საქართველოს პრემიერმა ენერგეტიკის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა

© photo: Sputnik / Stringerელექტროგადამცემი ხაზი
ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2022
გამოწერა
НовостиTelegram
ევროპაში ელექტროენერგიის მიწოდება საქართველოს ასობით მილიონი დოლარის შემოსავალს მოუტანს, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. საქართველომ უნდა განავითაროს სიმძლავრეები, ააშენოს ქარის, მზის და თბოელექტროსადგურები, რათა ელექტროენერგია მიყიდოს ევროპის ქვეყნებს, რომლებიც ამჟამად ენერგეტიკულ კრიზისს განიცდიან, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის შეჯამებისას.
ღარიბაშვილის თქმით, ევროპის ქვეყნებში ერთი კილოვატი ელექტროენერგიის საშუალო ფასი 20 ცენტია. გერმანიაში ზაფხულის თვეებში 80 ცენტიც კი ფიქსირდებოდა, ზოგან იყო 50-60 ცენტი.
საქართველოში ფასი უფრო დაბალია, შესაბამისად, პრემიერის თქმით, აუცილებელია ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავების გაზრდა.
„კიდევ ერთხელ მინდა განვუმარტო ჩვენს საზოგადოებას, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის ენერგეტიკის განვითარება. ახლა ვუყურებთ რა ხდება ევროპაში - ენერგოკრიზისი, ფასების მატება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ევროპაში ელექტროენერგიის მიწოდება საქართველოს ასობით მილიონი დოლარის შემოსავალს მოუტანს, საბოლოოდ კი ეს დადებითად აისახება ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე.
„ენერგეტიკა ერთ-ერთი ძირითადი სფეროა, რომელიც უფრო მეტად უნდა განვავითაროთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა გავიმეორო, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით მეტი ძალისხმევის მიმართვა“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ბოლო 5 წელიწადში ამ სფეროში ინვესტიციები პრაქტიკულად შეწყდა.
„ჩემი დავალებით, აქტიურად ვიმუშავეთ IMF-თან (საერთაშორისო სავალუტო ფონდთან) და შევთანხმდით, რომ ახალ სქემას ავამოქმედებთ, ეს უკვე დამტკიცებულია მთავრობის მიერ. ჯამში 1500 მეგავატზე გამოვაცხადებთ ტენდერს. ამას გარდა, გაეშვება 800 მეგავატი, რომელზეც უკვე გაფორმებული და გაცემულია PPA ხელშეკრულებები (გარანტირებული შესყიდვების შესახებ)“, - განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, 2023 წელს გამოცხადდება დამატებითი ტენდერები როგორც ჰესების, ისე ქარისა და მზის ელექტროსადგურების მშენებლობაზე.
ასევე იგეგმება თბოელექტროსადგურების მშენებლობა.
უახლოეს ორ-სამ წელიწადში ინვესტიციების საერთო მოცულობა 3 მლრდ დოლარს შეადგენს.
ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების და დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად ღარიბაშვილს მნიშვნელოვნად მიაჩნია მთავრობის მიერ შემუშავებული მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1.500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.

ისტორიული პროექტი

ღარიბაშვილმა ყურაღება გაამახვილა ასევე ახლახან განხორციელებულ ვიზიტზე რუმინეთში, სადაც საფუძველი ჩაეყარა ისტორიულ პროექტს. საუბარია შეთანხმებაზე „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას გულისხმობს. აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა დოკუმენტს ხელი 17 დეკემბერს მოაწერეს.
პრემიერის თქმით, ეს თავიდან ბოლომდე საქართველოს ინიციატივაა.

„ჩვენ რუმინეთთან ერთად დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება, რომელსაც შეუერთდნენ აზერბაიჯანი, უნგრეთი, და სრული მხარდაჭერა აქვს ამ პროექტს ევროკავშირის მხრიდან... სულ მალე, რამდენიმე თვეში დასრულდება კვლევები და ამის შემდეგ ჩვენ აქტიურ სამუშაოებზე გადავალთ“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი თავისი მნიშვნელობით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტს შეადარა.
„შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ელექტროენერგიის გარანტირებული რეალიზაციის საშუალება, ეს არის ჩვენი ენერგოსისტემის პირდაპირი დაკავშირება ევროკავშირის ბაზართან, ევროკავშირის ენერგოსისტემასთან და, რა თქმა უნდა, ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი“, - განაცხადა მან.
შეთანხმების ფარგლებში ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს. ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას.
ყველა ახალი ამბავი
0