რა უნდა იცოდე მარყუჟში თავის გაყოფამდე, ანუ ფულის სესხებამდე წასაკითხი

© photo: Sputnik / Stringerქართული ლარი და კალკულატორები
ქართული ლარი და კალკულატორები - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2023
გამოწერა
გამოცდილი მსესხებლის რჩევები ყველას, ვინც მომავალში აპირებს კრედიტის აღებას: დათვალე შემოსავალი და ხარჯი, დაადგინე რა თანხა გრჩება და რა მოცულობის საკრედიტო ვალდებულებას ეყოფა ის, შეისწავლე ბაზარი, ყურადღებით წაიკითხე ხელშეკრულება. თუმცა მხოლოდ ეს როდია...
გადავწყვიტე თქვენი ყურადღება ჩვენი დროების კიდევ ერთ გამოწვევაზე მსჯელობით მივიპყრო. არახალია, სხვა ბევრ „სიკეთესთან“ ერთად, ჩვენში საფინანსო განათლების დონეც საკმაოდ დაბალია, რაც მოსახლეობას ხშირად დამატებით სერიოზულ პრობლემებს უქმნის.
ყველა ფინანსისტი ვერ იქნება! − ბრძანებს მკითხველი და, კაცმა რომ თქვას, მართალიც იქნება, თუმცა დავძენ, ფინანსური განათლების მიზანი მაინცდამაინც ფინანსისტობა როდია, ის, პირველ რიგში, ელემენტარული ფინანსური ოპერაციების ცოდნას, მარტივი გათვლებისა და საკუთარი ბიუჯეტის მართვის უნარების გამომუშავებას გულისხმობს, რაც შემოსავლების გონივრულად განკარგვაში უნდა დაგვეხმაროს. ამ პროცესის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია დავადგინოთ – რა მოცულობის საკრედიტო ვალდებულება შეგვიძლია ვიტვირთოთ ისე, რომ პრობლემები არც საკუთარ თავს და არც უახლოეს გარემოცვას არ შევუქმნათ.
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2022
რას ვყიდით, სად და რამდენს?
სავარაუდოდ, მკითხველი დაინტერესდება, ეს საკითხი ახლა რატომ გამახსენდა. რა გაეწყობა, განვმარტავ, წინასაახალწლოდ ხარჯი იზრდება. ჯიბეზე ხელის გაკვრა არა მხოლოდ სადღესასწაულო სუფრის გასაწყობად გვიწევს, გვინდა, რომ სურვილების მცირე ნაწილი მაინც ავისრულოთ. სამწუხაროდ, გაძვირებული ცხოვრებისა და დაბალი შემოსავლების გამო ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ახალ წელს დანაზოგით ვერ ხვდება, ცდილობს საახალწლო თავგადასავალი ნასესხები ფულით მოიწყოს. მეგობრის სიტყვები გამახსენდა: სამსონ, თუ ძმა ხარ, ყოველდღე ახალი წელია, თუ ფული გიდევს ჯიბეშიო − მითხრა გასული წლის ბოლოს. კომერციული ბანკიდან ორიოდე წუთის გამოსული იყო. შემომჩივლა, რომ აღებული სესხის გასასტუმრებლად მთელი წელი დასჭირდებოდა.
საკითხის შერჩევის სხვა მიზეზიც არის. ამ რამდენიმე დღის წინ ეროვნული ბანკის ყოველთვიურ ანგარიშს გავეცანი და გავარკვიე, რომ მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისის მდგომარეობით, კომერციული ბანკების კრედიტებზე ოცდაათ დღეზე მეტი ვადაგადაცილება 312.899 მსესხებელს, თანამსესხებელსა და თავდებს ჰქონდა. ოქტომბერში ვადაგადაცილების მქონე მსესხებლების რაოდენობა 1.632 დებიტორით გაიზარდა, ხოლო კომერციულ ბანკებში ვადაგადაცილებული კრედიტების ძირი თანხის ჯამურმა მოცულობამ 2,613 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
მოგეხსენებათ, კრედიტს მხოლოდ საბანკო სექტორი არ გასცემს. ნოემბრის დასაწყისში კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ლომბარდებისა და სესხის გამცემი სხვა სუბიექტების ვალზე ოცდაათ დღეზე მეტი ვადაგადაცილება ჯამურად 574.715 დებიტორს ჰქონდა. ვადაგადაცილება კი 4,4 მილიარდი ლარის სესხზე დაფიქსირდა.
ადამიანები რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
რას ჰპირდება მთავრობა პენსიონერებს?
გაზრდილია კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობაც. მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებით, ის 312,8 მილიონი ლარი იყო. ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის მიმოხილვის მიხედვით, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 48,1 მილიონი ლარით გაიზარდა.
დარწმუნებული ვარ, რომ პრობლემური კრედიტების წარმოშობის ერთ-ერთი მიზეზი, დებიტორების მიერ სამსახურის დაკარგვის, ან მსესხებელთა შემოსავლების შემცირებისა თუ სხვა ფაქტორების გარდა, ხშირად ფინანსური გაუნათლებლობაც არის. სწორედ ამიტომაც ვეცდები, მსესხებლებს რამდენიმე სასარგებლო რჩევა მივცე. თანმიმდევრულად მივყვეთ.
პირველ რიგში, კარგად უნდა გავითავისოთ: კრედიტორი ქველმოქმედი არ არის, ფულს არ გვჩუქნის. კრედიტი კი ის თანხაა, რომელსაც სესხის გამცემი ორგანიზაციიდან დროებით ვიღებთ და სარგებელთან ერთად უნდა დავაბრუნოთ. კრედიტის აღებამდე მნიშვნელოვანია, სწორად შევაფასოთ ჩვენი გადახდისუნარიანობა, რა მოცულობის სესხის აღება და დაბრუნება შეგვიძლია ჩვენი შემოსავლების, ხარჯებისა და ყველა ვალდებულების გათვალისწინებით. უნდა გავაანალიზოთ საკუთარი და ოჯახის შემოსავლები და ხარჯები, დავთვალოთ რა თანხა გვრჩება და გვეყოფა თუ არა ის საკრედიტო ვალდებულების გასასტუმრებლად.
შეგახსენებთ, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების უზრუნველსაყოფად, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ჯერ კიდევ 2019 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა საბანკო რეგულაციები. დაწესდა საკრედიტო ლიმიტები. შედეგად, წინასწარ ცნობილია კონკრეტული ოდენობის შემოსავლებზე რა მოცულობის სესხის გაცემა შეუძლია საბანკო სექტორს ლარსა თუ უცხოურ ვალუტაში. სახელმწიფომ რეგულაციების შემოღებით ჩვენი საკრედიტო რისკები დააზღვია, თუმცა მთავარი პასუხისმგებლობა მაინც ჩვენზეა, ვინაიდან კომერციულ ბანკებს საფუძვლიანად მსესხებლის მხოლოდ შემოსავლების შესწავლა შეუძლიათ. რა თანხა რჩება პოტენციურ მსესხებელს ყველა აუცილებელი ხარჯის შემდეგ? ამ კითხვაზე, როგორც წესი, კომერციულ ბანკებს ზუსტი პასუხი არ აქვთ და საკმარისია, კრედიტორი დარწმუნდეს, რომ დებიტორის განაცხადი საკრედიტო ლიმიტებთან შესაბამისობაშია, ის სესხს გასცემს.
საბანკო ტერმინალები - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2022
რა იშოვეს კომერციულმა ბანკებმა? ანუ საბანკო სექტორის სექტემბრის „რთველი“
რა თქმა უნდა, კრედიტის აღებამდე აუცილებელია ერთმანეთს შევადაროთ სესხის გამცემი სხვადასხვა ინსტიტუტების მიერ შემოთავაზებული პირობები. მათ შორის: კრედიტის მომსახურებასთან დაკავშირებული შესაძლო ხარჯების მოცულობა, სესხის ხანგრძლივობა და ა.შ. საკრედიტო განაცხადი მხოლოდ მას შემდეგ უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენთვის ხელსაყრელ ვარიანტს შევარჩევთ.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნომინალურ და ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს. სესხის ვადის ხანგრძლივობასთან ერთად ეს ორი კომპონენტი განსაზღვრავს ჩვენს კრედიტზე ყოველთვიური შენატანის მოცულობას. ნომინალური საპროცენტო განაკვეთი შეიძლება იყოს ცვლადი ან ფიქსირებული. ცვლადი საპროცენტო განაკვეთი გულისხმობს, რომ ის მიბმულია რომელიმე ინდექსზე და ამ ინდექსის ცვლილების შესაბამისად იცვლება. დარწმუნებული ვარ, მკითხველს მოეხსენება, რომ საქართველოს საკრედიტო ბაზარზე ეროვნულ ვალუტაში გაცემული ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთი გამოიყენება. ნომინალური საპროცენტო განაკვეთის მიხედვით დაანგარიშებული თანხა სესხის ძირითადი ხარჯია, მაგრამ პრაქტიკაში სხვა სახის ფინანსური ხარჯებიც არსებობს, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვანია სხვადასხვა ალტერნატივის შედარებისას. ამ მიზნით ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გამოიყენება და დაანგარიშებისას კრედიტის აღებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და მათი გადახდის დროც გაწერილია. ასე რომ, სხვადასხვა შემოთავაზების შედარებისას განსაკუთრებული ყურადღება ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს უნდა მივაქციოთ.
კრედიტის აღებისას უკეთესი ალტერნატივის შერჩევა გაგვიადვილდება, თუ სესხთან დაკავშირებული მოსალოდნელი ხარჯების შესახებ ინფორმაციას წინასწარ მოვიძიებთ. უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს სესხის ე.წ. საკომისიო ხარჯები. ეს არის კრედიტის დამტკიცების, კრედიტის გაცემის, თანხის განაღდების და საკრედიტო ანგარიშის მომსახურების საკომისიო ხარჯი. თუ იპოთეკური, ანუ უძრავი ან მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის აღებას ვაპირებთ, იპოთეკის რეგისტრაციასა თუ გირავნობასთან დაკავშირებული შესაძლო ხარჯიც უნდა დავთვალოთ, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვისა და იპოთეკის მოხსნის, მოძრავი ქონების გირავნობის რეგისტრაციისა და კრედიტის დაფარვის შემდეგ გირავნობის რეგისტრაციის მოხსნის ხარჯების მოცულობა წინასწარ არის დადგენილი და კომერციული ბანკების უფლებამოსილებას სცდება. არ უნდა გამოგვრჩეს ჩვენი, როგორც მსესხებლის, ანუ დებიტორის სიცოცხლის ან კრედიტის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებისა თუ დაგირავებული მოძრავი ქონების დაზღვევის ხარჯებიც.
ლარის კურსი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2022
რატომ არ გაძვირდა ლარი?
ყურადღებით უნდა გავეცნოთ სესხის დაფარვის გრაფიკს. უნდა გვახსოვდეს, რომ მისი შედგენა ჩვენზეა დამოკიდებული. დიახ, კრედიტის დაფარვის დღეს თავად ვირჩევთ და, რაღა თქმა უნდა, სასურველია კრედიტორთან ანგარიშსწორების თარიღს წინ უსწრებდეს ხელფასის ან სხვა ტიპის შემოსავლების დღე. ასევე მნიშვნელოვანია, დავაზუსტოთ – გრაფიკში ასახული თანხით გათვალისწინებულია მხოლოდ კრედიტის ძირი თანხის ნაწილი და პროცენტი, თუ ის დაზღვევასა და ანგარიშის მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც მოიაზრებს.
და, ბოლოს, ყველაზე მთავარი − მაქსიმალური ყურადღებით და დაწვრილებით უნდა გავეცნოთ ხელშეკრულებას და, საჭიროების შემთხვევაში, დავაზუსტოთ ნებისმიერი საკითხი. უნდა შევამოწმოთ, ხელშეკრულებით გაწერილი პირობები შეესაბამება თუ არა საკრედიტო ოფიცრის სიტყვიერ შემოთავაზებას, ანუ დავრწმუნდეთ, რომ ხელს ვაწერთ წინასწარ ცნობილ და ჩვენთვის მისაღებ პირობებს. ურიგო არ იქნება, ხელშეკრულება ხელმოწერამდე იურისტს წააკითხოთ და მისი რეკომენდაციები გაითვალისწინოთ. რაც შეეხება პირობებს, ეცადეთ, რომ საკუთარი სახსრებით სესხის სრულად ან ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვის საკომისიო არ გქონდეთ. საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, კარგად ვაჭრობის შემთხვევაში ეს რთული არ არის. ხელშეკრულების პირობების გაწერისას ეცადეთ, რომ კრედიტორს სესხზე პროცენტის გაზრდის საშუალება არ ჰქონდეს. თუმცა, ეს რთულად მისაღწევი ამოცანაა.
სულ ეს იყო. იმედია, ჩემეული რეკომენდაციები სასარგებლო იქნება, თუმცა მთავარი რჩევა ბოლოსთვის შემოვინახე − ისესხე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა გზა უბრალოდ არ არის. საახალწლოდ გოჭის ნეკნების გასაკვნეტად ან მაშხალების დასანთებად კრედიტის მარყუჟში თავს ნუ გაყოფ. სულ გახსოვდეს, რომ სარგებელზე ორიენტირებული კრედიტორი საშენოდ არ ყოფილა, არ არის და არც იქნება...
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0