„ჩვენ წინასწარ წაგებულ ომში შევედით" - კლინიკის დირექტორი სააკაშვილის მკურნალობაზე

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2022
გამოწერა
ექსპერტები, ადვოკატები, მხარდამჭერები, პოლიტიკური ისტებლიშმენტი – მთელი ეს დიდი მანქანა ექიმების წინააღმდეგ მუშაობს, აცხადებს ნინო ნადირაძე.
თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემოსვლის მომენტიდან დაწესებულების მთელი პერსონალი კოლოსალური ზეწოლის ქვეშ იმყოფება, განაცხადა კლინიკის დირექტორმა ნინო ნადირაძემ.
მსჯავრდებული სააკაშვილი 12 მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები ამბობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს. შუამდგომლობის განხილვა პატიმრობიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შესახებ სასამართლოში უკვე ორჯერ გადაიდო.

„ჩვენ წინასწარ წაგებულ ომში შევედით, რადგან განკურნება არის გადავადებისა და გათავისუფლების საწინააღმდეგო მხარეს. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პროცესი გადავწონოთ? ჩვენ ვართ სამედიცინო მხარე და ჩვენი წარმატება გადავადებისა და გათავისუფლების სრულიად საწინააღმდეგო მხარეს დგას“, – განაცხადა ნადირაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ექსპერტები, ადვოკატები, მხარდამჭერები, პოლიტიკური ისტებლიშმენტი – მთელი ეს დიდი მანქანა ექიმების წინააღმდეგ მუშაობს, აღნიშნა ნადირაძემ.
„მე სულ ვამშვიდებ ჩემს თანამშრომლებს, რომ არ მიაქციონ ყურადღება. ეს დამშვიდება მათ სჭირდებათ ყოველდღიურად, რადგან კოლოსალური ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით. პაციენტის შემოსვლის წამიდან კამპანია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს“, – განაცხადა ნადირაძემ.
13 დეკემბერს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, თუ სააკაშვილი არ შეწყვეტს სიმულანტობას, სამინისტრო იძულებული იქნება, გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანს, როგორ უშლის ექს-პრეზიდენტი ხელს ექიმებსა და სასამართლოს მუშაობაში.
რამდენი უჯდება სახელმწიფოს სააკაშვილის შენახვა?>>>
მინისტრმა დაპირება შეასრულა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა სააკაშვილის ვიდეოკადრები კლინიკა „ვივამედის“ პალატიდან. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0