ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობა: ახალი ვერსიები

© photo: Sputnik / Stringerიარაღი და დანაშაული
იარაღი და დანაშაული - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2022
გამოწერა
კაჭარავა თბილისში საკუთარ ავტომობილში პარასკევს ჩაცხრილეს
თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. მოკლული ბიზნესმენის, კომპანია Silk Road Group-ის თანადამფუძნებლის, ლევან კაჭარავას ოჯახი ვარაუდობს, რომ მკვლელობა უცხოეთში დაიგეგმა.
კაჭარავა საკუთარ ავტომობილში ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე 24 ივნისს ჩაცხრილეს. წინასწარი ინფორმაციით, მას 20 ტყვია ესროლეს. მსროლელის ძებნა გრძელდება.
„მე შემიძლია გითხრათ... ეს არის დაქირავებული ქილერი, ის უკვე საქართველოში ალბათ არ არის", - განუცხადა ჟურნალისტებს მოკლულის დედამ ელენე მხეიძემ და აღნიშნა, რომ ვარაუდობს, რომ მკვლელობა უცხოეთში დაიგეგმა.
მეორე ვერსიით, რომელიც მედიაში განიხილება, ბიზნესმენის მკვლელობა შესაძლოა უკავშირდებოდეს ახალგაზრდა პროგრამისტის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას, რომელიც კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას შვილი იყო.
ამ ვერსიით, კაჭარავა კანონიერი ქურდი „დათო ტბილისსკის“ დაახლოებული პირი იყო და მან კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების ერევანში გამგზავრება დააფინანსა, სადაც ისინი კანონიერი ქურდის ვაჟებს შეხვდნენ.
მედიის ვერსიით, ნიკო კვარაცხელიას „დათო ტბილისსკის“ მკვლელობასთან არის დაკავშირებული. და თითქოს „დათო ტბილისსკის“ შვილებმა ნიკოს მკვლელობის დაკვეთით გია კვარაცხელიას შურისძიება განიზრახეს.
ქართული ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის შემქმნელის, 22 წლის პროგრამისტის მკვლელობა თბილისში 2021 წლის 15 სექტემბერს მოხდა. „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას ვაჟს ათზე მეტი ტყვია ესროლეს. ბრალდებულების - აკო ჭელიძის და გიორგი კავილაძის იდენტიფიცირება ვიდეკამერების ჩანაწერებით მოხდა. ისინი სპეცოპერაციის შედეგად წყნეთში, მიტოვებულ სახლში 7 ოქტომბერს დააკავეს.
აპრილის შუა რიცხვებში თბილისის საქალაქო სასამართლომ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამნაშავედ ცნო ნიკო კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. ჭელიძეს 17 წლით, ხოლო კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული უარყოფს, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო >>
რაც შეეხება „დათო ტბილისსკის“ შვილებს, გუკა და დავით კაკულიებს, ისინიც დააკავეს და პატიმრობა შეეფარდათ. კაკულიებს ბრალი ედებათ ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, ასევე საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტებზე.
საუბარია ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე. 27 მაისს ვაკეში ორმა ნიღბიანმა პირმა, რომლებიც მოპედით გადაადგილდებოდნენ, დაახლოებით ათი ტყვია ესროლეს მანქანიდან გადმოსულ გიორგი კაჭკაჭიშვილსა და სერგი ქურთიაშვილს. ისინი ფეხებში არიან დაჭრილი.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი (სავარაუდოდ 2021 წლის 17 ივლისიდან 2022 წლის 26 მაისამდე პერიოდში), მართლსაწინააღმდეგოდ, ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ მათ მიერ ნაქირავებ ბინაში.
ყველა ახალი ამბავი
0