„ნაპოლი“ „ინტერთან“ დამარცხდა

© courtesy SSC Napoliხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2023
გამოწერა
ეს იყო ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ოფიციალური მატჩი 1 ნოემბრის შემდეგ, როდესაც „ლივერპულთან“ მატჩში ქართველმა ფორვარდმა წელის ტრავმა მიიღო და ორი თვე გაუცდა.
თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი სეზონის ყველაზე რთული და დაძაბული მატჩით განაახლა – ლუჩანო სპალეტის გუნდი „სან-სიროზე“ „ინტერს“ დაუპირისპირდა და სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში იყო. პირველივე წუთებიდან გამოჩნდა „ინტერის“ მწვრთნელის ჩანაფიქრი – მილანელები სტუმრებს ხისტად და უხეშად ეთამაშებოდნენ, მათ შორის რამდენჯერმე კვარაცხელიას ფეხებში მტკივნეულად მოარტყეს. მილანელებმა „მაღალი პრესინგით“ სათამაშო სივრცეები ჩაკეტეს და სამხრეთელებმა პირველ ტაიმში რეალური საგოლე მომენტი ფაქტობრივად ვერ შექმნეს. „ინტერს“ კი მწვავე კონტრშეტევებზე რამდენიმე შანსი მიეცა, მაგრამ ვერ ისარგებლა.
კვარაცხელიამ პირველი საგოლე მომენტი მეორე ტაიმის დასაწყისში შექმნა. 52-ე წუთზე მცველებში გაძვრა და კარის წინ ვიქტორ ოსიმენი დატოვა, მაგრამ თავდამსხმელს მეკარე ანდრე ონანამ დაასწრო და „ინტერი“ გადაარჩინა. 56-ე წუთზე კი უკვე მასპინძლებმა გამოიყენეს საკუთარი შანსი და ანგარიში გახსნეს.
ხვიჩა კვარაცხელია 2022 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს>>>
ფედერიკო დიმარკოს გადაცემით „ინტერი“ ედინ ჯეკომ დააწინაურა. კვარაცხელია ისევ გააქტიურდა – 61-ე წუთზე „ინტერის“ საჯარიმოში ცრუმოძრაობებით მცველები ჩამოიშორა და დაარტყა, მაგრამ კარს ააცილა. 76-ე წუთზე კი „ნაპოლის“ მწვრთნელმა ქართველი შემტევი შეცვალა.
ეს იყო ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ოფიციალური მატჩი 1 ნოემბრის შემდეგ. იმ დღეს ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლიმ“ „ლივერპულთან“ ითამაშა და სწორედ ამ შეხვედრაში მიიღო ქართველმა ფორვარდმა ზურგის ტრავმა, რის გამოც ორი თვე გაუცდა.
„ნაპოლი“ სეზონში პირველად დამარცხდა, თუმცა ლუჩანო სპალეტის გუნდი 16 ტურის შემდეგ 41 ქულით სერია A-ში კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს.
ყველა ახალი ამბავი
0