კრიმინალური თავსატეხი: გახმაურებულ საქმეში ზურაბ ჟვანიას პისტოლეტი ამოტივტივდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2022
გამოწერა
„კანონიერი ქურდების“ შვილები, დაკვეთილი მკვლელობები – ჩახლართულ სისხლის სამართლის საქმეში ახალი დეტალები გაჩნდა.
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეში ახალი დეტალები გაჩნდა – კანონიერი ქურდის „დათო ტბილისკის“ ვაჟების გუგა და დათა კაკულიების დაკავებიდან ექვს თვეში გაირკვა, რომ დაკავებისას ამოღებული ერთ-ერთი პისტოლეტი საქართველოს გარდაცვლილ პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას ეკუთვნოდა.
კანონიერი ქურდი „დათო ტბილისკი“ მოსკოვში მისი ავტომობილის აფეთქების დროს, 2001 წლის აგვისტოში დაიღუპა, ზურაბ ჟვანია – 2005 წლის თებერვალში. „დათო ტბილისკის“ ვაჟები დააკავეს 2022 წლის 30 მაისს – ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა–ტარების, ასევე საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტებზე.

„20 წლის წინაა დაკარგული ეს იარაღები და გამოძიებას მე უკვე ყველაფერი ვაცნობე. მგონია, რომ გაერკვევიან თვითონ ყველაფერში“, – განაცხადა ზურაბ ჟვანიას მეუღლემ ნინო ქადაგიძემ.

სასამართლოზე დადგინდა, რომ ძმებ კაკულიების ახლო მეგობარია ბესარიონ (ბუსა) ჟვანია, ხოლო მკვლელობის მცდელობის საქმის ე.წ. ოქროს მოწმე ტაქსის მძღოლი ლევან ვაჩნაძე ჟვანიების მეზობელიც აღმოჩნდა. ბუსა ჟვანია ამჟამად სასჯელს იხდის 22 წლის ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ბრალდებით (ლევან თოფაძე ყოფილი დეპუტატის, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილია).
როგორც ზურაბ ჟვანიას მეუღლე ამტკიცებს, მისი ვაჟი მამის იარაღს ძმებ კაკულიებს ვერ აჩუქებდა.

„ბუსა მაშინ ძალიან პატარა იყო და გამორიცხულია, რომ მას ვინმესთვის ეჩუქებინა ან მიეცა ეს იარაღი", – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

ჩახლართული საქმე

როგორც გამოძიება ამტკიცებს, 27 მაისს თბილისში, არაყიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე ბრალდებულმა ძმებმა ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს სერგო ქურთიაშვილს, ასევე ფეხში დაიჭრა იქვე მყოფი გიორგი კაჭკაჭიშვილი.
გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, კაკულიები შესაძლოა კავშირში არიან ახალგაზრდა პროგრამისტის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან, რომელიც „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას შვილი იყო. იმის შესახებ, რომ 22 წლის კვარაცხელიას მკვლელობა დაკვეთილი იყო, არაერთხელ განაცხადა მისმა დედამ იზა ომაძემ. მასმედიაში გავრცელებული ვარაუდით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა „დათო ტბილისკის“ მკვლელობასთან არის დაკავშირებული – არსებობს ვერსია, რომ „დათო ტბილისკის“ შვილებმა ნიკოს მკვლელობის დაკვეთით გია კვარაცხელიაზე შურისძიება განიზრახეს, რომელსაც აბრალებდნენ მამის მკვლელობას.
ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობა: ახალი ვერსიები >>
ქართული ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის შემქმნელის, 22 წლის პროგრამისტის მკვლელობა თბილისში 2021 წლის 15 სექტემბერს მოხდა. „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას ვაჟს ათზე მეტი ტყვია ესროლეს. ბრალდებულების – აკო ჭელიძის და გიორგი კავილაძის იდენტიფიცირება ვიდეკამერების ჩანაწერებით მოხდა. ისინი სპეცოპერაციის შედეგად წყნეთში, მიტოვებულ სახლში 7 ოქტომბერს დააკავეს.
აპრილის შუა რიცხვებში თბილისის საქალაქო სასამართლომ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამნაშავედ ცნო ნიკო კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. ჭელიძეს 17 წლით, ხოლო კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან აკავშირებენ კომპანია Silk Road Group-ის თანადამფუძნებლის ლევან კაჭარავას მკვლელობასაც, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში მოხდა.
ამ ვერსიით, კაჭარავა კანონიერ ქურდ „დათო ტბილისკისთან“ დაახლოებული პირი იყო და მან კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების ერევანში გამგზავრება დააფინანსა, სადაც ისინი „კანონიერი ქურდის“ ვაჟებს გუგა და დათა კაკულიებს შეხვდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0