რა გადაწყვიტეს ეროვნულ ბანკში?

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა
იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2023
გამოწერა
ორნიშნა ინფლაციისა და ინფლაციური წნეხის მოსალოდნელი ზრდის რისკის პირობებში ეროვნულმა ბანკმა გასული წლის დეკემბერში რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ის ნიშნულზე დატოვა... რამდენ ხანს შენარჩუნდება ქვეყანაში მკაცრი მონეტარული პოლიტიკა?
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრები გასული წლის დეკემბრის მეორე დეკადაში რიგით მერვე სხდომაზე შეიკრიბნენ. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ქვეყნის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკას შეიმუშავებს და ამ პოლიტიკის გასატარებლად ღონისძიებებსაც გეგმავს. კომიტეტის გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს რეკომენდაციის სახით მიეწოდება საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, რომელიც 14 პირისგან შედგება, პერიოდულად და წინასწარ ცნობილი გრაფიკით იკრიბება - მიზანი კი ფასების სტაბილურობა, ინფლაციის ზომიერ და დაბალ დონეზე შენარჩუნებაა. შესაბამისად, ეროვნული ბანკი ცდილობს, მონეტარული პოლიტიკა იმგვარად წარმართოს, რომ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ (3%-იან) მაჩვენებელთან იყოს ახლოს. მთავარი ინსტრუმენტია: მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ლიბერალიზაცია ან არსებულ დონეზე შენარჩუნება, რაც რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის გაზრდაში, შემცირებასა თუ უცვლელად დატოვებაში აისახება.
ეროვნულმა ბანკმა მკაცრი მონეტარული პოლიტიკა შეინარჩუნა>>>
ერთია, რას ცდილობს, მაგრამ მეორეა, რა გამოსდის?! − ბრძანებს მკითხველი და კაცმა რომ თქვას, მართალიც იქნება. ფაქტია, რომ ჯერ კიდე 2021 წლის 17 მარტიდან 30 მარტის პერიოდში ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 3 პროცენტული პუნქტით გაზარდა და ამით მონეტარული პოლიტიკა მკვეთრად გაამკაცრა, თუმცა, მიუხედავად ამისა, 2021 წლის გაზაფხულის შემდეგ, ქვეყანაში ორნიშნა ინფლაციაა. გასული წლის 11 თვის საშუალო მაჩვენებელი 13,6-10,4%-ის ფარგლებში მერყეობს.
დროა, წინამდებარე სტატიის ძირითად საკითხს დავუბრუნდეთ. ინფლაციური პროცესის გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილება ადვილად პროგნოზირებადი იყო. თავყრილობამდე ერთი დღით ადრე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ საფინანსო სისტემას რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა.
„დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ განაკვეთი არ შემცირდება. გამკაცრდება თუ არა? ამ საკითხზე დეტალურად უნდა ვიმსჯელოთ. არის მრავალი ფაქტორი, რომელიც ინფლაციის შესაძლო შემცირებაზე მიანიშნებს. მოგეხსენებათ, რომ გაცვლითი კურსი საკმაოდ სტაბილური და მყარიაუკვე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ამავე დროს, სხვადასხვა პროდუქციისა და მომსახურების ფასები გლობალურად იკლებს. ასევე დაკლებულია გადაზიდვების ღირებულებაც. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ ინფლაცია უნდა შემცირდეს. თუმცა, ქვეყანაში ნარჩუნდება პოტენციურზე მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რაც ინფლაციის შემცირების ტემპს ანელებს. აქედან გამომდინარე, მზად უნდა ვიყოთ, თუ ამის საჭიროება იქნება, მონეტარული პოლიტიკა გავამკაცროთ...“, − განაცხადა კობა გვენეტაძე.
ერთი სიტყვით, ქვეყნის პირველი ბანკირის ამ სიტყვების შემდეგ, უკვე ნათელი იყო, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების, ანუ ლარის, უფრო ზუსტად საკრედიტო რესურსების გაიაფების იმედი არ უნდა გვქონოდა. საუკეთესო შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთის ისევ უცვლელად 11%-ის ნიშნულზე დატოვება იყო მოსალოდნელი.
რა ელის საქართველოს ეკონომიკას 2023-წელს: ეროვნული ბანკის სამი სცენარი>>>
ასეც მოხდა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. აქვე დავსძენ, რომ რეფინანსირების განაკვეთი გასული წლის 30 მარტიდან მოყოლებული უკვე მეშვიდე სხდომაა არ შეცვლილა. დღეს მოქმედი 11% კი 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საინტერესოა, რა იყო კობა გვენეტაძის გადაწყვეტილების საფუძველი? როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, გადაწყვეტილება საგარეო და საშინაო ფაქტორების ერთობლიობის შედეგია. კერძოდ, რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტმა მსოფლიოში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებები გამოიწვია და COVID-19-ის პანდემიის შედეგად წარმოქმნილი მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი კიდევ უფრო გაამძაფრა. ამავე დროს, ბოლო პერიოდში საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების დასტაბილურების ნიშნები იკვეთება. ასევე, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, ნავთობპროდუქტების ფასებმა დაიკლო. ამავდროულად, საერთაშორისო ტრანსპორტირების ფასები სწრაფი ტემპით შემცირებას განაგრძობს, რაც უახლოეს მომავალში იმპორტირებული პროდუქტების ფასებზეც უნდა აისახოს. საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი უკვე გაიარა და მიუხედავად იმისა, რომ ის დეკემბრის დასაწყისის მდგომარეობით, ჯერ კიდევ 10,4%-ის ნიშნულზეა, მას შემცირების ტენდენცია აქვს. მოსალოდნელია, რომ, გაცვლითი კურსის გამყარების ფონზე, აღნიშნული გლობალური ტენდენციები ეტაპობრივად ადგილობრივ ბაზარსაც გადაეცემა, რამაც ინფლაციის კიდევ უფრო შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი.
ამავე დროს, როგორც კობა გვენეტაძის უწყებაში აღნიშნავენ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია და არსებული რისკები ინფლაციაზე, ძირითადად, ზრდის მიმართულებით მოქმედებს. თანაც ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან უკვე საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია გადახრილი, რაც ინფლაციურ მოლოდინებს აძლიერებს.
საყურადღებოა გაზრდილი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური ეფექტიც. კერძოდ, ეკონომიკური აქტივობა კვლავაც ძლიერია: რუსეთ−უკრაინის სამხედრო დაპირისპირებისადა თანმდევი სანქციების შედეგად, საქართველოში მიგრაციული ნაკადი საგრძნობლად გაიზარდა, რამაც, თავის მხრივ, ერთობლივი მოთხოვნის ზრდას უბიძგა. წინასწარი შეფასებით, ოქტომბრის ეკონომიკური ზრდა 8,3%-ია, გასული წლის 10 თვის საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა კი 10%-ს შეადგენს. ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე ეკონომიკური აქტივობის დონე მის პოტენციურ დონეს აღემატება, რაც საგარეო შემოდინებების შედეგად ლარის გაცვლითი კურსის გამყარების მიუხედავად, ინფლაციის შენელებას აფერხებს.
როდის დაიწყება საქართველოში იპოთეკით დაცული ობლიგაციების გამოშვება>>>
აღნიშნული რისკების საპასუხოდ უწყება მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. მკაცრი პოლიტიკის ფონზე, მათ შორის, ბოლო პერიოდში ამოქმედებული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ზემოქმედების შედეგად, საკრედიტო აქტივობის ზრდამ შენელება განაგრძო. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდეს. ამასთან, აშშ დოლარსა და ევროში მოზიდული სახსრების სარეზერვო მოთხოვნებზე ნულოვანი პროცენტის დარიცხვის პირობებში, ევროპის ცენტრალური ბანკისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარულ პოლიტიკის ეტაპობრივი გამკაცრების ტენდენცია ჩვენს ქვეყანაში უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე პოლიტიკის გამკაცრების ეფექტს დამატებით გააძლიერებს. კობა გვენეტაძის უწყებაში ვარაუდობენ, რომ ამ ფაქტორების ერთობლიობა მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს გაანეიტრალებს, რაც ინფლაციურიპროცესების შესუსტებას დაეხმარება. შედეგად, ინფლაცია ეტაპობრივად კიდევ შემცირდება და მიმდინარე წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ მაჩვენებელს − 3%-ს მიუახლოვდება.
კიდევ რამდენ ხანს გასტანს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა?
როგორც კობა გვენეტაძის უწყებაში ვარაუდობენ, ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, ქვეყანაში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა უახლოეს მომავალშიც შენარჩუნდება. რეფინანსირების განაკვეთი მას შემდეგ დაიწყებს დაწევას, რაც ინფლაციის შემცირებას გამოკვეთილი ტრენდი ექნება.
წინამდებარე სტატიას ისე ვერ დავასრულებ, არ აღვნიშნო, რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შედეგად, 184.400 მოქალაქეს კრედიტზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება. ეს ის მომხმარებლები არიან, რომელთა კრედიტების პროცენტის ოდენობაც ცვლად საპროცენტო განაკვეთზეა მიბმული.
მაშ ასე, ახალ წელს ქვეყანა რეფინანსირების განაკვეთის 11%-ით შეხვდა, როგორი სტარტი ექნება ახალ 2023 წელს, ამას აღმოსავლური ჰოროსკოპით კურდღლის წელიწადის მეორე თვის პირველსავე დღეს შევიტყობთ...
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0