ქვრივიშვილი: საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება

© photo: Sputnik / Stringerმარიამ ქვრივიშვილი
მარიამ ქვრივიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2022
გამოწერა
ურუმჩი–თბილისი–ურუმჩის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები 2023 წლის იანვრიდან დაიწყება.
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
China Southern Airlines-მა საქართველოს მიმართულებით ფრენები COVID-19 ინფექციასთან დაკავშირებული პანდემიის გამო 2020 წლის იანვარში შეაჩერა. ბოლო რეგულარული რეისი საქართველოს მიმართულებით 2020 წლის 23 იანვარს განხორციელდა.
უწყების ცნობით, ურუმჩი–თბილისი–ურუმჩის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები 2023 წლის იანვრიდან დაიწყება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეგულარული რეისები ურუმჩისა და თბილისს შორის ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე – 2023 წლის 25 მარტამდე კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს შესრულდება.

„ჩინეთი საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ტრადიციულად, ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტები გამოირჩევიან მხარჯველუნარიანობით. დარწმუნებული ვარ, რომ პირდაპირი რეისები ხელს შეუწყობს მეტი ჩინელი ტურისტის ჩამოსვლას“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა დადებითად აისახება აგრეთვე 2023 წელს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების დინამიკაზე და დამატებითი სტიმული გახდება საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებითაც.
2019 წელს, პანდემიამდე ჩინეთიდან 48.071 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 50,9%-იანი მატება იყო 2018 წელთან შედარებით. ვიზიტების რაოდენობით ჩინეთი მეთხუთმეტე ადგილზე იყო.
ყველა ახალი ამბავი
0