რა იქნება ხვალ, ანუ კიდევ რამდენ ხანს იგუგუნებს ეკონომიკა?

© photo: Sputnik / Stringerთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2022
გამოწერა
მთავრობა ეკონომიკური ზრდის ტემპის მატებას მოელის, ექსპერტების პროგნოზი უფრო მოკრძალებულია. ინფლაცია, მომავალი წლის ბიუჯეტის რამდენიმე ძირითადი პარამეტრი, საგარეო ვაჭრობის არსებული და შესაძლო დინამიკა, ეკონომიკის გამოწვევები და ექსპერტთა ვარაუდები...
დარწმუნებული ვარ, მკითხველი ჩემი ყოველი მომდევნო სტატიით მიმდინარე წლის ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური სისტემის პარამეტრების შეჯამებას ელოდება. კაცმა რომ თქვას, მოლოდინი უსაფუძვლო არ არის, დროა ასეთი, თუმცა ერთხანს კიდევ მოვიცდი და თქვენს ყურადღებას, წინა სტატიისა არ იყოს, ამჯერადაც მომავლისკენ მივაპყრობ. წინ გავიხედოთ, წინ! იმაზე საუბარს, რაც უკვე იყო, ყოველთვის მოვასწრებთ. მთავარია მომავლის იმედი არ მოგვიშალოს ღმერთმა.
ეროვნული ბანკის და იუსტიციის სახლის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2022
რატომ და როგორ ეპრანჭება ბაჭია საბანკო სექტორს
მაშ ასე, მინდა გაგახაროთ, მთავრობა წელს ქვეყნის ეკონომიკის უფრო მაღალ ზრდას მოელის, რაზეც მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში შეტანილი ცვლილებებიც ადასტურებს. დოკუმენტის თანახმად, თუ ბოლო პროგნოზით მთავრობა მიმდინარე წელს ეკონომიკურ ზრდას 8,5 პროცენტის ფარგლებში ვარაუდობდა, განახლებული პროგნოზით მთავრობა ელის, რომ საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა 10 პროცენტით გაიზრდება. ასე არ ჯობია?! სავარაუდოდ, მკითხველი რეპლიკაზე რეპლიკით მიპასუხებს. − რავა არა?!
ანალიტიკოსები ეკონომიკური ზრდის კუთხით მთავრობის გაზრდილ მოლოდინებს ბოლო დროს საგრძნობლად გაუმჯობესებულ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს უკავშირებენ, რაც, მათი თქმით, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილზეც აისახა. კერძოდ, მხოლოდ გასულ თვეში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების ფაქტობრივმა მაჩვენებელმა 1.747 მილიონი ლარი შეადგინა, ანუ გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელზე – 1.473 მილიონ ლარზე 18,6 პროცენტით მეტი. ოქტომბერში, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები წლიურად 35,3 პროცენტით, ხოლო ხარჯები 9,8 პროცენტით გაიზარდა.
არახალია, მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს. ბოლო პერიოდში არაერთხელ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრისა და ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლების შესაბამისი განცხადებები. სამართლიანობა მოითხოვს და უნდა ითქვას, პოზიტიურია წამყვანი საერთაშორისო საფინანსო თუ ეკონომიკური ინსტიტუტების ექსპერტთა შეფასებები და მოლოდინებიც.
ქვეყნის შიგნით აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მართალია, საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს არსებითად პოზიტიურად აფასებენ, მაგრამ მომდევნო ექვსი თვის პერიოდზე მათი მოლოდინი უარყოფითია. ამის შესახებ ნათქვამია საკონსულტაციო სააგენტო „პიემსის“ კვლევითი ცენტრის ანგარიშში „საქართველოს ეკონომიკური კლიმატი“. კვლევა, რომელშიც საქართველოდან სამოცი ექსპერტი მონაწილეობდა, ნოემბერში ჩატარდა.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2023
რაზე მიანიშნებს ინფლაციის ნიშნული?
კვლევის შედეგებით, მიმდინარე წლის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი საშუალოდ 9,5 პროცენტია, თუმცა დოკუმენტში მხოლოდ ეკონომიკური ზრდის შესაძლო პარამეტრები როდია მოცემული. როგორც ეს მოსალოდნელი იყო, კვლევითმა ჯგუფმა ყურადღება ჩვენი დროების გლობალურ პრობლემაზე გაამახვილა. მოგეხსენებათ, ქვეყანაში, სადაც ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტია, გასული წლის გაზაფხულიდან მოყოლებული ორნიშნა ინფლაციაა, შესაბამისად, ექსპერტებმა შეაფასეს, თუ რომელი იქნება ყველაზე ეფექტიანი ნაბიჯი ქვეყანაში მზარდი ინფლაციის დასაძლევად.
კვლევაში მონაწილე ექსპერტების ვარაუდით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ინფლაცია შემცირდება. ამასთან ერთად, მათი თითქმის 90 პროცენტი ფიქრობს, რომ მაღალი ინფლაცია ქვეყნის ეკონომიკისთვის ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეა. შესაძლოა სწორედ ამიტომ ექსპერტების 94 პროცენტს მიაჩნია, რომ ორნიშნა ინფლაციის შეჩერების ყველაზე ეფექტური საშუალება კიდევ უფრო მკაცრი ფისკალური პოლიტიკაა. ექსპერტების 89 პროცენტი კი ვარაუდობს, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი ინფლაციას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით დაამარცხებენ. ამავე დროს, რესპონდენტებმა ხელფასებისა და ფასების კონტროლი ორნიშნა ინფლაციასთან ბრძოლის არაეფექტიან, ან ძალიან დაბალი ეფექტიანობის მქონე საშუალებად შეაფასეს. ამავე კვლევის შედეგებით, ექსპერტების 70 პროცენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ინფლაციის წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღება საჭირო აღარ არის და ზეწოლა, რომელიც მაღალ ინფლაციას იწვევს, დროთა განმავლობაში თავად გაივლის.
მზარდი ინფლაციის პირობებში ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შეფასებისას და მომავალში უწყების შესაძლო გადაწყვეტილების პროგნოზირებისას საგულისხმო უნდა იყოს ქვეყნის მთავარი ბანკირის კობა გვენეტაძის მიერ პარლამენტში 2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა წარდგენისას გამოთქმული მოსაზრები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხაზგასმით განაცხადა, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ ინფლაციური პროცესები შეანელა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ამ პოლიტიკის გადახედვა არ იგეგმება, რაც თანამედროვე მსოფლიოში არსებული გამოწვევების ლოგიკური შედეგია.
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2023
რატომ? ეკონომიკა ხომ დუღს?!
ექსპერტებმა არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებასა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინის დაფიქსირებასთან ერთად, ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების პროგნოზი გააკეთეს. გამოკითხვის შედეგებით, უახლოეს ექვს თვეში, წინა ექვს თვესთან შედარებით, მოსალოდნელია ექსპორტის მოცულობის ზრდა, ამავე პერიოდში ასევე მოსალოდნელია იმპორტის მოცულობის ზრდაც. ამავე დროს, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, მომდევნო ექვს თვეში, წინა ექვს თვესთან შედარებით, მოსალოდნელია ექსპორტის მოცულობის უფრო ნაკლებად ზრდა, ვიდრე იმპორტისა, რაც სავაჭრო ბალანსის გაუარესებას გამოიწვევს.
რაკი სიტყვა ექსპორტ-იმპორტის შესაძლო მაჩვენებლებზე ჩამოვარდა, კარგი იქნება, მიმდინარე წლის თერთმეტი თვის სტატისტიკურ მონაცემებსაც გადავხედოთ. დეტალური მონაცემები ამ დღეებში გამოქვეყნდება. მანამდე კი „საქსტატის“ მიერ უკვე გასაჯაროებულ მაჩვენებლებს წარმოგიდგენთ. მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17.023,0 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 32,2 პროცენტით მეტია. „საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 5.037,1 მილიონი დოლარი, 31,8 პროცენტით მეტი იყო, იმპორტი – 11.985,9 მილიონი დოლარი, 32,5 პროცენტით მეტი. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა საანგარიშო პერიოდში 6.948,9 მილიონი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40,8 პროცენტი შეადგინა.
კვლევის შედეგებს დავუბრუნდეთ. მოგეხსენებათ, საბიუჯეტო პროცესი დასასრულს უახლოვდება. პარლამენტის დეპუტატები 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობენ. მომავალი წლის მთავარი საფინანსო-პოლიტიკური დოკუმენტის ძირითადი პარამეტრები კვლევაში მონაწილე ექსპერტებმაც შეაფასეს.
ქართული ლარი და კალკულატორები - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2023
რა უნდა იცოდე მარყუჟში თავის გაყოფამდე, ანუ ფულის სესხებამდე წასაკითხი
გამოკითხული ექსპერტების 78 პროცენტი ფიქრობს, რომ სახელმწიფო ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდების 38,8 პროცენტზე განსაზღვრა რაციონალურია. ექსპერტთა 70 პროცენტი აცხადებს, რომ ბიუჯეტის დეფიციტის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის 2,9 პროცენტზე გაანგარიშებაც სწორი გადაწყვეტილებაა. გამოკითხულთა ნახევარზე ნაკლები, 47 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ 18,4 მილიარდი ლარის ოდენობის საგადასახადო შემოსავლები ძალიან მაღალი ნიშნულია და უფრო დაბალი უნდა იყოს.
და, ბოლოს, კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების საქართველოში იმიგრაციის გაზრდილ მაჩვენებელს უკავშირდება. კვლევაში მონაწილე ექსპერტების 50 პროცენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციიდან მოქალაქეების იმიგრაცია საქართველოში ამჟამად ქვეყნის ეკონომიკისთვის მხოლოდ დაბალ ან ძალიან დაბალ საფრთხეს წარმოადგენს. რესპონდენტთა ნახევარზე მეტი, 61 პროცენტი კი ფიქრობს, რომ შრომითი ემიგრაცია ქვეყნის ეკონომიკისთვის მაღალი ან ძალიან დიდი მნიშვნელობის საფრთხეა. გამოკითხულ ექსპერტთა 11 პროცენტის შეფასებით კი, შრომითი ემიგრაცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის საერთოდ არ წარმოადგენს საფრთხეს.
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0