„112“: ცენტრის თანამშრომელთა სამუშაო პირობები არ გაუარესებულა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2023
გამოწერა
დღეს სასწრაფო დახმარების ექიმებმა და მძღოლებმა გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობასთან აქცია გამართეს.
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უარყოფს ინფორმაციას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების სამუშაო პირობების გაუარესების თაობაზე, ნათქვამია უწყების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობასთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი ხელფასების გაზრდას, შრომის ნორმალური პირობების შექმნას და ხელმძღვანელობის გადადგომას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათ უწევთ კურიერად მუშაობა, რომ თავი და ოჯახი გამოკვებონ.
„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა სამუშაო პირობები გაუარესდა, სიმართლეს არ შეესაბამება“, - ნათქვამია განცხადებაში.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინიციატივით, თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, გატარდა რიგი ღონისძიებები, აღნიშნეს ცენტრში.
აქციის მონაწილე მედიკოსებმა განაცხადეს, რომ იანვრიდან მათ დამატებითი მორიგეობების აღება აუკრძალეს, რითაც მათ მეტი ხელფასის აღების შესაძლებლობა ჩამოართვეს.
უწყების ცნობით, 2022 წელს ცენტრის თანამშრომლებს სამჯერ დაერიცხათ სახელფასო დანამატი; 2023 წლის დასაწყისიდან როგორც სხვა საჯარო მოხელეთა, ასევე ცენტრის თანამშრომელთა ხელფასები 10%-ით გაიზარდა; ამას გარდა, გაზრდილია უქმე დღეებში ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება.
უწყებაში ასევე უარყვეს აქციის მონაწილეების განცხადება კერძო ჯანმრთელობის დაზღვევის გაუქმების შესახებ და განაცხადეს, რომ ამ წელს ცენტრის თანამშრომლები ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებული პაკეტით. ამ მიმართულებით ცენტრის ადმინისტრაცია სატენდერო პროცედურებს ახორციელებს.
გარდა ამისა, ცენტრში უარყვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იანვრიდან არ ხდება სასწრაფო დახმარების ავტომობილების დეზინფექცია.
უწყებაში ირწმუნებიან, რომ ავტომობილების დასუფთავების სამუშაო ყოველდღიურ რეჟიმში ინტენსიურად მიმდინარეობს. თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. უფრო მეტიც, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით ხდება ცენტრის ავტოპარკისა და სამედიცინო აღჭურვილობის განახლება, არსებული ფილიალების რემონტი.
ექიმებისა და სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ გასული წლის აპრილში აცნობეს სახელფასო დანამატების გაუქმების შესახებ კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი შემცირების გამო.
აქციის მონაწილეების თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში მათ დაპირდნენ ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას და ხელფასების მატებას, თუმცა ფინანსურად არაფერი შეცვლილა. სადღეღამისო მოვალეობა 12-საათიანმა შეცვალა, რამაც მდგომარეობა არ გააუმჯობესა.
ყველა ახალი ამბავი
0