საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ირაკლი ქარქაშაძე უხელმძღვანელებს

© photo: United Airports of Georgia / FBქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2023
გამოწერა
ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე ქარქაშაძე ქუთაისის მერის მოადგილედ მუშაობდა.
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ირაკლი ქარქაშაძე უხელმძღვანელებს, რომელსაც საავიაციო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
ქარქაშაძემ აღნიშნულ პოსტზე თამარ არჩუაძე შეცვალა, რომელსაც დირექტორის პოსტი 2020 წლის იანვრიდან ეკავა.

„ირაკლი ქარქაშაძეს ავიაციის სფეროში მუშაობის შვიდ წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. მას გავლილი აქვს ავიაციის ინდუსტრიაში წამყვანი კრემსის (ავსტრია) უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა (MBA) საავიაციო მენეჯმენტში“, – განაცხადა ქვრივიშვილმა გაერთიანების თანამშრომლებისთვის ახალი დირექტორის წარდგენისას.

ქარქაშაძე ასევე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორი. მისი სადისერტაციო ნაშრომია „ავიაკომპანიის ლოგისტიკის მენეჯმენტის ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაცია“, აღნიშნა ქვრივიშვილმა.
ირაკლი ქარქაშაძე არის პარიზის ბიზნეს-სკოლა SKHEMA-ს საერთაშორისო მარკეტინგის და ბიზნეს-განვითარების მაგისტრი, ასევე ფლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამრეწველო ინჟინერიის და მენეჯმენტის ბაკალავრის ხარისხს. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ნიუ-იორკის Candor High School-ში.
ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისში ავიაბაზას აფართოებს>>>
ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე ირაკლი ქარქაშაძე ქუთაისის მერის მოადგილედ მუშაობდა, სადაც კურირებდა ტურიზმსა და საერთაშორისო ურთიერთობებს.
ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, მისი მთავარი მიზანი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გაძლიერებაა, რომელიც განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.

„საქართველოს აეროპორტებს ახალი შესაძლებლობები სჭირდება. ჩვენ უნდა ვიყოთ ხიდი ქართულ საავიაციო ინდუსტრიასა და გლობალურ ბაზრებს შორის“, – განაცხადა ქარქაშაძემ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას, როგორც კომერციულად მომგებიანი ბიზნესის და, რა თქმა უნდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, რომელსაც დიდი პოტენციალი და მომავალი გააჩნია, განაცხადა ქარქაშაძემ.
„ეს პროცესი იქნება თანმიმდევრული, სისტემური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული“, – აღნიშნა მან.
ქარქაშაძის თქმით, იგი რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანიის მოზიდვას გეგმავს, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და, შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას.
აეროპორტების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობას ზედამხედველობას უწევს.
ორგანიზაცია აერთიანებს ხუთ აეროპორტს, მათ შორის სამი საერთაშორისო (ქუთაისის, თბილისის, ბათუმის), ორი კი ადგილობრივი აეროპორტია (მესტიის და ამბროლაურის).
ორგანიზაციის მისიაა საქართველოში სამოქალაქო აეროპორტების განვითარება, საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების შესაბამისად მომუშავე თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული აეროპორტის სერვისებისა და ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება.
ყველა ახალი ამბავი
0