საქართველოში ავტომობილის რეგისტრაცია და ნომრის აღება ძვირდება

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2022
გამოწერა
სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა 35 ლარის ნაცვლად 100 ლარი ეღირება.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ ავტომობილის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების 185,7%-ით გაძვირებას.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ცვლილებების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა 35 ლარის ნაცვლად 100 ლარი ეღირება, ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა კი 35 ლარის ნაცვლად 80 ლარი გახდება. დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა ასევე 35 ლარის ნაცვლად 80 ლარი ეღირება.
რატომ იზრდება ჯარიმები ტექდათვალიერების არგავლისთვის: მაია ბითაძის განმარტება>>>
მთავრობის გათვლით, ფასების მომატება საქართველოს ბიუჯეტს წელიწადში დამატებით 40 მილიონ ლარს მოუტანს, რაც საპატრულო პოლიციისა და მომსახურების სააგენტოს საჭიროებებს მოხმარდება.
ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წელს ქვეყანაში რეგისტრაცია გაიარა 1,4 მილიონმა ავტომობილმა, 2020 წელს – 1,5 მილიონმა, 2021 წელს – 1,5 მილიონმა, ხოლო 2022 წლის ბოლოსთვის – 1,6 მილიონმა ავტომობილმა.
ყველა ახალი ამბავი
0