მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

FT: ჩინეთი რუსეთისგან დისტანცირებას გეგმავს

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2023
გამოწერა
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ჩინეთის მთავარი მიზანი დიპლომატიური თვალსაზრისით არის დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაუმჯობესება იზოლაციის პერიოდის შემდეგ, წერს გაზეთი Financial Times ჩინელ ოფიციალურ პირებსა და ქვეყნის ხელმძღვანელობაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროების ინფორმაციით, იგეგმება ევროპასთან ურთიერთობების აღდგენა, რომელიც უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ პეკინის მიერ რუსეთის მხარდაჭერამ დააზიანა.
როგორც FT წერს, 24 თებერვლის შემდეგ ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ უთხრეს გამოცემას, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არაფერი უცნობებია პეკინისთვის უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების გეგმების შესახებ. ერთ-ერთი ოფიციალური პირის განმარტებით, 2022 წლის 4 თებერვალს ვლადიმირ პუტინსა და სი ძინპინს შორის შეხვედრისას რუსულმა მხარემ დაუშვა „ნებისმიერი შესაძლო ზომების“ მიღება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის უსაფრთხოებას რაიმე საშიშროება შეექმნებოდა. მაგრამ პეკინში მაშინ გადაწყვიტეს, რომ საუბარი შეზღუდულ სამხედრო ჩარევაზე იყო.
FT-ის წყაროების თქმით, ამ დროისათვის ჩინეთი აღიარებს იმის შესაძლებლობას, რომ რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინასთან კონფლიქტში გამარჯვებას. პეკინში ვარაუდობენ, რომ რუსეთი კონფლიქტიდან „მსოფლიო არენაზე ეკონომიკურად და დიპლომატიურად დასუსტებულ სახელმწიფოდ“ გამოვა.
ამასთან აღინიშნება, რომ ჩინეთის არაერთი ოფიციალური პირი გრძნობს უნდობლობას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ მიმდინარე მოვლენების ფონზე.
FT-ს ცნობით, ამ დროისათვის პეკინი არწმუნებს ევროპის მთავრობებს, რომ მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობებს ვლადიმირ პუტინის შესაკავებლად იყენებს, რათა ბირთვული იარაღის გამოყენება არ დაუშვას.
გარდა ამისა, ევროპასთან ურთიერთობის აღდგენის სტრატეგიის ფარგლებში ჩინეთი აპირებს გამოჩნდეს „პოტენციურ მშვიდობისმყოფელად“ და კონფლიქტის დასრულების შემდეგ უკრაინის აღდგენის პროცესში მიიღოს მონაწილეობა.
პეკინის დიპლომატიური ვექტორის ცვლილების მტკიცებულებად FT დასავლეთის ლიდერების გახშირებულ ვიზიტებს ასახელებს. გასული წლის ნოემბერში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ვიზიტების შემდეგ მოსალოდნელია საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის სტუმრობა ჩინეთში.
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა არაერთხელ გააკრიტიკეს ჩინეთი ანტირუსული სანქციების შეუსრულებლობის გამო. ამის პარალელურად ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა არაერთხელ დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა რუსეთთან ურთიერთობებს ავითარებს. 21 დეკემბერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან დმიტრი მედვედევთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ აპირებს ხელი შეუწყოს გლობალური მმართველობის ერთობლივ განვითარებას.
წყარო: Financial Times
ყველა ახალი ამბავი
0