ივანიშვილმა Credit Suisse-სგან თანხის ნაწილი მიიღო: საქმის დეტალები

© courtesy of Credit Suisseბანკი CREDIT SUISSE
ბანკი CREDIT SUISSE - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2022
გამოწერა
შვეიცარიის ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტი რამდენიმე თვეა მოლაპარაკების იმიტაციას ქმნის, განაცხადა საქართველოს ექს-პრემიერის უფლებადამცველმა.
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse-მა საქართველოს ექს-პრემიერს, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს იმ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუბრუნა, რომელიც მას ჯერ კიდევ 3 წლის წინ დააკისრა შვეიცარიის სასამართლომ, ასევე განხორციელდა ამ თანხის დაგვიანებით გადახდის გამო მასზე დარიცხული პროცენტის გადახდაც, ნათქვამია იურიდიული ფირმა MKD Law-ის განცხადებაში.
გარდა ამისა, ივანიშვილს ის თანხაც გადაურიცხეს, რომელიც სინგაპურის სატრასტო კომპანია Credit Suisse-ის მართვის ქვეშ იყო და რომლის მიღებასაც ის გაზაფხულიდან, უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ვერ ახერხებდა.

„Credit Suisse ასე რომ არ მოქცეულიყო, მოსამართლეს (სინგაპურის სასამართლოს) აღნიშნულ ბანკზე უკიდურესად უარყოფითი შთაბეჭდილება შეექმნებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

საუბარია სასამართლო პროცესზე, რომელზეც 2022 წლის სექტემბერში ივანიშვილი მოწმის სტატუსით გამოდიოდა. საადვოკატო ბიურომ აღნიშნა, რომ ივანიშვილმა ოსტატურად ისარგებლა მოპასუხის კითხვით და სასამართლოში განაცხადა, რომ Credit Suisse „განგსტერული ბანკივით“ იქცევა.
ივანიშვილის თქმით, ბანკი არა მხოლოდ აიძულებს კლიენტს წლების განმავლობაში მასთან სასამართლო დავა აწარმოოს სხვადასხვა იურისდიქციაში, არამედ არც თავად შვეიცარიის პროკურატურისა და სასამართლოს მიერ ჯერ კიდევ 2019 წელს დავალებულ გადახდებს ახორციელებს.
„არაფორმალური სანქციები"
ივანიშვილის Credit Suisse-სთან ურთიერთობა 2022 წლის თებერვლის ბოლოს, უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ, სამართლებრივ სივრცეს გასცდა და წმინდა პოლიტიკური გახდა. მარტიდან ივანიშვილს პრობლემები გაუჩნდა როგორც პირადი თანხების, ისე ხელოვნების ნიმუშების და საფრენი აპარატების მიღებასთან დაკავშირებით.
მაშინ დიდი ძალისხმევის შედეგად პრობლემების მცირე ნაწილი სასამართლოს გზით მოგვარდა. ივანიშვილს წვდომა მის ძირითად აქტივებზე ამ დრომდე შეზღუდული აქვს. საადვოკატო ბიურომ ამ მოვლენას „არაფორმალური სანქციები“ უწოდა.
გამოქვეყნდა ივანიშვილის სასამართლო დავის ახალი დეტალები Credit Suisse-თან>>>
ამ შემთხვევაში საუბარია არა იმ თანხებზე, რომელიც ივანიშვილმა Credit Suisse-ის მენეჯერის პატრის ლესკოდრონის თაღლითური სქემის შედეგად დაკარგა. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მილიონი დოლარი გაქრა. წლების შემდეგ ბერმუდის კუნძულების უზენაესმა სასამართლომ შვეიცარიულ სადაზღვევო კომპანია Credit Suisse Life-ს დაავალა დაზარალებული მეანაბრეებისთვის ზარალის ანაზღაურება 607,35 მილიონი დოლარის ოდენობით.
ამჟამად საქმე ეხება თანხებს, რომელთაც თაღლითური სქემა არ შეხებია. ივანიშვილმა ამ თანხის ნაწილი სხვა შვეიცარიულ ბანკში გადაიტანა, ხოლო მცირე ნაწილი, დაახლოებით 5% Credit Suisse-ში დატოვა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო ფორმალური საჭიროება მიმდინარე დავების სიცოცხლისუნარიანობის უზრუნვესაყოფად.
სხვა ბანკში თანხების გადარიცხვის მიუხედავად, აქტივები ორი ტრასტის მეშვეობით იმართებოდა, რომლებიც ივანიშვილს იმავე Credit Suisse-მა ურჩია. ერთ-ერთი ტრასტი სინგაპურში მდებარეობს, მეორე კუნძულ გერნსის (დიდ ბრიტანეთს დაქვემდებარებული ტერიტორია) იურისდიქციას ეკუთვნის. ძირითადი თანხა სწორედ ამ უკანასკნელი ტრასტის მეშვეობით იმართება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს არის Credit Suisse-ის ტრასტი, იგი საკმაო ხნის განმავლობაში ასრულებდა თავის ფუნქციებს ივანიშვილისთვის დაბრკოლებების შექმნის გარეშე. პრობლემები 2022 წლის მარტში დაიწყო. თავდაპირველად ეს იყო გადარიცხვების ერთთვიანი დაგვიანება, ხოლო შემდეგ ივანიშვილის კუთვნილ თანხებზე წვდომის სრული ბლოკირება.
არჩილ თალაკვაძე: ივანიშვილის სასანქციო სიაში შეყვანა უსამართლობაა>>>
მარტში გერნსის ტრასტმა თანხების გადარიცხვაზე უარის მიზეზად „აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური ვითარება“ დაასახელა, მოგვიანებით კი გამოსავალი იპოვა ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციაში, რომელიც მოუწოდებდა ევროპულ საბჭოს დაეწესებინა სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ. ტრასტმა განაცხადა, რომ მზადაა გადარიცხოს თანხები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას სასამართლო დაავალდებულებს.
შედეგად, ივანიშვილის დაცვის მხარემ გერნსის სასამართლოს მიმართა. სასამართლო სხდომა, რომელიც 2022 წლის სექტემბერში უნდა გამართულიყო, რამდენჯერმე გადაიდო. პროცესი 2023 წლის მარტისთვის არის ჩანიშნული. საადვოკატო ბიურო არ გამორიცხავს, რომ კიდევ ერთხელ გადაიდოს ეს ფორმალური პროცედურა, რომელიც სასამართლო დავასაც კი არ წარმოადგენს და რომელსაც მხოლოდ ერთი დღე სჭირდება.
ამასობაში მეორე ტრასტმა, რომლის მართვაშიც გაცილებით მცირე თანხა იყო, ევროპარლამენტის მეორე, უფრო მკვეთრი რეზოლუციიდან მეორე დღესვე (14 დეკემბერს) ივანიშვილს თანხა გადაურიცხა.

„ეს არის ევროპარლამენტის რეზოლუციის რეალური „ფასი“ და ეს „ფასი“ იცის Credit Suisse-მაც. სწორი იქნებოდა, რომ ბანკს პირველ შემთხვევაშიც ისე ემოქმედა, როგორც იმოქმედა მეორე შემთხვევაში... ეს ყოველივე ნიშნავს და გულისხმობს, რომ პოლიტიკური შანტაჟი გრძელდება და, როგორც ჩანს, მომავალშიც გაგრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ივანიშვილის ინტერესების დამცველმა იურიდიულმა კომპანიამ დაარღვია სამთვიანი დუმილი განაცხადა რა, რომ Credit Suisse-ის (ერთ-ერთი უდიდესი საფინანსო ინსტიტუტი შვეიცარიაში და მსოფლიოში) მენეჯმენტი მთელი ამ ხნის განმავლობაში ქმნიდა მოლაპარაკების მცდელობის იმიტაციას.
„თუმცა, ახლა ჩვენთვის ცხადია, რომ ბანკის მენეჯმენტის მხრიდან მოლაპარაკების ილუზიის შექმნა სინამდვილეში პოლიტიკური ზეწოლის მიზანს ემსახურებოდა და არა რაიმე სხვას, თუნდაც ბანკისთვის რაიმე სარგებლის მიღებას“, – ნათქვამია MKD Law-ის განცხადებაში.
საადვოკატო ბიურო აპირებს საქმის ახალი დეტალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას არა მარტო ქართულ, არამედ დასავლურ მედიაშიც, თუ, რა თქმა უნდა, ამჯერად ეს მოხერხდება.
საერთაშორისო და შვეიცარიულმა მედია-საშუალებებმა, რომლებიც უპრობლემოდ აშუქებდნენ ინფორმაციას ბანკის დარღვევებთან, სასამართლოსა და მართლმსაჯულების ხარვეზებთან დაკავშირებით, ივანიშვილის დაცვის მხარის განცხადებებისთვის, რომელშიც საუბარი იყო თუ როგორ მოქმედებდა Credit Suisse-ის მენეჯმენტი ბანკის იმიჯის და შვეიცარიის სახელმწიფოს რეპუტაციის დასაზიანებლად და ჩართული იყო პოლიტიკურ ზეწოლაში, მედიასივრცე დახურეს, აღნიშნულია განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0