ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის შესარჩევი კონკურსი 11 იანვარს იწყება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2023
გამოწერა
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ 5-წლიანი მუშაობის გამოცდილება მართლმსაჯულების სისტემაში, ადამიანის უფლებების სფეროში.
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე კანდიდატების შესარჩევი კონკურსი 11 იანვარს დაიწყება, განუცხადა ჟურნალისტებს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარემ რევაზ ჯაველიძემ.

„კომისიის დებულება გამოქვეყნდება მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე და ყველა იმ კანდიდატს, ვინც შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი მონაცემები და ინფორმაცია 25 იანვრის ჩათვლით“, – განაცხადა ჯაველიძემ.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან ნასამართლევი, აქვთ 5-წლიანი მუშაობის გამოცდილება მართლმსაჯულების სისტემაში, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ასევე სამართალდამცველ სისტემაში და სარგებლობენ საკმაოდ მაღალი რეპუტაციით.
საკონკურსო კომისიის შემადგენლობა მთავრობის მეთაურის 2022 წლის 30 დეკემბრის N304 ბრძანების თანახმად განისაზღვრა.
კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ: მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გვარამაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ალექსანდრე ქევხიშვილი.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის კანდიდატს ეს სპეციალური საკონკურსო კომისია შეარჩევს კონკურსის საფუძველზე. კონკურსის შედეგად შეირჩევა არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატი. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი 6 წლის ვადით დანიშნავს.
საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო საქმიანობას დამოუკიდებლად განახორციელებს და ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.
ბიუროს ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა. იგი ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას. ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.
კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება ერთ-ერთია იმ 12 რეკომენდაციას შორის, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად.
ყველა ახალი ამბავი
0