ხანძარი ბათუმში - ბოლო ცნობები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო ბრიგადა
სახანძრო ბრიგადა - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2022
გამოწერა
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. მეხანძრეები რამდენი საათის განმავლობაში ცდილობდნენ ბათუმში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელ კომპლექს VOX-ში ხანძარი გუშინ, საღამოს გაჩნდა. ცეცხლი საცხოვრებელი კომპლექსის ბოლო, 24-ე და 25-ე სართულზე მდებარე რესტორანში გაჩნდა, სადაც ამ დროისათვის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ამიტომ ის არ ფუნქციონირებს.
ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა შენობის ბოლო ორი სართული. კორპუსიდან 250 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.

„ყველას გვითხრეს, რომ ბინები დაგვეტოვებინა და გარეთ გავსულიყავით. თავიდან ცეცხლი ძლიერი არ იყო, მაგრამ შემდეგ ორ სართულზე გავრცელდა“, – განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა თეონა ევგენიძემ.

ადგილზე ათზე მეტი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. ხანძრის საცხოვრებელ ბინებზე გავრცელების საშიშროება არსებობდა, თუმცა მეხანძრეებმა ამის თავიდან აცილება მოახერხეს. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„ხანძრის გაჩენისთანავე მობილიზებულ იქნა ყველა სამსახური. ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია დროულად განხორციელდა“, – განაცხადა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და დასძინა, რომ გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.
ხანძრის გამო შენობის მაღალი სართულებიდან ცეცხლმოკიდებული სამშენებლო მასალები ცვიოდა, რაც ახლოს მდებარე კორპუსს საფრთხეს უქმნიდა. უსაფრთხოების მიზნით შესაბამისი კომპანიების მიერ გათიშული იქნა ელექტროენერგია და გაზი.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0