მითი თუ რეალობა - პოლიტიკოსებმა მათი რეიტინგების მორიგი კვლევა შეაფასეს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის ცენტრი
თბილისის ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2022
გამოწერა
ნოემბრის მეორე ნახევარში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 52% მზადაა ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“, 23% - „ნაციონალურ მოძრაობას“.
თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში ყოველი მეორე ადამიანი მხარს უჭერს მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას - დემოკრატიულ საქართველოს“, ხოლო ყოველი მეოთხე - მის მთავარ კონკურენტ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ასეთია GORBI-ს გამოკითხვის შედეგები.
საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრს კვლევა დაუკვეთა ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა ტელეკომპანია „იმედმა“.
ნოემბრის მეორე ნახევარში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 52% მზადაა ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“, 23% - „ნაციონალურ მოძრაობას“.
გამოკითხულთა 3% მზად არის ხმა მისცეს „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „პატრიოტთა ალიანსს“, „ევროპულ საქართველოს“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, 2% ხმას მისცემდა „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“, ხოლო „ლეიბორისტულ პარტიას“ და პარტიას „საქართველოსთვის“ - 1%.
დეპუტატი: მოსახლეობა მხარს უჭერს ხელისუფლების მშვიდობიან პოლიტიკას >>
2024 წლის შემოდგომაზე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5%-ს შეადგენს.
კვლევის შედეგებით კმაყოფილია „ქართული ოცნება“, რომელმაც არაერთხელ გააკრიტიკა საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი სხვა კომპანიები, რომელთა შედეგებიც უფრო მოკრძალებული იყო.
„საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე ისედაც უჭერდა მხარს „ქართულ ოცნებას“. წინა არჩევნებზე, საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ ავიღეთ 48%, თვითმმართველობის არჩევნებზე - 47% და აქ არის გარკვეული გაუმჯობესება, რაც არის კონკრეტული ფაქტორების შედეგი. ეს არის პირველ რიგში მშვიდობა, ხალხი აფასებს მშვიდობას, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში იმ უმძიმესი ვითარების ფონზე, რომელიც არის რეგიონში ჩამოყალიბებული და მეორე არის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა“, - აღნიშნა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
შედარებით კმაყოფილია თავისი პარტიის შედეგით „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
„ჩვენთვის ყველაზე სანდო არჩევნებია და არჩევნებამდე დიდი დროა. ამ კვლევაში ჩანს, რომ ჩვენ პარტიას მხარდაჭერა გაეზარდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ვიცით, რომ სწორ გზაზე ვართ, ვიცით, რასაც ვაკეთებთ და დანარჩენს უკვე წიწილების თვლის არ იყოს, არჩევნებზე ვნახავთ, ვის, რა შედეგი ექნება“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შედარებით ფრთხილად უყურებს კვლევას პარტია „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ კვლევა პოლიტიკური დაკვეთით ჩატარდა.
„ნეტავ, ვენდობოდე რომელიმე კვლევას და ზუსტად ვიცოდე, რომ მე ახლა ვთქვათ 3% მაქვს. მაშინ ხომ ბევრად უფრო მშვიდად ვიქნებოდი და მეცოდინებოდა, რა ვაკეთო. ვინაიდან ეს შენი ჩატარებული არ არის და კონკურენტი ატარებს, რომელსაც პოლიტიკური მიზანი აქვს, ძალიან გაგიჭირდება თქვა, რომ შენი პროცენტი ნამდვილია, ან მოგწონს თუ არა ის“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სხვა პარტიების უმრავლესობას კვლევაზე რეაგირება არ ჰქონიათ.
GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა მიმდინარე წლის 17-30 ნოემბერს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 2.024 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 2,5 პროცენტს. რესპონდენტების შერჩევისას გამოყენებული იქნა მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდი.
ყველა ახალი ამბავი
0