იწყება ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა საქართველო-თურქეთს შორის

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2023
გამოწერა
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება 2023 წელს წყალტუბო-ახალციხე-თორთუმის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პირველი ეტაპის განხორციელებას გეგმავს, რომელიც საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემებს დააკავშირებს.
„წყალტუბო-ახალციხე“ და „ახალციხე-თორთუმის“ გადამცემი ხაზების მშენებლობის პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება და დაახლოებით 62 მილიონი ევრო დაჯდება.
საბიუჯეტო პროგნოზით, პირველ ეტაპზე წყალტუბო-ახალციხის 500 კვ სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა იგეგმება, რომლის სიგრძეც 103 კილომეტრი იქნება.
მეორე ეტაპი გულისხმობს ახალციხე-თორთუმის 400 კვ სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას, რომლის სიგრძე 34 კილომეტრია.
მშენებლობას ინდური საერთაშორისო სამშენებლო კომპანია KEC International Limited განახორციელებს.
მთავრობის განცხადებით, პროექტის რეალიზაციის შედეგად მკვეთრად გაიზრდება ქვეყნის ენერგოსისტემის გამტარუნარიანობა და საიმედოობა.
პროექტის თანადამფინანსებლები არიან გერმანული KfW და ევროკავშირი — პროგრამა ENIP-ის (ენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამა) ფარგლებში. ENIP-ის მთლიანი ინვესტიცია 270 მილიონ ევროს შეადგენს — 9,9 მილიონი ევროს ჩათვლით, რომელიც გრანტის სახით გაიცა ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ფონდიდან.
ყველა ახალი ამბავი
0