ვინ ლიდერობს რეგიონში?

© Sputnik / Alexander Imedashviliევროპის მოედანი თბილისში
ევროპის მოედანი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2022
გამოწერა
ეკონომიკური ზრდის არსებული პარამეტრები და საპროგნოზო მაჩვენებლები, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის დინამიკა პანდემიის პირველი წლიდან მიმდინარე წლის ათი თვის პერიოდში...
გადავწყვიტე წინამდებარე სტატიაში ჩვენი სამეზობლოს, უფრო ზუსტად კი, სამხრეთ კავკასიის რეგიონის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მიმოვიხილო. არ იფიქროთ, საქართველოს ეკონომიკურ თავგადასავალს გვერდს ავუვლი. ჩემი მიზანია ერთი მთლიანი სურათი წარმოვაჩინო. თანმიმდევრულად მივყვები და ვნახოთ, რა გამოვა.
გასული წელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური სისტემებისთვის პრობლემური და მძიმე გამოდგა, რაც ძირითადად გარე ფაქტორმა, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულმა გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა განაპირობა. საკმარისია სტატისტიკას გადავხედოთ და დავინახავთ, რომ მიმდინარე წელს მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა.
ანალიტიკური წრეების წარმომადგენლების შეფასებით, ეს პოზიტიური ცვლილება დიდწილად რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტით გამოწვეული მიგრაციული ნაკადის მკვეთრი ზრდის შედეგია. როგორც რეგიონის ქვეყნების ანალიტიკოსები, ისე საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტების ექსპერტები აცხადებენ, რომ მიგრაციული ნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა განსაკუთრებით სომხეთისა და საქართველოს ეკონომიკაზე აისახა. მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში სომხეთმა რუსეთის ფედერაციიდან 2,3 მილიარდი დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი მიიღო, ხოლო საქართველომ − 1,1 მილიარდი დოლარი. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ნოემბერში რუსეთის ფედერაციიდან ფულადი გზავნილების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი, 316 მილიონი დოლარი დაფიქსირდა.
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2022
რა იქნება ხვალ, ანუ კიდევ რამდენ ხანს იგუგუნებს ეკონომიკა?
COVID-19-ის პანდემია და რეგიონის სახელმწიფოთა მთავრობების მიერ ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვები, ლოგიკურია, ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახა. პანდემიის პირველ წელს გლობალური ეკონომიკა 3,4 პროცენტით შემცირდა, ხოლო სამხრეთ კავკასიის ეკონომიკამ 5,3 პროცენტით დაიკლო, რაც, ანალიტიკოსთა შეფასებით, მხოლოდ COVID-19-ის პანდემიისა და მისი თანმხლები პროცესების შედეგი არ იყო. კერძოდ, 2020 წელს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკურმა სისტემებმა დამატებით რამდენიმე დარტყმა მიიღეს. მათ შორის: პანდემიის დაწყებამდე მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა; „ლოკდაუნი“; ყარაბაღში სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტი; პოლიტიკური არასტაბილურობა სომხეთსა და საქართველოში. სწორედ ეს იყო ის ძირითადი ფაქტორები, რაც COVID-19-ის პანდემიის პარალელურად ჩვენს რეგიონში მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე უარყოფითად აისახა.
სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკონომიკის აღდგენა პანდემიის მეორე წლიდან დაიწყო. გასულ წელს ის 6,3 პროცენტით გაიზარდა და მოცულობამ პანდემიამდე არსებულ ნიშნულს 0,7 პროცენტით გადააჭარბა. ანალიტიკური წრეების შეფასებით, ჩვენს რეგიონში ეკონომიკის აღდგენა დიდწილად საქართველოს უკავშირდება. კი, მაგრამ, რატომ? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი და, რა გაეწყობა, განვმარტავ: შარშან საქართველოში ეკონომიკა 10,4 პროცენტით გაიზარდა, რაც პანდემიამდელი პერიოდის, 2019 წლის მაჩვენებელზე 2,9 პროცენტით მეტია. ანალიტიკოსების თქმით, მიმდინარე წლის რეალური ეკონომიკური ზრდის დასადგენად მნიშვნელოვანია არსებული მონაცემის სწორედ პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებლებთან შედარება, რაც საბაზისო ეფექტის გამორიცხვის საშუალებას იძლევა.
ეროვნული ბანკის და იუსტიციის სახლის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2022
რატომ და როგორ ეპრანჭება ბაჭია საბანკო სექტორს
გასულ წელს საქართველოს ეკონომიკის აღდგენის ტემპი გაცილებით უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გათვალა. ეკონომიკის აღდგენის ეს ტემპი მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. პირველ ათ თვეში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში ეკონომიკა საშუალოდ 9,3 პროცენტით გაიზარდა.
დროა მეზობელი სახელმწიფოების ეკონომიკური ზრდის პარამეტრებიც მიმოვიხილო.
აზერბაიჯანის ეკონომიკა პანდემიურ წელს 4,3 პროცენტით შემცირდა. ეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში საუკეთესო შედეგი იყო. გასულ წელს კი აზერბაიჯანის ეკონომიკა 5,6 პროცენტით გაიზარდა. გასულ წელს აზერბაიჯანის ეკონომიკის რეალური მოცულობა პანდემიამდელ ნიშნულს 1,1 პროცენტით აჭარბებდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანის რეალური ეკონომიკის მოცულობა პანდემიამდელ პერიოდს 7,7 პროცენტით აღემატებოდა, რაც, არსებითად, მარტის თვეში ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის შედეგი იყო. უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შედეგად ფასი ნავთობზე გაიზარდა. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანის ეკონომიკაში ნავთობისა და გაზის ინდუსტრია პრიორიტეტული და წამყვანი დარგია. მდგომარეობა აპრილშიც არ შეცვლილა, იანვარი–მაისში ეკონომიკის ზრდამ 7,2 პროცენტი შეადგინა. უკვე მიმდინარე წლის პირველ ათი თვეში აზერბაიჯანის ეკონომიკის ზრდა 5,6 პროცენტია, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0,7 პროცენტით მეტია.
განვლილი პერიოდი განსაკუთრებით რთული სომხეთისთვის იყო, რადგან ეკონომიკა იქ პანდემიის პირველ წელს 7,4 პროცენტით შემცირდა, ხოლო გასული წლის ეკონომიკურმა ზრდამ მხოლოდ 5,8 პროცენტი შეადგინა. ასე რომ, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, გასულ წელს სომხეთის რეალური ეკონომიკის მოცულობა 2 პროცენტით ნაკლები იყო.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2023
რაზე მიანიშნებს ინფლაციის ნიშნული?
საგულისხმოა, რომ ეკონომიკის აღდგენის თვალსაზრისით სომხეთში არასახარბიელო ვითარება პანდემიის შემდგომ პერიოდშიც იყო. COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გარდა, სომხეთის ეკონომიკური ზრდის ტემპზე უარყოფითი გავლენა, რა თქმა უნდა, ყარაბაღში აზერბაიჯანთან სამხედრო კონფლიქტს ჰქონდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სომხეთის ეკონომიკის ზრდა 9,6 პროცენტი იყო, რაც პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 7,4 პროცენტით მეტია. მაისიდან ეკონომიკის ზრდის ტემპი უფრო მაღალია. ამ პერიოდში ეკონომიკური ზრდის ნიშნულმა 13,0 პროცენტს მიაღწია, ხოლო უკვე ივნისსა და ივლისში, შესაბამისად, 18,3 და 19,4 პროცენტი იყო. აგვისტოში სომხეთის ეკონომიკა 18,5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სექტემბერში 14,6 პროცენტს აღწევდა. ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სომხეთის ეკონომიკა 17,5 პროცენტით მეტი იყო. მიმდინარე წლის ათ თვეში კი სომხეთში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 14,5 პროცენტს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 10,2 პროცენტით აღემატება. სტატისტიკური მაჩვენებლებით ირკვევა, რომ სომხეთის ეკონომიკა რეგიონში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.
საერთო ჯამში, გასულ წელს საქართველოსა და აზერბაიჯანში ეკონომიკის აღდგენის ტემპი, სომხეთთან შედარებით, ბევრად პოზიტიური იყო, ხოლო მიმდინარე წელი სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის კარგად დაიწყო. მართალია, თებერვალში რუსეთი-უკრაინის სამხედრო დაპირისპირებამ გლობალურად ეკონომიკური ვითარება გააუარესა, მაგრამ მიგრაციული ნაკადების ზრდის გამო რეგიონის ქვეყნების ეკონომიკაზე დადებითად აისახა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, მართალია, მიმდინარე წლის იანვარი–ოქტომბერში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია, საერთაშორისო საფინანსო და ეკონომიკური ინსტიტუტების წლიური საპროგნოზო ნიშნულები შედარებით დაბალია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 9,0 პროცენტით გაიზრდება, რაც ამავე ორგანიზაციის ადრინდელ პროგნოზთან შედარებით 3,5 პროცენტით მეტია. საერთაშორისო სავალუტო ფონდი სომხეთში ეკონომიკის ზრდას 11,0 პროცენტის, ხოლო აზერბაიჯანში 3,7 პროცენტის ფარგლებში პროგნოზირებს.
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2023
რატომ? ეკონომიკა ხომ დუღს?!
აქ წერტილის დასმას ვაპირებდი, როდესაც შევიტყვე, რომ აზიის განვითარების ბანკმა კავკასიისა და ცენტრალური აზიის მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 3,9 პროცენტიდან 4,8 პროცენტამდე გაზარდა. ამავე დროს, აზიის განვითარების ბანკის მთავარი ეკონომისტის ალბერტ პარკის შეფასებით, აზია–წყნარი ოკეანის რეგიონი განაგრძობს გაჯანსაღებას, მაგრამ გლობალური პირობების გაუარესება იმას ნიშნავს, რომ ახალი წლის მოახლოებასთან ერთად რეგიონის ინერცია იკლებს. შესაბამისად, მთავრობებმა ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ, რათა გადალახონ COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევები, აღმოფხვრან სურსათსა და ენერგიაზე მომატებული ფასების შედეგები და უზრუნველყონ ეკონომიკის მდგრადი, ინკლუზიური აღდგენა.
დღეისათვის სულ ეს იყო. საფინანსო-ეკონომიკური სიახლეების მიმოხილვით მალე დაგიბრუნდებით.
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0