სასამართლომ USA2GEORGIA-ს საქმეზე შუამდგომლობა დააკმაყოფილა

© Depositphotos.com / Puhhhaამანათი
ამანათი - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2023
გამოწერა
კონკურენციის ეროვნული სააგენტო აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას 2023 წლის იანვრის ბოლომდე გამოაქვეყნებს.
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტვირთის გადამზიდავი კომპანია USA2GEORGIA-ს საქმეზე საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, თუ მომხმარებელი 30 დღეში საქართველოს საწყობში შენახვის ღირებულებას არ გადაიხდის და ამანათს არ გაიტანს, მასზე საკუთრების უფლებას ავტომატურად არ დაკარგავს.
USA2GEORGIA-ს მიერ „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანიას ეკრძალება ამანათში არსებული პროდუქციის გასხვისება ან მისი საკუთრებაში დატოვება.
კონკურენციის სააგენტო კომპანია USA2GEORGIA-ს მხრიდან შესაძლო დარღვევას სწავლობს>>>
თავად კონკურენციის ეროვნული სააგენტო კი აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას 2023 წლის იანვრის ბოლომდე გამოაქვეყნებს.
2022 წლის დეკემბერში კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ფაქტის შესწავლა, რომელიც ტვირთის გადამზიდავი კომპანია USA2GEORGIA-ს მხრიდან მომხმარებლის უფლებების შესაძლო დარღვევას ეხებოდა.
უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ კომპანია USA2GEORGIA-მ კლიენტის გაუფრთხილებლად შეცვალა წონის გამოთვლის წესი და, ნაცვლად რეალური წონისა, მოცულობითი წონის გამოთვლის ფორმულა გამოიყენა, რამაც ღირებულება მკვეთრად გაზარდა.
გარდა ამისა, მომხმარებლის ინფორმაციით, ონლაინ-მაღაზიების მიერ (აშშ-ში) მიტანილი ნივთები USA2GEORGIA-მ ვებ-გვერდზე დაგვიანებით ასახა, რის შედეგადაც მომხმარებელს გადაფუთვის მომსახურებით სარგებლობის უფლება შეეზღუდა.
ბოლო ინფორმაციით, კონკურენციის სააგენტოში 1 ნოემბრიდან დღემდე შესულია მომხმარებლების 107 განაცხადი, მათგან 58 საქმე შესწავლის პროცესშია. პირობითი ვალდებულება მომხმარებლის სასარგებლოდ 9 მოვაჭრესთან გაფორმდა, რაც გულისხმობს, რომ მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
ყველა ახალი ამბავი
0