ამერიკელმა ექსპერტმა სასამართლოს სააკაშვილის დიაგნოზი გააცნო

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2022
გამოწერა
დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან" დისტანციურად ჩაერთო.
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ამერიკელი ექსპერტი, ფსიქიატრი ერიკ დევიდ გოლდსმიტი პირველი მოწმე გახდა.
გოლდსმიტი პროცესზე ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარემ მოიწვია. სანამ იგი კითხვებზე პასუხის გაცემას დაიწყებდა, ადვოკატმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა შუამდგომლობები დააყენეს.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის სამი ბიუროს მიერ ალტერნატიული ექსპერტიზების ჩატარების შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ამ ორგანიზაციებს უნდობლობა გამოუცხადა, რასაც მისი დაცვის ქვეშ მყოფმაც დაუჭირა მხარი. მოსამართლე გიორგი არევაძემ პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა.
ხაჭაპურიძემ, თავის მხრივ, დააყენა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მალხაზ ურთქმელიძის, როგორც მხარის, აცილების შუამდგომლობა. მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
სააკაშვილი არ მოუწამლავთ - პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი>>>
როგორც უფლებადამცველმა განაცხადა, ურთქმელიძე საქმის მოწმეა. გარდა ამისა, ის იყო გორის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი, სადაც მსჯავრდებული სააკაშვილი, მისი ადვოკატის თქმით, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა და ამ საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.
სასამართლო სხდომაზე სიტყვა გადაეცა თავად მსჯავრდებულს, რომელიც პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო. როდესაც სააკაშვილმა საუბარი უკრაინულ ენაზე დაიწყო, მოსამართლემ მას საუბარი შეაწყვეტინა და ქართულად საუბრისკენ მოუწოდა.
სააკაშვილმა ქართულ ენაზე საუბარზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ იგი უკრაინის მოქალაქეა. ამიტომ მოსამართლე გიორგი არევაძემ დისტანციური ჩართვის დროს ხმის გათიშვა მოითხოვა. შესვენების შემდეგ, როდესაც პროცესი განახლდა, ექს-პრეზიდენტმა საერთოდ უარი განაცხადა სასამართლო სხდომაში მონაწილეობაზე.
დაცვის მხარის არგუმენტები
როდესაც სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების საკითხის განხილვის ეტაპი დადგა, სიტყვა მის ადვოკატს შალვა ხაჭაპურიძეს მიეცა.

„პირველი მოთხოვნა – სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის შესაბამისად სააკაშვილის სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლებაა, რადგან იგი ავადაა და მისი ზოგიერთი დაავადება შეტანილია იმ მძიმე და განუკურნებელი დაავადებების ნუსხაში, რომელიც წარმოადგენს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების მოთხოვნის საფუძველს“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მეორე მოთხოვნა, როგორც ალტერნატივა, არის სასჯელის მოხდის გადავადება სააკაშვილის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებამდე – სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის შესაბამისად.
ადვოკატმა თავისი გამოსვლა მთლიანად სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის პერიოდს მიუძღვნა. ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილის უფლებები პატიმრობის პირველი დღეებიდან ირღვეოდა.
მან ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და სხვა ოფიციალური პირები სააკაშვილის დამცირების მიზნით პიარ-კამპანიაში დაადანაშაულა.
„უნიჭო სიმულაცია“ - ირაკლი კობახიძე სასამართლოში სააკაშვილის ჩართვაზე>>>
მან განსაკუთრებით აღნიშნა სააკაშვილის ციხეში შიმშილობის დროს პრემიერ-მინისტრის სიტყვები, რომ „ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება“. გარდა ამისა, სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების შემდეგ – რომ სააკაშვილი თითქოს შიმშილობს, სინამდვილეში კი ფაფას და თაფლს მიირთმევს, ექს-პრეზიდენტმა მათი მიღება შეწყვიტა. ადვოკატის თქმით, ეს პროდუქტები ექიმმა მოშიმშილე ადამიანებისთვის განკუთვნილი მენიუს მიხედვით დანიშნა.
ხაჭაპურიძის თქმით, სასამართლო ვალდებულია ხელისუფლების წარმომადგენლებს აუკრძალოს თავიანთ განცხადებებში სიძულვილის, შურისძიების, დამცირებისა და შეურაცხყოფის ენის შემცველი ეპითეტების გამოყენება.
ადვოკატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სიცოცხლისთვის სახიფათო ფაზაშია და იგი პატიმრობაში ყოფნის დროს დაავადდა.
დაავადებების მიზეზი, ადვოკატის თქმით, შეიძლება გამხდარიყო პატიმრის შიმშილობა ან არასწორი დიაგნოზი და არასწორი მედიკამენტოზური მკურნალობა, ისევე, როგორც ერთ-ერთ მძლავრ ფაქტორად შეიძლება გამხდარიყო ფსიქოლოგიური ზეწოლა. დაავადების ძირითადი მიზეზი კი განვითარდა ფსიქოლოგიური ტრავმისა და ტოქსიკოლოგიის შედეგად.
ადვოკატის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დასტურდება საქმეზე თანდართული ექსპერტების სამედიცინო დასკვნებითაც.
საქმე დემენციაშია
ექსპერტმა დევიდ გოლდსმიტმა სააკაშვილი 2022 წლის 29 აგვისტოს მოინახულა. როგორც მან პროცესზე განაცხადა, სააკაშვილს სწრაფად პროგრესირებადი დემენციის სიმპტომები აღენიშნება, რაც, დიდი ალბათობით, შეიძლება გამოწვეული იყოს სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მძიმე ლითონებით – ეს არის ვერცხლისწყალი და დარიშხანი.
სასჯელის გადახედვის შესახებ სასამართლო პროცესზე სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო>>>
ექს-პრეზიდენტს მოკლევადიანი მეხსიერების დაქვეითება აქვს და უჭირს ახალი ინფორმაციის აღქმა. მას კარგად ახსოვს წარსული მოვლენები, მაგრამ უჭირს ახალი ინფორმაციის დამახსოვრება, რაც ხშირია დემენციის მქონე პაციენტებში, განაცხადა გოლდსმიტმა.
ექსპერტის თქმით, კვლევებმა დაადასტურა თავის ტვინის პრეფრონტალური ქერქის თეთრი ნივთიერების დაზიანება.
ამასთან, მსჯავრდებულს აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. სააკაშვილმა ფსიქოლოგიური ტრავმა ციხეში მიიღო. გვერდითა საკნებში მყოფი პატიმრები მუდმივად ყვიროდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ სააკაშვილს, განაცხადა ექსპერტმა მსჯავრდებულ სააკაშვილზე დაყრდნობით.
გოლდსმიტის რეკომენდაციაა გაათავისუფლონ სააკაშვილი და გადაიყვანონ სპეციალიზებულ კლინიკაში აშშ-ში ან ევროპაში. იქ, საქართველოსგან განსხვავებით, არის მაღალი დონის სადიაგნოსტიკო საშუალებები, ასევე შესაძლებელია მძიმე ლითონებით დაბინძურებული თავის ტვინის პრობლემების მკურნალობა.
ამერიკელი ექსპერტის აზრით, ყოველი მომდევნო დღე იწვევს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის პროგრესირებას. გოლდსმიტი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს და ის მოკვდეს.
ადვოკატის კითხვაზე, ხომ არ სიმულანტობს სააკაშვილი, გოლდსმიტმა უარყოფითი პასუხი გასცა. ამასთან, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის კითხვაზე პასუხის გაცემისას მან შენელებული აზროვნებისა და ცუდი მეხსიერების სიმულაცია დაუშვა.
ყველა ახალი ამბავი
0