საქართველოში ავტომობილის რეგისტრაცია და ნომრის აღება ძვირდება

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2022
გამოწერა
კანონპროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა 35 ლარის ნაცვლად 100 ლარი ეღირება.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობის გაცემის, ასევე სახელმწიფო სანომრე ნიშნების გაცემის ღირებულების გაზრდა იგეგმება.
შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცალკეული სერვისების ღირებულების გაზრდას, ქვეყნის პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი საქართველოს ფინანსთა სამინისტროა, ინიციატორი კი მთავრობა.
კანონპროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა 35 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 100 ლარით, ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა კი 35 ლარის ნაცვლად 80 ლარი იქნება.
დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა ასევე 35 ლარის ნაცვლად 80 ლარი ეღირება.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საქართველოს ავტოპარკის ზრდის ფონზე, მომსახურების სააგენტოს დატვირთვის პარალელურად, დღის წესრიგში დადგა მომსახურების საფასურის კორექტირება და, შესაბამისად, კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა.
კანონპროექტის ავტორების განცხადებით, საქართველოში ავტოპარკი წელიწადში საშუალოდ 50-70 ათასი ავტომობილით იზრდება, ბოლო 10 წელიწადში კი თითქმის გაორმაგდა. თუ 2010 წელს ავტომობილების რაოდენობა 732 ათასზე მეტი იყო, 2022 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 1,6 მილიონი შეადგინა.
ავტომობილების რაოდენობა წლების მიხედვით
წელი რაოდენობა
2010 732 091
2011 792 796
2012 864 366
2013 938 266
2014 1 027 986
2015 1 111 400
2016 1 199 180
2017 1 261 307
2018 1 324 078
2019 1 376 084
2020 1 445 518
2021 1 528 242
2022 1 600 302
რაც შეეხება მთავრობის არგუმენტს, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, მომსახურებების ფასთა კორექტირება გაზრდის მომსახურების სააგენტოს შემოსავალს, რაც ასევე გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. შესაბამისად, გაზრდილი დაფინანსების ხარჯზე შესაძლებელი იქნება საპატრულო პოლიციის რესურსის ზრდა – მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულების უზრუნველსაყოფად.

„კანონპროექტის მიღება აუცილებელია მომსახურების სააგენტოს საქმიანობის დროულად და შეუფერხებლად განხორციელებისთვის, აგრეთვე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულების უზრუნველსაყოფად", – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ცვლილებების მიღების შემთხვევაში კანონი 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0