ინტიმური კადრებით შანტაჟი და გამოძალვა - საქართველოში 7 პირი ამხილეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2022
გამოწერა
აღნიშნულ პირებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტებზე შვიდი პირი ამხილა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ მოიპოვეს, გამოიყენეს და გაავრცელეს დაზარალებულების ინტიმური ხასიათის ფოტოები და სქესობრივი აქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რითაც ხელყვეს მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება და სქესობრივი ხელშეუხებლობა.
კერძოდ, 2022 წლის მაისში 45 წლის ბრალდებული სოციალური ქსელის მეშვეობით არასრულწლოვანს სექსუალური ცხოვრების დეტალებზე ესაუბრებოდა, უგზავნიდა სექსუალური აქტის და სხვა ინტიმური შინაარსის ამსახველ ვიდეოებს. ამასთან, თავად არასრულწლოვანსაც სთხოვდა მსგავსი ფოტოების და ვიდეოების გადაღებას.
გენერალური პროკურორი: ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული დანაშაული მეორდება>>>
ბრალდებულმა არასრულწლოვნის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერები უკანონოდ გაავრცელა, კერძოდ, გაუგზავნა დაზარალებულის თანაკლასელს, რითაც ხელყო პირადი ცხოვრების საიდუმლო და სქესობრივი ხელშეუხებლობა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 44 და 36 წლის ბრალდებულებმა 2022 წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში უკანონოდ მოიპოვეს და შეინახეს სხვა პირის შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები, რაც შანტაჟის მიზნით გაავრცელეს, კერძოდ, გაუგზავნეს დაზარალებულის ოჯახის წევრს.
გარდა ამისა, გამოძიების ცნობით, 29 წლის ბრალდებულმა მიმდინარე წლის სექტემბერში უკანონოდ მოიპოვა და უნებართვოდ ინახავდა დაზარალებულის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერს. ოქტომბრის განმავლობაში ის აღნიშნული ვიდეოების გასაჯაროების მუქარით დაზარალებულს თანხას სისტემატურად სძალავდა.
აღნიშნულ დანაშაულში ასევე მხილებულია სამი პირი, რომლებიც სხვადასხვა დროს თბილისსა და სამეგრელოში უკანონოდ იღებდნენ დაზარალებულებთან სქესობრივი აქტის ამსახველ ვიდეოებს და ინტიმური შინაარსის ფოტოებს, რომლებსაც მობილურ ტელეფონებში უკანონოდ ინახავდნენ. ამასთან, მათი გავრცელების მუქარით დაზარალებულებს ინტიმური ხასიათის ახალი ფოტოების გადაღებას და გადაგზავნას აიძულებდნენ.
პროკურატურამ ექვს პირს უკვე წარუდგინა ბრალდება „პირადი ცხოვრების ან პირადი მონაცემების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფის“ მუხლით. ხოლო ერთ-ერთ მათგანს, გარდა მითითებული მუხლისა, ბრალი „უხამსი ქმედების“ მუხლითაც აქვს წაყენებული.
დაკავებულებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ყველა ახალი ამბავი
0