ეროვნული მუზეუმი და სამხატვრო აკადემია თანამშრომლობას იწყებენ

© photo: Sputnik / Stringerსამხატვრო აკადემიის შენობა
სამხატვრო აკადემიის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2023
გამოწერა
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები ითანამშრომლებენ კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით სფეროებში, დაგეგმავენ და განახორციელებენ კულტურული ფასეულობების შესწავლისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის საჭირო ერთობლივ ღონისძიებებს.
მემორანდუმის მიზანია უმაღლესი განათლების დონის ამაღლების, სამეცნიერო და აკადემიურ პერსონალს შორის კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობა. ეროვნული მუზეუმი აკადემიას გაუზიარებს გამოცდილებას და ხელს შეუწყობს აკადემიის საფონდო, საბიბლიოთეკო და საგამოფენო საქმიანობას.
კერძოდ, ეროვნული მუზეუმი, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინფრასტრუქტურის ფარგლებში შეარჩევს სათანადო ფართობს აკადემიის ფონდების განსაზღვრული ვადით შენახვის/დაცვის მიზნით და გამოყოფს პირ(ებ)ს აკადემიის ფონდების შესწავლა-მოწესრიგებაში დახმარების მიზნით.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებს შორის დასახელდა>>>
საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთი შენობა გარკვეული ვადით გადაეცემა სამხატვრო აკადემიას და გამოიყოფა თანამშრომელიც მასალების სისტემატიზაციისა და შესწავლისთვის.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ და გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მუზეუმთა ჯგუფის (შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი) დირექტორმა ნიკა ახალბედაშვილმა და სამხატვრო აკადემიის რექტორმა ყარამან ქუთათელაძემ.
მუზეუმების ეფექტიანი და მოქნილი მართვის მიზნით 2021 წლის გაზაფხულიდან საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ხუთი მუზეუმი/მუზეუმთა ჯგუფი ჩამოყალიბდა: 1. შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი; 2. სპორტის მუზეუმი; 3. გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი და იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი; სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი, რომელიც ასევე მოიცავს 7 მუზეუმს და ორ კვლევით ცენტრს; 5. სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.
რაც შეეხება სამხატვრო აკადემიას, ის 1922 წლის 8 მარტს დაარსდა. აკადემია გახდა პირველი უმაღლესი სამხატვრო საგანმანათლებლო დაწესებულება კავკასიაში, ასევე ერთ-ერთი იმ სამი სამხატვრო აკადემიიდან, რომელიც ფუნქციონირებდა სსრკ-ში – ლენინგრადში, რიგასა და თბილისში.
ყველა ახალი ამბავი
0