ვაკის პარკში სასტუმროს ნაცვლად რესტორანი აშენდება? ინვესტორის შეთავაზება და მერიის რეაქცია

გამოწერა
მერიისთვის მიუღებელია ვაკის პარკში სასტუმროს ან რესტორნის აშენება - ინვესტორს მსგავსი ობიექტების არარეკრეაციულ ზონაში აგებას სთავაზობენ

თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. ინვესტორი გიორგი ზაქაიძე თბილისის მერიას სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ნაცვლად ვაკის პარკში 1958 წელს აშენებული იმავე სახელწოდების რესტორნის ისტორიული ფასადის აღდგენას სთავაზობს.

სასტუმრო არ იქნება! თბილისის მერიამ თავისას მიაღწია >>

თბილისის მერიამ ინვესტორს ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვაზე უარი უთხრა. ქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ინვესტორს შესთავაზეს ორი ალტერნატიული ვარიანტი - სასტუმროს აშენება სხვა ტერიტორიაზე ან ობიექტის მერიისთვის მიყიდვა. ადრე ზაქაიძე აცხადებდა, რომ არცერთ პირობას არ დასთანხმდებოდა და მერიისგან მშენებლობის ნებართვის განახლებას ითხოვდა.

„ბუდაპეშტის“ რთული ბედი

„მწვანე“ აქტივისტები არაერთი წელი იცავდნენ ვაკის პარკს. გარემოსდამცველებმა სასამართლოს მიმართეს მას შემდეგ, რაც 2013 წელს მერიამ 8-9-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე უვადო ნებართვა გასცა. იმ დროს მერიას მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი გიგი უგულავა ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება სასამართლოს, სამივე ინსტანციამ მიიჩნია, რომ მერია კანონის დაცვით მოქმედებდა და ამიტომაც მხარი ინვესტორს დაუჭირეს.

ვიდრე საქმე სასამართლოებში იხილებოდა, მშენებლობა შეჩერებული იყო, მაგრამ როგორც კი უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, საკითხი კვლავ აქტუალური გახდა და თბილისის მერიამ სწრაფად მოქმედება დაიწყო. თბილისის ახალმა მერმა პირობა დადო, რომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას არ დაუშვებდა.

ვაკის პარკი - Sputnik საქართველო
მაია ბითაძე: ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას არ დავუშვებთ

არსებობს თუ არა გამოსავალი?

ინვესტორის განცხადებით, მან მერიასთან სასტუმროს მშენებლობის საკითხზე შეთანხმებას მიაღწია და იგი მზადაა, შეცვალოს პირობები და სასტუმროს ნაცვლად პარკში რესტორანი „ბუდაპეშტი“ აღადგინოს.    

ეს გადაწყვეტილება, ზაქაიძის თქმით, ვაკის პარკის აღდგენის პროექტის განხილვისას იქნა მიღებული. ინვესტორი მზადაა, ასევე, თავის თავზე აიღოს ველოსიპედის ბილიკების მოწყობა, რომლებითაც ნებისმიერი მსურველი ისარგებლებს.

„ეს რესტორანი 70 წლის განმავლობაში იყო თბილისელების თავშეყრის ადგილი და არავის აწუხებდა, პირიქით, იყო კოლორიტული ადგილი. ამ ინიციატივით გვინდა განვაცხადოთ ჩვენი თანხმობა, დავუბრუნდეთ მერიის წინადადებას და აღვადგინოთ ისტორიული შენობა - რესტორანი „ბუდაპეშტი“, - განაცხადა ზაქაიძემ ბრიფინგზე.

სკანდალი სასტუმრო ,,ბუდაპეშტის“ გარშემო

მერიის პასუხი

„მიუღებელია“, - ასეთი იყო კალაძის რეაქცია გიორგი ზაქაიძის წინადადებაზე. ამით მან კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ მერია მსგავს პირობებზეც არ არის თანახმა.

„ჩვენი პოზიცია იცით, რომ ვაკის პარკში მიუღებელია ასეთი შენობა-ნაგებობების განთავსება. საუბარი იყო ცხრასართულიან კორპუსზე, რაზეც ჩვენ ვუთხარით „არა“ კონკრეტულ პიროვნებას. ეს ბრიფინგებით საუბარი რა ვიცი, რაღაც სიახლეა მგონი. მას არანაირი პრობლემა არ აქვს ჩვენთან კომუნიკაციის. მზადყოფნას გამოვხატავთ ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით და თუ მას რეალურად სურვილი აქვს, რომ განხორციელდეს ადგილმონაცვლეობა“, - განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

ვაკის პარკი 1946 წელს გაიხსნა. 2017 წელს ვაკის პარკის ტერიტორია გაფართოვდა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო. ვაკის პარკს კუს ტბის ტერიტორია შემოუერთდა და მისი საზღვრები 18-დან 34 ჰექტრამდე გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0