თოვლზე გამოსახული მზის ანარეკლი და ჰარმონიისკენ სწრაფვა
18:39 16.01.2023 (განახლებულია: 14:59 24.01.2023)
© courtesy of Nicolò Noniashviliნიკოლო ნონიაშვილი
© courtesy of Nicolò Noniashvili
გამოწერა
ხელოვნება მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც მისთვის სრული ჰარმონია მოაქვს. ეს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გახდა უფრო ცხადი. მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, „ისეთ დროში გვიწევს ცხოვრება, რომ მარადიულთან შეხება ერთგვარი შვებაცაა“.
დეკემბრის ამ დღეს გვსურს გაგაცნოთ თვითნასწავლი მხატვარი ნიკოლო ნონიაშვილი, რომელსაც ყველაზე ძალიან ზამთრის მშვიდი პეიზაჟების ხატვა უყვარს. აკადემიაში ჩაბარება არასოდეს უფიქრია, რადგან თვლის, რომ თვითნასწავლ ხელოვანში უფრო მეტი ინდივიდუალიზმი და თავისუფლებაა. ხატვის დროს კი დიდ სიამოვნებას იღებს. ამასთან ხელოვნების სხვა ჟანრებსაც სცემს პატივს – ბავშვობიდან მღერის და სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზეც უკრავს.
- ნიკოლო, ზამთრის ხატვა განსაკუთრებულად რატომ გიყვართ?
- ზამთარს უფრო ხშირად იმიტომ ვხატავ, რომ წელიწადის ამ დროს უფრო მეტი სიმყუდროვე და სიმშვიდეა. ზამთრის სიცივეში თოვლზე გამოსახულ მზის ანარეკლს ხშირად ვაკვირდები, ულამაზესი სანახავია და მომენტს ხშირად ვხატავ.
- რომელი იყო ნახატი, რომლის გამოც ბავშვობაში შეგაქეს?
- ერთხელ ჩემი ნახატები დუშეთის რაიონის კულტურის სახლში წაიღეს. კავკასიური ნაგაზი და რამდენიმე პეიზაჟი მქონდა დახატული. ერთ-ერთმა დუშელმა მხატვარმა ჩემი ნამუშევრები სხვებისგან გამოარჩია და მოიწონა. სწორედ მისი შექება გახდა ჩემთვის პირველი და ძალიან დიდი სტიმული.
© courtesy of Nicolò Noniashviliნიკოლო ნონიაშვილის ნამუშევარი
ნიკოლო ნონიაშვილის ნამუშევარი
- თავად თქვენი რომელი ნახატი მოგწონთ?
- მაქვს ერთი ნახატი, მასზე შემოდგომის პეიზაჟის ფონზე ულამაზესი შველია გამოსახული. საერთოდ მიყვარს ცხოველები, შველი კი განსაკუთრებით მომწონს თავისი გარეგნული სილამაზითა და უწყინარი ბუნებით.
© courtesy of Nicolò Noniashviliნიკოლო ნონიაშვილის ნამუშევარი
ნიკოლო ნონიაშვილის ნამუშევარი
- უფრო მარტოობა გიყვართ თუ ხალხმრავალ სიტუაციაში ყოფნა?
- სიმშვიდე მიყვარს. საერთოდ ბევრი ლაპარაკით არ გამოვირჩევი. ხანდახან, განმარტოებით როცა ვარ, ყველაზე კომფორტულად მაშინ ვგრძნობ თავს. საერთოდ ისეთი დროა, რომ ადამიანებმა ბუნება უფრო დააფასეს. ბევრი ქალაქგარეთ გადავიდა საცხოვრებლად და ეს ძალიან კარგი ტენდენციაა.
- ხატვის დროს რა გაძლევთ სტიმულს და ენერგიას?
- როცა ვხატავ, ამ დროს ძალიან მიყვარს მუსიკის მოსმენა. ეს დიდ ენერგიას მაძლევს ხოლმე. ყველა ჟანრის მუსიკა მიყვარს. მათი მოსმენა ხშირად გამხდარა ჩემთვის შთაგონების წყარო.
© courtesy of Nicolò Noniashviliნიკოლო ნონიაშვილის ნამუშევარი
ნიკოლო ნონიაშვილის ნამუშევარი
- როგორ ფიქრობთ, რა გასწავლათ ცხოვრებამ?
- ბოლო დროს ბევრი რამ დავაფასეთ და გადავაფასეთ, მივხვდით, რომ აუცილებელია ერთიმეორეს გავუფრთხილდეთ და გვერდში დგომა ვისწავლოთ. რაც მთავარია, სხვების წარმატება და გამარჯვება გულწრფელად გაგვიხარდეს...
© courtesy of Nicolò Noniashviliნიკოლო ნონიაშვილის ნამუშევარი
ნიკოლო ნონიაშვილის ნამუშევარი
- სპორტის რომელიმე სახეობას თუ მისდევთ?
- არა, სპორტს არ მივდევ, მაგრამ ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესს ყოველთვის ვიცავ. ზომიერების ფარგლებში ვვარჯიშობ და ვცდილობ, რომ კარგ ფორმაში ვიყო.
- რას აფასებთ და რისკენ მიისწრაფვით?
- როდესაც ლამაზი ადამიანი სულიერებითაც გამოირჩევა, ასეთი ჰარმონია ბევრად დასაფასებელია. ჩემი აზრით, ყველა მოაზროვნე ადამიანს, მით უფრო ხელოვანს, უნდა ჰქონდეს იმის მოთხოვნლება, რომ ჰარმონიისკენ მიისწრაფოდეს.
ნინო მამულაშვილი