საეკლესიო კალენდარი: 29 დეკემბერი

© courtesy of Giorgi Gamtenadzeგიორგი გამთენაძის და გიორგი ყვავაძის მიერ მოხატული ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
გიორგი გამთენაძის და გიორგი ყვავაძის მიერ მოხატული ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 დეკემბერს წინასწარმეტყველ ანგეას (500 წ. ქრისტეს შობამდე); მოწამე მარინის, ნეტარი თეოფანია დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

ანგეა წინასწარმეტყველი

ანგეა წინასწარმეტყველი გახლდათ თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგან ერთ-ერთი. ის მოღვაწეობდა ქრისტეს შობამდე VI-V საუკუნეებში. მას დაუწყის წინასწარმეტყველება აქემენიდთა უმცროსი შტოს წარმომადგენლის, სპარსეთის მეფის, დარიოს I-ის პირველის ზეობის მეორე წელს. დარიოს პირველი ირანის სახელმწიფოს მართავდა ქრ.შ-მდე 522-486 წლებში. ე. ი. ანგიას წინასწარმეტყველება დაუწყია ქრისტეს შობამდე 520 წელს. არის გადმოცემა, რომ წინასწარმეტყველ ანგიას, და წინასწარმეტყველ ზაქარიას, წინასწარმეტყველება ჯერ კიდევ ბაბილონის ტყვეობის დროს დაუწყიათ, იერუსლიმში დაბრუნებამდე, ე. ი. უფრო ადრე, კიროს მეორის მიერ ბაბილონის დაპყრობამდე. წინასწარმეტყველი უფლის სახელით მოითხოვდა აღდგენილიყო იერუსალიმის ტაძარი. ტაძრის აშენება იერუსალიმში უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნებოდა, რა თქმა უნდა. იერუსალიმის ტაძრის აღდგენა დაიწყო ჯერ კიდევ კიროს მეორის დროს. ქრისტეს შობამდე 539 წელს კიროს მეორემ დაიპყრო ბაბილონის სამეფო და სამშობლოდან გადასახლებული ებრაელები და სხვა ხალხები თავის ქვეყნებში დააბრუნა. მისი ბრძანებით ებრაელებს სპარსეთის იმპერიაში, ერთგვარი, „რელიგიური ავტონომიური“ უფლებები მიეცათ. ებრაელთა რელიგია „დაშვებულ, ნებადართულ რელიგიად“ იქნა აღიარებული. მეტიც, კიროს დიდმა სახელმწიფო ხარჯებით დაიწყო იერუსალიმის ტაძრის აღდგენა. კიროს მეორე გარდაიცვალა ჩვ. წ. აღ-მდე 530 წელს. ტახტზე ავიდა კამბიზ II, რომელიც სპარსეთს მართავდა ჩვ. წ.აღ. 522 წლამდე. მერე ტახტზე ავიდა დარიოს პირველი. კამბიზ II-ს დროს იერუსალიმის ტაძრის მშენებლობა შეწყდა. ამის მიზეზი იყო სამარიტელთა წინააღმდეგობა. უბრალო ებრაელ ხალხს და განსაკუთრებით მმართველ წრეებს, წინასწარმეტყველი ანგეა მიმართავდა საყვედურით, რომ სახლები გაქვთ, ღმერთის სახლის აშენებაზე კი არ ზრუნავთო. 14 წლის მერე ტაძრის მშენებლობა განახლდა. წინასწარმეტყველი თვითონ ადევნებდა თვალს მის მშენებლობას.

წმიდა მოწამე მარინი (III)

წმიდა მოწამე მარინი რომში ეწამა დაახლოებით 283 წელს (სხვა ცნობებით - 217-218 წლებში). წმიდანმა უარი განაცხადა წარმართული კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე და ლოცვის ძალით შემუსრა ისინი, რისთვისაც უსჯულოებმა სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.

ნეტარი დედოფალი თეოფანია

ნეტარი დედოფალ თეოფანიას დიდგვაროვან მშობლებს შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და ღვთისმშობელს მხურვალედ ევედრებოდნენ შემწეობას. ბოლოს მათ შეეძინათ ასული, რომელსაც თეოფანია (ღმერთშემოსილი) დაარქვეს.

თეოფანია სიყრმიდანვე გამოირჩეოდა გულისხმიერებითა და ღვთისმოშიშებით, ამიტომაც იმპერატორმა ბასილი მაკედონელმა (867-886) იგი თავისი მემკვიდრის - ლეონის (შემდგომში ბრძნად წოდებულის) (886-912) მეუღლედ გამოარჩია.

ჯვრისწერის შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული, რომ ბოროტმა ენებმა ბასილის ამცნეს, შენი ძე შენს მოკვლას და ტახტის ხელში ჩაგდებას აპირებსო. გულმართალი მეფე ერწმუნა მზაკვარ ცილისმწამებლებს და თავისი ძე მეუღლითურთ დაუყოვნებლივ საპყრობილეში ჩააგდო. ლეონი და თეოფანია სამ წელიწადზე მეტ ხანს იტანჯებოდნენ პყრობილებაში, მაგრამ, უფლის გულმოწყალებას მინდობილნი, მთელ დღეებს მარხვასა და ლოცვაში ატარებდნენ. ამასობაში განრისხებული იმპერატორიც დაცხრა, მიხვდა თავის შეცდომას და ტუსაღები გაათავისუფლა.

ბასილის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ლეონი ავიდა, მაგრამ ნეტარი დედოფალი ამის შემდეგაც არ მოხიბლულა ამსოფლიური დიდებითა და პატივით: კვლავინდებურად ლოცულობდა, ჭამდა მხოლოდ პურსა და გამხმარ მწვანილს, მდიდრული სადედოფლო შესამოსლის ქვეშ მჩხვლეტავი ჯვალო ემოსა, ეძინა უხეშ საწოლზე, რომლის ქვეშაც ცხოველების ბასრ ძვლებს ყრიდა. მთელ თავის ქონებასა და ძვირფასეულობას წმიდა თეოფანია ქვრივებს, ობლებსა და გლახაკებს ურიგებდა, მონა-მხევლებს ისე ეპყრობოდა, როგორც ქრისტესმიერ საყვარელ და-ძმებს.

იმპერატორი ლეონ ბრძენი, ხედავდა რა თეოფანიას სიწმიდეს, სიცოცხლეშივე თაყვანს სცემდა მას არა მარტო როგორც მეუღლესა და დედოფალს, არამედ როგორც თავის მეოხს უფლის წინაშე.

წმიდა დედოფალმა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

 მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

ყველა ახალი ამბავი
0