კომპანია, რომელიც ვაკის პარკში სასტუმროს აშენებას გეგმავდა, სამ მილიონამდე დოლარს მიიღებს

© Sputnik / Viktor Kaminskyთბილისი - ვაკის რაიონი
თბილისი - ვაკის რაიონი - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2022
გამოწერა
აღნიშნული ტერიტორია კვლავ ვაკის პარკს შეუერთდება, თუმცა რა ფორმით, ჯერჯერობით უცნობია.
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. კომპანია ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორიის სანაცვლოდ 2,8 მლნ დოლარს მიიღებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, აღნიშნული თანხა თითქმის 3 მლნ დოლარით ნაკლებია იმ ფასზე, რომელსაც კომპანია კომპენსაციის სახით ითხოვდა. კომპანია 5,7 მლნ დოლარს მოითხოვდა, რაც მერიისთვის მიუღებელი იყო.

„პირველად 2013 წელს, როდესაც დედაქალაქის მერი გიგი უგულავა იყო, მან გასცა ზონალური შეთანხმება ამ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი შენობის მშენებლობის შესახებ. ბევრი ადამიანი აპროტესტებდა აღნიშნულ ფაქტს. ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ამ საკითხზე ვმუშაობდით“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა ვიცე-მერ ანდრია ბასილაიას დაავალა აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება და იმის განსაზღვრა, თუ რა სახით უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული სივრცე ვაკის პარკს.
„მწვანე“ აქტივისტები არაერთი წელი იცავდნენ ვაკის პარკს. გარემოსდამცველებმა სასამართლოსაც მიმართეს მას შემდეგ, რაც 2013 წელს მერიამ 8-9-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე უვადო ნებართვა გასცა. იმ დროს მერიას მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი გიგი უგულავა ხელმძღვანელობდა.
ვაკის პარკში სასტუმროს ნაცვლად რესტორანი აშენდება? ინვესტორის შეთავაზება და მერიის რეაქცია>>>
რაც შეეხება სასამართლოს, სამივე ინსტანციამ მიიჩნია, რომ მერია კანონის დაცვით მოქმედებდა და ამიტომაც მხარი ინვესტორს დაუჭირეს.
ვიდრე საქმე სასამართლოებში იხილებოდა, მშენებლობა შეჩერებული იყო, მაგრამ როგორც კი უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, საკითხი კვლავ აქტუალური გახდა და თბილისის მერიამ სწრაფად მოქმედება დაიწყო. თბილისის ახალმა მერმა პირობა დადო, რომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას არ დაუშვებდა.
ვაკის პარკი 1946 წელს გაიხსნა. 2017 წელს ვაკის პარკის ტერიტორია გაფართოვდა და მან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო. ვაკის პარკს კუს ტბის ტერიტორია შემოუერთდა და მისი საზღვრები 18-დან 34 ჰექტრამდე გაიზარდა.
ყველა ახალი ამბავი
0