ლევან დავითაშვილი: მთავრობამ ხუდონჰესის პროექტი დაიბრუნა

© Government of Georgiaლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2022
გამოწერა
ხუდონჰესის მშენებლობა 80-იან წლებში დაიწყო, მაგრამ შემდეგ მშენებლობა საქართველოს „მწვანეთა პარტიის“ მოთხოვნით მალევე შეჩერდა.
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ ინვესტორისგან ხუდონჰესის ელექტროსადგურის გამოსყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
2011 წლის აპრილში საქართველოს მთავრობასა და კომპანია Trans Electrica-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელშიც ზამთარში გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოყენებისა და სხვა სეზონებზე ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტის პირობები იყო განსაზღვრული.

„ინვესტორ კომპანიასთან შეთანხმება შედგა და სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით პროექტის განხორციელება უკვე 2023 წელს დავიწყოთ. ეს არის ჩვენი მიდგომა. ასეთი მნიშვნელოვანი მსხვილი ენერგეტიკული და სტრატეგიული პროექტები მომავალში, როგორც წესი, საქართველოს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნულ პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს საქართველოს ელექტროსისტემისთვის, მათ შორის, მოქმედი ენგურჰესის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისთვის. შესაბამისად, გადაწყვეტილება, კომპანიასთან კონტრაქტი მოლაპარაკების გზით დასრულებულიყო, საბოლოოდ პოზიტიურად გადაწყდა და შეთანხმება შედგა.
„2023 წლის დასაწყისში თავიდან დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა დავითაშვილმა.
საქართველოს მთავრობა „ნენსკრაჰესის“ ინვესტორთან ახალ ვადებზე უნდა შეთანხმდეს>>>
მისი თქმით, ქვეყნის თანმიმდევრული ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია საქართველოში გენერაციისა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდა.
ხუდონჰესის პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 1,1 მილიარდ დოლარზე მეტია, გულისხმობს მდინარე ენგურზე 702 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას.
ხუდონჰესის მშენებლობა 80-იან წლებში დაიწყო, მაგრამ შემდეგ მშენებლობა საქართველოს „მწვანეთა პარტიის“ მოთხოვნით მალევე შეჩერდა. ხუდონჰესის მშენებლობაზე თავის დროზე დახარჯული იყო 150 მლნ აშშ დოლარი.
ყველა ახალი ამბავი
0