სააკაშვილი არ მოუწამლავთ - პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2022
გამოწერა
ცენტრ „ემპათიის“ დირექტორმა განაცხადა, რომ სააკაშვილის სისხლში აღმოაჩინეს ვერცხლისწყალი, დარიშხანი, თალიუმი და ტყვია.
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საუბარი მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ აბსურდულია – მსჯავრდებულის გამოკვლევის შედეგებზე ცენტრ „ემპათიის“ სამედიცინო დასკვნაში ნახსენები ნივთიერებები დასაშვებ ნორმებზეც კი დაბალია, განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ ურთქმელიძემ.
ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა ადრე განაცხადა, რომ თმის ტოქსიკოლოგიურმა ექსპერტიზამ სააკაშვილის ორგანიზმში მცირე რაოდენობით ოთხი ლითონის არსებობა აჩვენა – ვერცხლისწყლის, დარიშხანის, თალიუმისა და ტყვიის.
ურთქმელიძემ ჟურნალისტებს აშშ-ის ერთ-ერთ ლაბორატორიაში ჩატარებული ტოქსიკოლოგიური კვლევის დასკვნა აჩვენა, რომელიც, მისი თქმით, ცენტრმა „ემპათიამ“ წარადგინა.

„არავითარი მოწამვლა, მათივე საბუთებითაც კი არ დასტურდება... მთელი პასუხისმგებლობით ვიმეორებ: მათ მიერვე მოწოდებული ინფორმაციით, არცერთი მაჩვენებელი არ სცდება ნორმას და არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ“, – განაცხადა ურთქმელიძემ.

ამასთან, მან გაუგებარი უწოდა იმას, რომ ამ ფონზე სააკაშვილი ანალიზების ჩაბარებაზე უარს აცხადებს.
„რადგან ასეთი რამ გაჟღერდა, მივმართეთ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, თუმცა ნიმუშების მოცემაზე მსჯავრდებულმა უარი განაცხადა. თუ გვინდა ობიექტურობასთან ახლოს მივიდეთ და გვინდა დავადასტუროთ, არის თუ არა აქ რაიმე, მაშინ რას ემსახურება ანალიზის არმიცემა, გაუგებარია“, – განაცხადა ურთქმელიძემ.
მისი თქმით, ყველა ადამიანს აქვს სისხლში, თმაში და ყველა ბიოლოგიურ სითხეში ესა თუ ის ნივთიერება, მაგრამ ეს მოწამვლას არ ნიშნავს. „ვივამედის“ მონაცემებით, სააკაშვილის თმაში აღმოაჩინეს ვერცხლისწყალი, ბისმუტი და ბარიუმი, ფრჩხილში კი კადმიუმი და მაგნიუმი.
„არ ვეთანხმები" - ელისაშვილი სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანაზე>>
სააკაშვილმა სამშაბათს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განუცხადა. სამსახური მის ორგანიზმში მძიმე ლითონების მოხვედრისა და შესაძლო ინტოქსიკაციის ფაქტის შესწავლას აპირებს.
სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ მას არ მიუღია არც დადგენილება, არც მიმართვა ამის თაობაზე. მისი თქმით, პაციენტთან „მიდის ვიღაც თანამშრომელი“ და ხან სისხლს ითხოვენ, ხან თმას და ხან ფრჩხილს.
ხაჭაპურიძემ აღნიშნა, რომ დამატებით ჩასატარებელია ხუთი გამოკვლევა, რომლებიც საქართველოში არ ტარდება.
ერთი მსჯავრდებული, ორი პოზიცია
კლინიკა „ვივამედის“ ექიმების გარდა, სააკაშვილი გამოიკვლია ომბუდსმენის აპარატთან შექმნილმა ექსპერტების ორმა ჯგუფმა და ასევე ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათიამ“ უცხოელ ექიმებთან ერთად.
ექიმები აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა და ამ ეტაპზე ფასდება როგორც „მძიმე“. აქედან გამომდინარე, ისინი მოითხოვენ ექს-პრეზიდენტისთვის სასჯელის გაუქმებას ან გადავადებას, რათა სააკაშვილმა უცხოეთში საჭირო მკურნალობის ჩატარება შეძლოს.
რატი ბრეგაძე: სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში მოქმედებს>>
ექსპერტთა ჯგუფების სამედიცინო დასკვნებში ნათქვამია, რომ წინა გამოკვლევასთან შედარებით სახეზეა გაუარესება – ენცეფალოპათია, სენსომოტორული ნეიროპათია, ანემია, კახექსია, რაც თავისთავად მძიმე პროგნოზის მქონე მდგომარეობაა. ექიმების თქმით, ექს-პრეზიდენტს აღენიშნება ტემპერატურის მატება, გასტროენტეროლოგიური და მხედველობის პრობლემები, მეხსიერების დაქვეითება, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი.
ომბუდსმენის აპარატის განცხადების თანახმად, ექსპერტების 2022 წლის 6 დეკემბრის დასკვნა დამატებით დიაგნოზსაც მოიცავს, მაგრამ ის, სენსიტიური ხასიათის გამო, არ გამოქვეყნდა. მიუხედავად ამისა, ინფორმაცია ამ დასკვნის შესახებ წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, თუ სააკაშვილი არ შეწყვეტს სიმულანტობას, სამინისტრო იძულებული იქნება, გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანს, როგორ უშლის ექს-პრეზიდენტი ხელს ექიმებსა და სასამართლოს მუშაობაში.
მინისტრმა პირობა შეასრულა. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის გამოგზავნაში უკრაინის ხელისუფლება მონაწილეობდა>>
სააკაშვილის თანამებრძოლებმა და მომხრეებმა სამინისტრო ადამიანის პირადი ცხოვრების კადრების უკანონო გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს. საკითხს უკვე სწავლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0