გზა გაეხსნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაზე გენიალური ნაწარმოებიც კი მისი ავტორის სახლს ვერ გასცდება. იმედია, ჩვენთანაც დადგება ამის დრო.
© photo: courtesy of GiGi PianoManგიგი ჭიპაშვილი
გიგი ჭიპაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2022
გიგი ჭიპაშვილი
- გავიგე, რომ ბავშვობაში ფეხბურთელობაზე ოცნებობდით...
- დიახ, მუსიკაზე რომ მევლო ძალას მატანდნენ, რადგან იმ დროს ფეხბურთი უფრო მიყვარდა. მახსოვს, პირველ კლასში დეიდამ დოლიძეზე მასწავლებელთან მიმიყვანა და მითხრა, რომ პიანინოზე უნდა მემეცადინა. პირველი ოთხი წელი ნამდვილად გამიჭირდა. ჩემი პირველი მასწავლებელი ცაცა ფხაკაძე იყო. ოთხი-ხუთი წელი სერიოზული პრობლემა მქონდა. დაკვრა ძალიან მიყვარდა, მაგრამ ეზო და ბურთი უფრო მაინტერესებდა.
© photo: courtesy of GiGi PianoManგიგი ჭიპაშვილი
გიგი ჭიპაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2022
გიგი ჭიპაშვილი
- როდის გადაწონა მუსიკამ სპორტი?
- 13 წლის რომ გავხდი, მითხრეს, თენგიზ ამირეჯიბთან მოსმენა უნდა დავგეგმოთო. ასეთი არჩევანის წინაშე დავდექი – ან ამ კაცთან უნდა წავსულიყავი, ან ფეხბურთის სასარგებლოდ გადამეწყვიტა. ვიცოდი, თუ ბატონ თენგიზ ამირეჯიბთან წავიდოდი, მაშინ ფორტეპიანოზე სერიოზული მეცადინეობა დამჭირდებოდა. როცა მომისმინა, მითხრა, რომ აუცილებლად ამიყვანდა. ორ-სამ წელიწადში მასთან ჩაბარება მიწევდა. ჩემი მასწავლებელი გახდა მისი მეუღლე, ქალბატონი გომა, რომელიც ათწლედში ასწავლიდა. შემდეგ კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი დავამთავრე.
© photo: courtesy of GiGi PianoManგიგი ჭიპაშვილი
გიგი ჭიპაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2022
გიგი ჭიპაშვილი
- ამერიკაში როგორ და როდის მოხვდით?
- პირველად ამერიკაში 2007 წელს ჩავედი და ჩავაბარე მაგისტრატურაში. ერთი წელი ბოსტონში არსებულ „ნიუ-ინგლანდ“ კონსერვატორიაში ვისწავლე. ჩემი პედაგოგი ალექსანდრე კორსანტია იყო. იმ კონსერვატორიიდან ორას მეტრში არის ცნობილი ბერკლის აკადემია, სადაც ასწავლიან პოპ-მუსიკას, კინო-მუსიკას, ჯაზს და ყველაფერ იმას, რაც ბავშვობიდან მიყვარდა.
© photo: courtesy of GiGi PianoManსტივი უანდერთან ერთად
სტივი უანდერთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2022
სტივი უანდერთან ერთად
- კინო-მუსიკის შექმნა როდის დაიწყეთ?
- ბერკლიში ჩატარებულ მასტერ-კლასებს ვესწრებოდი. იქ გავიცანი მუსიკოსები, რომლებმაც მირჩიეს, ძალიან კარგად გამოგდის და, მოდი, ეს ორი მიმართულება შეუფარდე ერთმანეთსო. თუმცა შეფარდება არაფრით გამოდიოდა. ამიტომ 2009-2010 წლებში სხვადასხვა კინო-მუსიკის იმპროვიზაციების შექმნა დავიწყე. ბერკლის ბენდთან ერთად ფესტივალებზე და ჯაზ-კლუბებში გამოვდიოდი. სამსახიობო აკადემიაში მეგობრებს საფორტეპიანო ვერსიებს ვუწერდი.
© photo: courtesy of GiGi PianoManგიგი ჭიპაშვილი
გიგი ჭიპაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2022
გიგი ჭიპაშვილი
- თქვენი მუსიკა სამ დოკუმენტურ ფილმშია შესული...
- დიახ, ჩემი მუსიკა სამ დოკუმენტურ ფილმში მოხვდა. შემდეგ საფორტეპიანო პიესების წერაც დავიწყე. მოგვიანებით ისევ კლასიკური ხაზისკენ გადმოვიხარე. რასაც ახლა ვწერ და ვუკრავ, უფრო თანამედროვე კლასიკური პიესებია, რასაც კონსერვატორიაში ასრულებენ. დღეს სხვადასხვა ღონისძიებებზე ცნობილ კომპოზიციებსა და სიმღერებს ვუკრავ. ოთხი წელი ამერიკაში აქეთ-იქით დავდიოდი, სადაც კი კონცერტები ტარდებოდა. კინო-მუსიკა დაწერილი მაქვს რეჟისორ თამთა გაბრიჩიძის ფილმისთვის „სოვდაგარი“, რომელმაც შარშან, თებერვალში ამერიკის საკმაოდ პრესტიჟულ სანდენსის კინოფესტივალზე პირველი პრემია დაიმსახურა. ამ რეჟისორმა საოცრება შექმნა.
- საინტერესო შეხვედრებიდან რომელი დაგამახსოვრდათ?
- რეჟისორი დემიენ შაზელი ბოსტონში სწავლობდა. ერთხელ ის მეგობარ კომპოზიტორთან ერთად კაფეში შემოვიდა. იმ საღამოს ისინი ჩვენს მაგიდასთან საუბრობდნენ მომავალ ფილმზე, რომელიც მუსიკალურად მის მეგობარს უნდა გაეფორმებინა. იმ საუბრიდან ხუთი წელი გავიდა და აღმოჩნდა, რომ საუბარი იყო მიუზიკლზე „ლალა ლენდი“, რეჟისორის მეგობარი კი კომპოზიტორი ჯასტინ ჰურვიცი იყო, სწორედ ის ჯასტინი, ვინც „ლალა ლენდისთვის“ მუსიკა დაწერა. ასე რომ, მე ისტორიული შეხვედრის მონაწილე აღმოვჩნდი.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0