სახელმწიფო სამ მრავალფუნქციურ ახალ შვეულმფრენს 21 მლნ ევროდ შეიძენს

© Ministry of Internal Affairs of Georgiaვერტმფრენი
ვერტმფრენი - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2022
გამოწერა
კონტრაქტი მოიცავს პილოტებისა და ინჟინრების გადამზადებას, მარაგი ნაწილების შეძენასა და 3-წლიან საქარხნო გარანტიას.
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით სასაზღვრო პოლიცია H145 ტიპის სამ შვეულმფრენს შეიძენს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შვეულმფრენების შესყიდვის მიზნით ხელშეკრულება ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან გააფორმა.
პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 26,5 მლნ ევროს შეადგენს. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო Airbus Helicopters-ს 5,5 მლნ ევროს სანაცვლოდ გადასცემს AS332 L1e S/N 2833-ს (სუპერ პუმას), რომელიც წლების განმავლობაში გამოუყენებელია. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული შვეულმფრენი წლების წინ მაღალი თანამდებობის პირებისთვის იყო შესყიდული.

სამინისტროს ინფორმაციით, H145 მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ახალი შვეულმფრენები სრულად იქნება დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ ორი ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ასევე ამ ტიპის შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა.
H145 არის Airbus-ის ერთ-ერთ უახლესი მოდელი, რომელსაც გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები იყენებენ.
ქართულ მხარეს პირველი შვეულმფრენი კონტრაქტის ხელმოწერიდან 17 თვეში გადმოეცემა, ხოლო სამივე საავიაციო ტექნიკა 20 თვემდე პერიოდში საქართველოში იქნება სრულ საფრენოსნო მდგომარეობაში.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0