თორღვა პანკელის ასრულებული წყევლა: ამბავი გატეხილი ფიცისა და ხატის შურისძიებისა

CC BY-SA 3.0 / Wikipedia / ხორნაბუჯის ციხე
ხორნაბუჯის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2022
გამოწერა
ამაყ და დაუმორჩილებელ ქიზიყელთა მიწა-წყალზე დღესაც დგას ერთ დროს ცამდე აზიდული უძველესი ციხე-სიმაგრის — ხორნაბუჯის ნანგრევები. საქართველოს უძველესი ციტადელის სახელი ირანულია და „მზის საყრდენს“, „მზის ბურჯს“ ნიშნავს.
დროთა განმავლობაში ეს სტრატეგიული ციხე-სიმაგრე ხელიდან ხელში გადადიოდა და ასე მოაღწია XIII საუკუნემდე, როცა მახატლისძეთა საკუთრება შეიქნა.
დავით ულუს ერისთავი ბერი ხორნაბუჯელი (მახატლისძე) ერთ-ერთი გავლენიანი და მეფესთან დაახლოებული დიდგვაროვანი იყო. სვებედნიერ ერისთავს ყველაფერი გააჩნდა, რაც შეიძლებოდა ენატრა ადამიანს: ბრძოლებში მიღებული სახელი და დიდება, სამფლობელო, ქონება, ღირსეული მემკვიდრეები... მაგრამ დრო იყო დაუნდობელი და ულმობელი, ქვეყანა მონღოლთა ბატონობის ქვეშ გმინავდა და ბერი ხორნაბუჯელის ბედნიერებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა დაუსვა წერტილი.
ყველაფერი კი დავით ულუს (ლაშა-გიორგის ძე) „ოქროს ურდოს“ დიდ ყაენთან გამგზავრებით დაიწყო. მეფის არყოფნაში ქვეყანას დავითის პირველი ცოლი, დედოფალი ჯიგდა-ხათუნი და მისი ფავორიტი, მესტუმრე ჯიქური განაგებდნენ. წარმოშობით მონღოლი ჯიგდა-ხათუნი აქტიურად ჩაერთო სახელმწიფო საქმეებში, მთელი ქვეყანა მას ემორჩილებოდა, რეალურად მის ხელთ იყო იმდროინდელი საქართველოს ბედ-იღბალი.
გადმოცემით, ერთადერთი, ვინც მას ეურჩებოდა, დიდი ერისთავი თორღვა პანკელი ყოფილა. რა იყო გულზვიადი ერისთავის განდგომის მიზეზი, ზუსტად არაა ცნობილი, ისტორიულ წყაროებში ურიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციაა შემონახული.
ერთი ვერსიით, დიდი ერისთავი ვერ ეგუებოდა სამეფო კარზე აღზევებული უგვარო და მდაბიო ჯიქურის უფროსობას; მეორე ვერსიით, ავხორც ჯიგდა-ხათუნს მთიელი ჭაბუკი შეუყვარდა და ერთგულმა ერისთავმა მეფის სარეცლის შებღალვა ვერ აიტანა, რამაც ძალიან გაანაწყენა მონღოლი დედოფალი...
და როცა „ოქროს ურდოდან“ დაბრუნებულ მეფეს ერისთავები ეახლნენ, რათა შინ მშვიდობით დაბრუნება მიელოცათ, მხოლოდ თორღვა პანკელმა ვერ გაბედა ხელმწიფესთან გამოცხადება.
საკუთარ ციხე-სიმაგრეში ჩაიკეტა ერისთავი. კარგად იცოდა, რომ გულბოროტი დედოფალი შურს იძიებდა მასზე, რომ მალემრწმენი მეფის დაყოლიება ჯიგდა-ხათუნს არ გაუჭირდებოდა, ვინაიდან დიდი გავლენა ჰქონდა მბრძანებელ მეუღლეზე.
ხოლო თავად ხელმწიფეს სიმართლის თქმას ვერ შეჰკადრებდა. ამადაც, თავის მართლება არც უცდია თორღვას, კარგად გამაგრებულ ციხეში გამოიკეტა და საბრძოლველად მოემზადა.
ხოლო ბრძოლა გარდაუვალი იყო.
თორღვას პანკისის ხეობიდან გამოსატყუებლად მესტუმრე ჯიქურმა ვერაგული გეგმა მოიფიქრა. ერისთავთან დაახლოებული ბერი ხორნაბუჯელი იხმო და მეფის სახელით შუამავლობა სთხოვა. პანკისს მისულმა ხორნაბუჯელმა ერისთავს მეფისგან უვნებლობის გარანტია მისცა და პირობა ფიცით განამტკიცა:

„თორღუა რქუა: წარვალ ალავერდს გიორგის წინაშე და მუნ შემომფიცე, და მუნ მომინდევ“. და წარვიდეს ორნივე. ხოლო თორღუა გამოება ფესუსა სამოსლისა ალავერდის მთავარმოწამისასა. და მივიდა ხორნაბუჯელიცა, შეჰფიცა და გამოხსნა ფესვისაგან. ხოლო თორღუამან რქუა: „რა იგი ჰყო ჩემ ზედა, ამან წმინდამან გიორგი გიყოს შენ, რამეთუ მარტო ვარ, და სიკუდილითა ჩემითა უმკვიდრო იქმნების მამული ჩემი, ეგრეთვე უმკვიდრო ჰყოს წმინდამან მთავარმოწამემან სახლი შენი“.

ტაბახმელას მიიყვანა ხორნაბუჯელმა ხატის წინაშე დადებულ ფიცსა და მეფურ სიტყვას მინდობილი ერისთავი. მაგრამ მესტუმრე ჯიქურმა, მეფის ნებითა და დედოფლის ბრძანებით, ერთგულ მეომრებს შეაპყრობინა პანკელი, ფრიალო კლდის პირას მიაყვანინა და ღრმა უფსკრულში გადააჩეხინა...
სასტიკი გამოდგა ალავერდის წმინდა გიორგის ხატის შურისძიება! ძალიან მალე მოულოდნელად გარდაიცვალა ახალგაზრდა დედოფალი ჯიგდა-ხათუნი, ხოლო მესტუმრე ჯიქურმა თორღვა პანკელის ბედი გაიზიარა — მეფის ბრძანებით, გაკოჭილი ვეზირი ისნის ციხიდან მტკვარში გადააგდეს. მისი მიტოვებული ცხედარი მანამ ეგდო მტკვრის პირას ერთ ქვიან ადგილზე, სანამ ყვავ-ყორანმა არ დაჯიჯგნა ბოლომდე.
ვერც ხორნაბუჯელმა ვეღარ გაიხარა. მისი ორი შვილიშვილი, გვარის გამგრძელებლები უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. მაგრამ ამით არ დასრულებულა ოჯახის ტრაგედია.
1263 წლის გაზაფხულზე „ოქროს ურდოს“ დიდი მბრძანებელი ბერქა ყაენი სამასათასიანი ჯარით შირვანში შეიჭრა, იქიდან აპირებდა ილხანთა საყაენოს დალაშქვრას. მაგრამ მონღოლებმა ადიდებული მტკვრის გადალახვა ვერ მოახერხეს. მეგზურმა დიდ ყაენს ტფილისისკენ წასვლა და მეტეხის ხიდზე გადასვლა ურჩია და ურდოც ჩრდილოეთისკენ დაიძრა.
როდესაც უზარმაზარი ლაშქარი მახატლისძეთა სამფლობელოს მიუახლოვდა, ყათრების ქედზე ბერი ხორნაბუჯელის ვაჟი შალვა ერისთავი დაუხვდა 7 ათასი მეომრით. თავად ბერი ბრძოლის ველზე საომრად არ გავიდა, ალავერდის წმინდა გიორგის შურისძიებისა ეშინოდა, არ უნდოდა მის გამო სხვები დაღუპულიყვნენ.
ამაო გამოდგა მოხუცის სიფრთხილე, ბერქას ლაშქარმა ისე შემუსრა ხორნაბუჯელები, რომ ამბის წამღებიც არ დატოვა ცოცხალი. შვიდი ათასივე ქართველი ბრძოლის ველზე დაეცა, მათ შორის შალვა ხორნაბუჯელიც თავის სამ ვაჟთან ერთად.
სამი დღე ელოდა ლაშქრის დაბრუნებას ბერი ხორნაბუჯელი. ბოლოს მოთმინების ძაფი გაუწყდა, აიყოლია რამდენიმე ჭარმაგი კაცი და ბრძოლის ველს მიაშურა. ცხედრებით მოფენილ ველზე დიდხანს ეძება შვილისა და შვილიშვილების გვამები, მაგრამ ვერ იპოვა.
მერმე სიტყვის უთქმელად დაბრუნდა დაცარიელებულ ქალაქში, ყველაზე მაღალ კოშკზე ავიდა, ხელში ოთხი ანთებული სანთელი დაიჭირა და ზეცას შეჰღაღადა:

„ალავერდის წმინდა გიორგის ხატო, ხომ ბოლომდე მაჩვენე უბედურება ჩემი, ხომ იცი, უბრალო ვარ, მეფის ნდობამ წაბილწა სული ჩემი, ახლა მაკმარე სასჯელი დიდი, მიმიღე!“

და ფრიალო კბოდედან უფსკრულში გადაეშვა.
აღსრულდა წყევლა და ფიცი თორღვა პანკელისა — როგორც ის გადაეგო უშვილძიროდ, ისე პირწმინდად ამოწყდა მახატლისძეთა სახელოვანი გვარიც...
ყველა ახალი ამბავი
0