საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს ბიუჯეტი იზრდება

© photo: Sputnik / Ilya Neimushinტყეში
ტყეში - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2022
გამოწერა
2023 წლის ბიუჯეტი თითქმის ორჯერ გაიზარდა
თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik.საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ბიუჯეტი გაიზრდება და 20.95 მლნ ლარს შეადგენს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს 2023 წლის ბიუჯეტი, 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 9.78 მლნ ლარითაა გაზრდილი.
გაზრდილი ბიუჯეტი სააგენტოს რეგიონული ოფისების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და საქმიანი ეზოების მოწყობის, ასევე სატრანსპორტო საშუალებებისა და სპეციალური ტექნიკის შესყიდვის დაფინანსებას ითვალისწინებს.
2023 წელს დაგეგმილია ხე-ტყის დასაწყობების „საქმიანი ეზოების“ მოწყობა და მათი ტექნიკით აღჭურვა საჩხერის, ონის, ცაგერის, ჭიათურის, ხარაგაულის, თერჯოლის, ტყიბულის, ბაღდათის, ჩხოროწყუს სატყეო უბნებში.
მარტვილში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს >>
ეროვნული სატყეო სააგენტო ახორციელებს პროექტს „ტყის მდგრადი მართვა - 8 სამიზნე სატყეო უბანზე“, რომლის თანადაფინანსებისთვისაც ეროვნულ სატყეო სააგენტოს 2023 წლის ბიუჯეტიდან გამოეყოფა 5 მლნ ლარი.
აღნიშნული თანხა განკუთვნილია „საქმიანი ეზოების“ აღჭურვის, სატყეო-სამეურნეო გზების სპეციალური ტექნიკისა და ცეცხლმაქრი მოწყობილობების შეძენისთვის.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა, ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხე-ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0