თბილისის მერიამ ბინა 1 ლარად კიდევ 150 ოჯახს დაუკანონა

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2022
გამოწერა
დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი გრძელდება. მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებთ, საკუთარი რაიონის გამგეობებს უნდა მიმართონ.
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. დედაქალაქის მერიამ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადასცა, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
თბილისის რვა რაიონში მცხოვრებ 150 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები თბილისის მერმა კახა კალაძემ პირადად გადასცა.

„მინდა მივულოცო ამ ოჯახებს. ეს ოჯახები წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ იმ საცხოვრებელი ფართის დაკანონებას, სადაც ათეული წელია ცხოვრობენ. დამეთანხმებით, წინასაახალწლოდ ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. აღნიშნული პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, 2017 წელს დაწყებული პროგრამის ფარგლებში ამ დროისათვის საცხოვრებელი ფართებით 2,5 ათასზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინიციატივით მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობდნენ, დედაქალაქის მთავრობა საცხოვრებლებს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად უკანონებს.
საცხოვრებელ ფართში ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც მოხდება მოკვლევა. გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა, ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.
დედაქალაქის მერია კვლავ განაგრძობს წლობით დაუკანონებელი ფართების მოქალაქეებისთვის საკუთრებაში გადაცემის პროცესს, რათა კიდევ უფრო მეტმა ოჯახმა შეძლოს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართის, ბინის საკუთრებაში მიღება.
ყველა ახალი ამბავი
0