„ქართულ ოცნებაში" უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებას უტიფრობა უწოდეს

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2023
გამოწერა
დეპუტატის აზრით, პოდოლიაკი „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკას უჭერს მხარს.
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის მიხაილ პოდოლიაკის განცხადება უტიფრობაა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა, საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
პოდოლიაკმა საქართველოში შექმნილ ვითარებას უცნაური უწოდა და განაცხადა, რომ ქართველმა ხალხმა თავის დროზე დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ასეთი ხელისუფლება აირჩია. მისი თქმით, საქართველოს ასეთ ხელისუფლებასთან რაიმე საკითხზე შეთანხმება შეუძლებელია, რადგან „ისინი სხვა რეალობაში არიან“. პოდოლიაკის თქმით, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს უკრაინის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვას.

„პოდოლიაკის განცხადება არის უტიფარი... ის ან უტიფრად აგრძელებს „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკას, ან პრაქტიკულად ვერაფერს ხედავს უკრაინის გარშემო, რეგიონში რა ხდება", – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილს სისტემატურად ადანაშაულებს იმაში, რომ მათ ქვეყნის ომში ჩათრევა უნდათ. ამასთან, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ ქვეყანას არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის წარმომადგენლებმა. მათ შორის, ერთ-ერთი პირველი იყო უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი.
„ჩვენ არ გაგვაჩნია ტანკი იმისთვის, რომ უკრაინას მივაწოდოთ, მაგრამ გაგვაჩნია ელექტროგენერატორები და ჰუმანიტარული დახმარების გარკვეული რესურსი. აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ამ მაჩვენებლითაც პირველ ადგილზე ვართ. ჩვენ გაგვაჩნია რესურსი, რომ საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ხალხს დავეხმაროთ... ამის შემდეგ თუ პოდოლიაკმა ვერ დაინახა საქართველო რა პოზიციაზე დგას, მისი განცხადება შეგვიძლია შევაფასოთ როგორც უტიფრობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მანამდე უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის სტატიაში, რომელიც უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდაში“ გამოქვეყნდა, საუბარი იყო თბილისისადმი კიევის თხოვნაზე „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნების თაობაზე, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. აღნიშნულ თხოვნას ქართულმა მხარემ უარით უპასუხა. ამასთან ნათქვამია, რომ უკრაინამ ასევე ითხოვა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემული Javelin-ის სისტემები.
ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში: მმართველ პარტიაში უკრაინის ხელისუფლებას უპასუხეს>>>
როგორც ადრე თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, ე.წ. ექსპერტებისა და ცალკეული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინამ საქართველოს უანგაროდ გადმოსცა საჰაერო თავდაცვის სისტემა „ბუკი“, სინამდვილეს არ შეესაბამება – 2007 წელს უწყებამ „ბუკის“ სისტემა მრავალმილიონიანი შესყიდვით მიიღო.
გარდა ამისა, 2017 წელს საქართველომ Javelin-ის სისტემების შესყიდვის მიზნით აშშ-ს ათობით მილიონი დოლარი გადაუხადა.
უფრო ადრე თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ საქართველო, მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, განაგრძობს უკრაინისთვის ჰუმანიტარული და პოლიტიკური დახმარების გაწევას. რაც შეეხება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, საქართველომ ეს არ გააკეთა, რადგან არ სურს ახალი კონფლიქტი თავის ტერიტორიაზე.
საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ საერთაშორისო შეზღუდვებს იცავს.
ყველა ახალი ამბავი
0