საეკლესიო კალენდარი: 2 იანვარი

© Pixabay / maxbenidzeმცხეთის ჯვრის ტაძარი
მცხეთის ჯვრის ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 02.01.2023
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2 იანვარს მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილის, დანიელის, სერბელი მთავარეპისკოპოსის და მართლი იოანე კრონშტადტელის ხსენების დღეს აღნიშნავს

მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი

მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი სირიაში დაიბადა. ნეტარი სწორედ ის ყრმა იყო, რომელიც მაცხოვარმა მოწაფეებს შორის დააყენა და თქვა: „უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“. მოგვიანებით ეგნატე წმიდა იოანე ღვთისმეტყველს დაემოწაფა და მოციქულთა კრების გადაწყვეტილებით, ანტიოქიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი (წმიდანი ანტიოქიის მეორე მღვდელმთავარი იყო - სამოცდაათთაგანი მოციქულის, ევოდის შემდგომ).

ეკლესია სოფელ კოთელიაში - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2021
საეკლესიო კალენდარი: 1 იანვარი

უფლის რჩეული ოთხი ათეული წლის მანძილზე მოციქულებრივი მოშურნეობით იღვწოდა ქრისტეს ეკლესიისათვის. ერთხელ წმიდა ეგნატე ზეცად იქნა აღტაცებული და საღვთო ჩვენებით იხილა ანგელოზთა ორი დასი, რომელიც მონაცვლეობით აქებდა ყოვლადწმიდა სამებას. ამის შემდეგ მან ანტიოქიის ეკლესიაში შემოიღო ანტიფონური გალობა, რაც თანდათან სხვა ქრისტიანულ ეკლესიებშიც დამკვიდრდა. ქრისტიანთა დევნის დროს მეუფე განამტკიცებდა მრევლს და თავადაც მოწამეობის სურვილით იყო ანთებული. სამწყსოს ძალიან უყვარდა თავისი მღვდელმთავარი და მას „ღმერთშემოსილს“ ეძახდა.

წმიდა ფილოგონი, ანტიოქიის ეპისკოპოსი

წმიდა ფილოგონი, ანტიოქიის ეპისკოპოსი მღვდელმთავრად დადგინებამდე ადვოკატი იყო და ყოველთვის უანგაროდ იცავდა გლახაკების, ქვრივებისა და ობლების ინტერესებს. დაქვრივების შემდეგ ნეტარი ბერად აღიკვეცა და მალე ანტიოქიის ეპისკოპოსადაც დაადგინეს. ღრმა საღვთისმეტყველო და იურიდიული განათლების წყალობით იგი წარმატებით იცავდა მართლმადიდებლობას არიანელთა შემოტევისაგან. 323 წელს მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ზესტაფონი - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2020
საეკლესიო კალენდარი: 31 დეკემბერი

წმიდა დანიელი, სერბელი მთავარეპისკოპოსი

წმიდა დანიელ სერბი, მდიდარი და დიდგვაროვანი მშობლების ერთადერთი ძე, სერბეთის მეფის, სტეფანე უროშ მილიუტინის დაახლოებული პირი იყო. მან უარი თქვა საერო კარიერაზე და ბერად აღიკვეცა. ნეტარი დანიელის მოსაგრე ცხოვრება მაგალითი იყო მთელი საძმოსთვის. სერბეთის მთავარეპისკოპოსმა ევსტათემ იგი ხუცესად აკურთხა. შემდგომ უფლის რჩეული ათონის მთის ხილენდარის სავანის იღუმენად აირჩიეს. წმიდანს იმ მძიმე დროს მოუწია ამ ხარისხში ყოფნა, როცა პალესტინიდან განდევნილი ჯვაროსნები არაბებთან ერთად არბევდნენ და ძარცვავდნენ ათონის მონასტრებს. როცა წმიდა მთაზე მშვიდობამ დაისადგურა, წმიდანმა უარი თქვა იღუმენობაზე და კარიესის სავანეში, საბა სერბის სენაკში დაეყუდა. როცა უროშ მილიუტინსა და მის ძმას, სტეფანე დრაგუტინს შორის შინაბრძოლები დაიწყო, დანიელს სერბეთში მოუხმეს და მან მოახერხა ძმების შერიგება. სამშობლოში უფლის რჩეულს ბანსკის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. მას შემდეგ, რაც ბანსკში წმიდა მოციქულისა და მთავარდიაკვნის, სტეფანეს სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაასრულა, ნეტარი დანიელი კვლავ განდეგილ ცხოვრებას დაუბრუნდა წმიდა მთაზე.

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2020
საეკლესიო კალენდარი: 30 დეკემბერი

უფლის რჩეული ათონის მთიდან მეორეჯერ 1325 წელს გაიწვიეს და ჯვართამაღლების დღესასწაულზე სერბეთის მთავარეპისკოპოსად დაადგინეს. ზეიმს ათონის ბერმონაზვნებიც ესწრებოდნენ. 1335 წელს წმიდანმა დეჩში ააგო მაცხოვრის ამაღლების ტაძარი - ქრისტიანული კულტურის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლი სერბეთში. მან თავი მოუყარა ისტორიულ ცნობებს სერბ ხელისუფალთა და მღვდელმთავართა შესახებ. უფლის რჩეულს სიცოცხლეშივე მიემადლა სასწაულთქმედებისა და კურნების ნიჭი. მთავარეპისკოპოსად დადგინებიდან თოთხმეტი წლის შემდეგ, 1338 წლის 19 დეკემბერს მან სული უფალს შეჰვედრა.

წმიდა იოანე კრონშტანდტელი

წმიდა იოანე კრონშტანდტელი 1829 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა პინეჟის მაზრის სოფელ სურაში, წმიდანმა წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. ათი წლისა კი ადგილობრივ სასწავლებელში შეიყვანეს.
1851 წელს იოანემ დაამთავრა სასულიერო სემინარია და პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში განაგრძო სწავლა.  1855 წელს წმიდანმა აკადემიაც დაამთავრა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით, იმავე წელს ჯვარი დაიწერა კრონშტანდტელი დეკანოზის, ნესვიცკის ასულ ელისაბედზე, შემდეგ კი მღვდლად აკურთხეს და კრონშტანდტის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში დაიწყო მოღვაწეობა.
კრონშტანდტი ძალიან ღარიბი ქალაქი იყო. წმიდანი სიხარულით მიდიოდა მათ ქოხმახებში, ესაუბრებოდა, ნუგეშს სცემდა, ეხმარებოდა: სნეულთან ხშირად თვითონ მიჰყავდა ექიმი და წამლებიც თავად მიჰქონდა, მშივრებს და დავრდომილებს პურს აწვდიდა. ხალხსაც თანდათან ღირსი მამის დიდი იმედი გაუჩნდა. ყოველ დილით ურიცხვი მაწანწალა ელოდა მისი ხელით გაღებულ მოწყალებას და ისიც უანგაროდ გასცემდა ყველაფერს. ხშირი იყო შემთხვევები, როცა წმიდა იოანე ჩექმებს გაჭირვებულს ჩუქნიდა და შინ ფეხშიშველი ბრუნდებოდა. „მე - მღვდელი ვარ. ესე იგი, სათქმელიც არაფერია: საკუთარ თავს კი არა, სხვებს ვეკუთვნი“, - ამბობდა ნეტარი.
უფლის რჩეულმა წინასწარ განჭვრიტა საკუთარი აღსასრულის მოახლოება, ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს და 1908 წლის 20 დეკემბერს მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

ყველა ახალი ამბავი
0