„როგორ შეიძლება იარაღი ასე გადასცე“ - სანდრო რაქვიაშვილი

© photo: Sputnik / Vadim Braidov / გადასვლა მედიაბანკშიბუკი-2М
ბუკი-2М - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2023
გამოწერა
საქართველოში უკვე ერთი კვირაა ეხმაურებიან უკრაინელი დიპლომატის სტატიას, რომელშიც ლაპარაკია, რომ საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა უკრაინას იარაღის მიწოდებაზე.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. საქართველომ ელემენტარული თავდაცვისუნარიანობა უნდა შეინარჩუნოს, ასე უბრალოდ იარაღის გადაცემა უკრაინისთვის არ შეიძლება, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის სტატიაში, რომელიც უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდაში“ გამოქვეყნდა, საუბარია თბილისისადმი კიევის თხოვნაზე „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნების თაობაზე, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. აღნიშნულ თხოვნას ქართულმა მხარემ უარით უპასუხა. ამასთან ნათქვამია, რომ უკრაინამ ასევე ითხოვა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემული Javelin-ის სისტემები. აშშ მზად იყო ისინი ახალი კომპლექსებით ჩაენაცვლებინა, მაგრამ საქართველომ კატეგორიული უარი განაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე.

„როგორ შეიძლება იარაღი ასე გადასცე?! ასე უბრალოდ აიღო იარაღი და გადასცე? მე შენ გეტყვი, უამრავი „ბუკი“ და საჰაერო დაცვის სისტემა გვაქვს. გენერლებსაც რომ ჰკითხოთ, ისინიც ამბობენ, რომ არის იარაღის რაღაც მინიმუმი, რომელიც არ შეიძლება გადასცე. ელემენტარული თავდაცვისუნარიანობა უნდა შეინარჩუნო“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

როგორც ადრე თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, ე.წ. ექსპერტებისა და ცალკეული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინამ საქართველოს უანგაროდ გადმოსცა საჰაერო თავდაცვის სისტემა „ბუკი“, სინამდვილეს არ შეესაბამება – უწყებამ „ბუკის“ სისტემა 2007 წელს მრავალმილიონიანი შესყიდვით მიიღო.
სამხარაძე: საქართველოში შეიარაღების ნაკლებობაა >>
გარდა ამისა, 2017 წელს საქართველომ Javelin-ის სისტემების შესყიდვის მიზნით აშშ-ს ათობით მილიონი დოლარი გადაუხადა.
მანამდე თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ საქართველო, მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, განაგრძობს უკრაინისთვის ჰუმანიტარული და პოლიტიკური დახმარების გაწევას.
რაც შეეხება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, საქართველომ ეს არ გააკეთა, რადგან არ სურს ახალი კონფლიქტი თავის ტერიტორიაზე. საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ საერთაშორისო შეზღუდვებს იცავს.
ყველა ახალი ამბავი
0