საეკლესიო კალენდარი: 1 იანვარი

© photo: courtesy of Kukuri Metreveliეკლესია სოფელ კოთელიაში
ეკლესია სოფელ კოთელიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მართლმადიდებელი ეკლესია 1 იანვარს ღირსი მამის გიორგი მწერლის და მისი ძმის საბას, მოწამეთა:  ბონიფანტეს, ილიას, პროვოსის და არის, ასევე პოლიევქტის და ტიმოთე დიაკონის, წმიდა ბონიფანტე მოწყალის და წმიდა გრიგოლის, ომირიტელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

ღირსი მამაჲ ჩვენი გიორგი მწერალი და ძმა მისი საბა, ხახულელნი

ღირსი გიორგი მწერალი და მისი ძმა საბა, წმიდა გიორგი მთაწმინდელის მამის, იაკობის, ძმები იყვნენ. ისინი, ბერმონაზვნობის ღვაწლს შემდგარნი, ხახულის მონასტერში მოღვაწეობდნენ.
წმიდა მამები სავსენი იყვნენ საღმრთო მადლით. „ესენი მკჳდრ იყვნეს ხახულს ორითავე ცხორებითა შეზავებულად, რამეთუ სიმდიდრესა თანა საღმრთოჲსა მოქალაქობისასა ჴორციელიცა სიმდიდრე უხუებით აქუნდა“. როცა ღირსმა მამებმა ყრმა გიორგის სიკეთე და ღმრთისმოშიშება გაიგეს, იაკობს მისი ხახულში მიყვანა ურჩიეს. იაკობმაც სიხარულით მიჰგვარა შვილი ღმერთშემოსილ ძმებს.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
„ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ“ - ილია მეორემ საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა

ღირსმა გიორგიმ და საბამ ყრმა გიორგი ლოცვა-კურთხევის მისაღებად მონასტერში დავანებულ წმიდა მამებს: მაკარი მმარხველს, ბასილი ბაგრატის ძეს, ილარიონ თუალელს და ნატონი მნათეს წარუდგინეს, შემდეგ იქვე, მონასტერში დატოვეს და ხელმძღვანელობდნენ მის აღზრდასა და სწავლა-განათლებას. ამ დროს დაბა ტვარწატაფში ცხოვრობდა დიდებული ფერის ჯოჯიკისძე, რომელსაც ცოლად ჰყავდა მეფე ბაგრატ III-ის ასული. მათ განიზრახეს გონიერი და სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი ბერის მიპატიჟება სასახლეში მასწავლებლად და სულიერი ცხოვრების საქმეთა გამგედ. მათი არჩევანი ღირს გიორგი მწერალზე შეჩერდა, რადგან „უგონიერესსა ვერვის ჰპოვებდნენ“. ვედრებით დაითანხმეს ღირსი მამა მონასტრიდან წასვლაზე.

გიორგი ხახულელმა ფერის ჯოჯიკისძის ოჯახში თან წაიყვანა ყრმა გიორგი. ერთი წლის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორმა ბასილიმ ცილი დასწამა ფერისს და თავი მოჰკვეთა. მისი მეუღლე სახლიკაცებით, რომელთა რიცხვში გიორგი მწერალი და ყრმა გიორგი მთაწმინდელიც იყვნენ, კონსტანტინეპოლს წაიყვანეს, სადაც თორმეტი წელი დაჰყვეს. შემდგომ კვლავ უკან დაბრუნდნენ.

ზესტაფონი - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 31 დეკემბერი

ქრისტესმიერი მოღვაწეობით დამაშვრალი ძმები მშვიდობით მიიცვალნენ.

წმიდა მოწამე ბონიფანტე 

წმიდა მოწამე ბონიფანტე მდიდარი და ახალგაზრდა რომაელი ქალის, აგლაიდას მონა იყო და ქალბატონთან სასიყვარულო კავშირი ჰქონდა. შემდეგ აგლაიდა ქრისტიანობაზე მოექცა. მან ვერ შეძლო საყვარელთან კავშირის გაწყვეტა, მაგრამ ყოველნაირად ცდილობდა, ეს ცოდვა კეთილი საქმეებით გადაეფარა და ხშირად ეხმარებოდა გაჭირვებაში მყოფ ქრისტიანებს. ერთხელ მან გაიგო, რომ აღმოსავლეთში ქრისტიანების სასტიკი დევნა დაიწყო. თავისთან მოიხმო ბონიფანტე და აღმოსავლეთში წასვლა და იქიდან რომელიმე მოწამის სხეულის ჩამოსვენება თხოვა.

აგლაიდა იმედოვნებდა, რომ ქრისტეს მოწამე შეეწეოდა მას ცოდვის დაძლევაში და უშუამდგომლებდა ღვთის წინაშე. ამის გაგონებაზე ბონიფანტემ სიცილით მიუგო: „ქალბატონო, თუ წმიდა ნაწილები ვერ ვიპოვე და თავად ვეწამე ქრისტესთვის, პატივით მიიღებ ჩემს სხეულს?“ აგლაიდა სერიოზულად მოეკიდა ნათქვამს და გაკიცხა იგი იმის გამო, რომ წმიდა საქმეზე გამგზავრების წინ თავს ლაზღანდარობის ნებას აძლევდა. ბონიფანტეც დააფიქრა მისმა ნათქვამმა.

კილიკიაში, ქალაქ ტარსოსში ჩასულმა ბონიფანტემ თანამგზავრები სასტუმროში დატოვა, თავად კი ქალაქის მოედანს მიაშურა, სადაც ქრისტიანებს აწამებდნენ. ნეტარმა საკუთარი თვალებით იხილა უფლის რჩეულთა სასტიკი ტანჯვა და ღვთის მადლით გაბრწყინებული მათი სახეები. თანაგრძნობით აღსავსე ბონიფანტე მოწაფეებს ევედრებოდა, ელოცათ, რომ ისიც ამგვარივე ხვედრის ღირსი გამხდარიყო. მაშინ მსაჯულმა ბონიფანტეს ვინაობა ჰკითხა. „მე ქრისტიანი ვარ!“ - გაბედულად უპასუხა ნეტარმა, შემდეგ კი კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა. ამისთვის მას იქვე დაუწყეს წამება. წმიდა ბონიფანტეს მახვილით თავის მოკვეთა მიუსაჯეს. ჭრილობიდან სისხლმა და რძემ გადმოხეთქა. ამ სასწაულის ხილვამ ხუთას ორმოცდაათამდე ადამიანი მოაქცია ქრისტიანობაზე.

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 30 დეკემბერი

აგლაიდამ მოწამის სახელობის ტაძარი ააგო და წმინდა ნაწილები  შიგ დააბრძანა. შემდეგ მთელი ქონება გლახაკებს განუყო, თავად კი მონასტერს მიაშურა, სადაც სინანულში გალია თვრამეტი წელი და სიცოცხლეშივე არაწმიდა სულების განსხმის ნიჭი მოიგო. წმიდა დედა ნეტარი ბონიფანტეს საფლავის მახლობლად დაკრძალეს.

წმიდა მოწამენი: ილია, პროვოსი და არისი - მეგვიპტელნი

წმიდა მოწამენი: ილია, პროვოსი და არისი იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას აღესრულნენ. მათ ტყვე-ქრისტიანთა მსახურება იტვირთეს, რისთვისაც პალესტინის ქალაქ ასკალონში შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. უფლის რჩეულებმა ახოვნად დაითმინეს სატანჯველები, რის შემდეგაც წმიდა არისი დაწვეს, ილიას და პროვოსს კი თავები მოჰკვეთეს (+308).

წმიდა ბონიფანტე მოწყალე - ფერენტიელი ეპისკოპოსი 

წმიდა ბონიფანტე მოწყალე - ფერენტიელი ეპისკოპოსი სიყრმიდანვე გლახაკთმოყვარებით გამოირჩეოდა. როცა მას გზაში ღატაკი გადაეყრებოდა, დაუფიქრებლად იხდიდა სამოსელს და მოწყალებად გასცემდა. ამის გამო მისი ქვრივი დედა ძალიან წუხდა და კიცხავდა შვილს. ერთხელ ბონიფანტემ მთელი წლის ხორბლის მარაგი უქონლებს დაუნაწილა, მაგრამ მისი ლოცვით ბეღელი სასწაულებრივ კვლავ პირთამდე გაივსო.

წმიდანი, ღვთის ნებით, ფერენტინის (რომის ჩრდილოეთით) ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. იგი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს და მათაც მოყვასისთვის უკანასკნელის გაღებას ასწავლიდა. ლოცვით, მარხვით, მოწყალებითა და სხვა მრავალი ქველი საქმეებით გაბრწყინებული მღვდელმთავარი მშვიდობით მიიცვალა IV ს-ში.

გიორგი გამთენაძის და გიორგი ყვავაძის მიერ მოხატული ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 29 დეკემბერი

წმიდა გრიგოლი - ომირიტელი ეპისკოპოსი

წმიდა გრიგოლი - ომირიტელი ეპისკოპოსი, მედიოლანში დაიბადა, კეთილმსახური მშობლების, აღაპისა და თეოდოტიას ოჯახში.

ამ დროს ეთიოპიის მეფის, ელეზვოის ლაშქარმა ებრაელი ტირანის, დუნაანის უღლისგან გაათავისუფლა ომირიტის ქალაქი ნეგრანი. ამის შემდეგ აქ ქრისტიანობა აღდგა, მაგრამ ებრაელ დამპყრობთა მიერ მთელი საეკლესიო იერარქია განადგურებული იყო. ამიტომ ელეზვოიმ ალექსანდრიის პატრიარქთან ელჩები გაგზავნა და ნეგრანისთვის ეპისკოპოსი და სამღვდელოება გამოითხოვა.  ომირიტში ჩასულმა გრიგოლმა ქრისტიანული სალოცავების აღდგენას და წარმართებსა და ებრაელებს შორის ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებას მიჰყო ხელი.

დიდგვაროვანმა ებრაელებმა მას მოსთხოვეს, სარწმუნოებრივ საკითხებზე კამათი გაემართა მათსა და ქრისტიანებს შორის, თან შეჰპირდნენ, რომ თუ სიტყვიერ პაექრობაში მაცხოვრის მოსავები გაიმარჯვებდნენ, იუდეველებიც მოინათლებოდნენ. ორმოცი დღის შემდეგ დაიწყო დისპუტი, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდებოდა. მეუფე გრიგოლმა ძველი აღთქმის ტექსტებზე დაყრდნობით ებრაელთა უხუცესის, რაბინ ერბანის ყველა არგუმენტი უარყო. კამათში ქრისტიანები იმარჯვებდნენ, მაგრამ ერბანს არასგზით არ სურდა, თავი დამარცხებულად ეცნო და, სასოწარკვეთილმა, უკანასკნელ ღონეს მიმართა - თავხედურად გამოსცრა: „თუ გსურს, რომ გულით ვირწმუნო ქრისტე და ვაღიარო, რომ შენი ღმერთი - ჭეშმარიტი ღმერთია, - დამანახე იგი, ეპისკოპოსო!“

ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 22 დეკემბერი

მტკიცე სარწმუნოებითა და ურყევი სასოებით აღსავსე წმიდა გრიგოლმა ხმამაღლა დაიწყო ლოცვა და როცა დაასრულა, უეცრად მიწა შეირყა, აღმოსავლეთით ზეცა გაიხსნა და უფალი იესო ქრისტე გამოჩნდა ნათლის ღრუბელში, თან ხმა გაისმა: „ეპისკოპოს გრიგოლის ლოცვებით განგკურნავთ მამათა თქვენთაგან ჯვარცმული!“ არაამქვეყნიურმა ნათელმა დამასკოსკენ მიმავალი სავლეს მსგავსად, თვალისჩინი წარსტაცა ებრაელებს. დაბრმავებულებმა წმიდა ეპისკოპოსს სთხოვეს შეწევნა, რის შემდეგაც წმიდა ნათლისღება მიიღეს და ყველანი განიკურნნენ. რაბინ ერბანს ნათლობისას ლეონი დაერქვა.ამ დიდი სასწაულის შემდეგ მღვდელმთავარი გრიგოლი კიდევ ოცდაათ წელზე მეტ ხანს განაგებდა თავის სამწყსოს. იგი მშვიდობით მიიცვალა 552 წელს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

ყველა ახალი ამბავი
0