ხელისუფლების მიზანი სააკაშვილის სრული იზოლაციაა: რეაქციები პარლამენტის გადაწყვეტილებაზე

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2022
გამოწერა
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიიღო.
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. ხელისუფლებას სურს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იზოლაციით მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს, განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.
პარასკევს, 30 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის წევრებს სპეციალური ნებართვის გარეშე მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის უფლება შეუჩერდათ.

„მთავრობის მიზანია მიხეილ სააკაშვილის იზოლაციაში მოქცევა და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, ამ საქმეს, რომელსაც სააკაშვილის საქმე ჰქვია, არაფერი აქვს საერთო კანონთან. ეს ჩვეულებრივი ომია და ამ ომს ერთი მიზანი აქვს – სააკაშვილი უნდა მოკვდეს“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ის, რომ ხელისუფლებას საქართველოს ექს-პრეზიდენტის იზოლაცია სურს, ოპოზიციური ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემაც განაცხადა.
„ხელისუფლება სააკაშვილის სრულ იზოლაციაში გადაყვანას გეგმავს. გუშინ და გუშინწინ მასთან არ შეუშვეს შვილები, ახლა კი მისი მონახულება პარლამენტის დეპუტატებსაც აუკრძალეს“, – განაცხადა დეკანოიძემ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რა საფრთხეს წარმოადგენენ სააკაშვილის შვილები.
„მინდა ვკითხო ხელისუფლებას – რა საფრთხეს წარმოადგენს პატარა ალისკა სააკაშვილი ან ედუარდ სააკაშვილი ხელისუფლებისთვის?! ან რა საფრთხეს შეიძლება წარმოვადგენდეთ ჩვენ – მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები და მეგობრები?!“ – განაცხადა დეკანოიძემ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 27 დეკემბერს პარლამენტის თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია სააკაშვილის უსაფრთხოებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან უსაფრთხოების ზომების გამკაცრების, მათ შორის ვიზიტების შესახებ.
დეპუტატებს სააკაშვილის მონახულების უფლება შეეზღუდათ>>>
ბრეგაძემ პაპუაშვილს მიმართა თხოვნით, აღნიშნული გარემოება გათვალისწინებული ყოფილიყო საქართველოს პარლამენტის წევრებზე ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.
ექსპერტთა ჯგუფის ექიმები ამტკიცებენ, რომ მიმდინარე მკურნალობა შედეგს არ იძლევა და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ამასთან დაკავშირებით ისინი დაჟინებით მოითხოვენ სასჯელის გაუქმებას ან გადავადებას, რათა ექს-პრეზიდენტმა შეძლოს საზღვარგარეთ მისთვის საჭირო მკურნალობის ჩატარება.
მანამდე რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. როგორც მან განაცხადა, თუ არ შეწყდება დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანიც ხელისუფლების დისკრედიტაციაა, სამინისტრო იძულებული იქნება გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები კლინიკა „ვივამედში" მყოფი ექს-პრეზიდენტის პალატიდან.
მინისტრმა პირობა შეასრულა. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
სააკაშვილის თანამებრძოლებმა და მომხრეებმა სამინისტრო ადამიანის პირადი ცხოვრების კადრების უკანონო გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს. საკითხს უკვე სწავლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0