ტრაგედია თბილისში - შსს დამნაშავეებს ეძებს

© photo: Sputnik / Stringerშემთხვევის ადგილზე
შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2023
გამოწერა
ადგილობრივები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რაიონის ადმინისტრაცია კი ამტკიცებს, რომ კორპუსის ამხანაგობას ლიფტის შეკეთების შესახებ არ მიუმართავს.
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ვაზისუბანში ლიფტის შახტაში ორი ადამიანის დაღუპვის ფაქტზე შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, იუწყება ტელეარხი „ფორმულა“.
ტრაგედია ვაზისუბნის რაიონში მოხდა. მამაკაცმა ლიფტი გამოიძახა, შემდეგ კი შახტაში ჩავარდა, მეუღლე მის დასახმარებლად ჩავიდა შახტაში, ამ დროს კი ლიფტი ამუშავდა და ორივე მოიყოლა. ცოლ-ქმარი ადგილზე გარდაიცვალა. მედიის მონაცემებით, 35 წლამდე ცოლ-ქმარს მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
თბილისში საზარელი ტრაგედია მოხდა: ლიფტის შახტაში ცოლ-ქმარი ჩავარდა >>
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს „სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია“.
ადგილობრივები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ. მათი თქმით, ლიფტის ექსპლუატაციის ვადა დიდი ხანია ამოიწურა, ლიფტი კი ავარიული იყო. რაიონის ადმინისტრაცია კი ამტკიცებს, რომ კორპუსის ამხანაგობას ლიფტის შეკეთების განაცხადით საკრებულოსთვის არ მიუმართავს.
„ორი წლის განმავლობაში ამ ამხანაგობიდან, ამ კორპუსიდან, ოთხი სადარბაზოა, არცერთ ლიფტზე შეკეთება-რეაბილიტაციის მოთხოვნა არ შემოსულა“, - განაცხადა თბილისის საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ლაბუჩიძემ.
ლაბუჩიძის თქმით, ლიფტებზე და მათ გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელია ამხანაგობა, ადგილობრივი ხელისუფლება კი მხოლოდ ლიფტების შეკეთებაში ეხმარება მათ. იმ კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეს, სადაც ტრაგედია მოხდა, მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ყველა ახალი ამბავი
0