როდის შეჩერდება საქართველოში ფასების ზრდა - ეროვნული ბანკის პროგნოზი

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა
იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2022
გამოწერა
კობა გვენეტაძის განცხადებით, საქართველოში საგარეო მოთხოვნა ტურიზმისა და მიგრანტების რაოდენობის ზრდის ფონზე მაღალია, რაც ინფლაციის შემცირების პროცესს ანელებს.
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ დონემდე მომავალი წლის მეორე ნახევარში დაიწევს, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
მიმდინარე წლის ნოემბერში ევროსტანდარტებით დაანგარიშებულმა წლიურმა ინფლაციამ 10,3% შეადგინა, ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულმა – 10,4%.

„მოქმედი საბაზო მაკროეკონომიკური პროგნოზის თანახმად, 2022 წელს ინფლაცია 11,9%-ის, 2023 წელს ის 5,3%-ის ფარგლებში იქნება და შემდეგ, სხვა თანაბარ პირობებში, მომდევნო წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მისი თქმით, მიმდინარე წელს საქართველოში ინფლაციის დაბალი დონე უნდა ყოფილიყო, მაგრამ რიგმა ფაქტორებმა პროგნოზი გააუარესა.
„2022 წელს მიწოდების ჯაჭვები კიდევ უფრო მეტად შეფერხდა და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი კიდევ უფრო გაღრმავდა. ამ მიზეზების გამო მაღალი ინფლაციის პერიოდი გახანგრძლივდა, რაც ინფლაციის მოლოდინების ზრდის რისკებს აჩენს და ამიტომაც ცენტრალური ბანკების მხრიდან მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი გამკაცრების საჭიროება დადგა“, – განაცხადა გვენეტაძემ.
მისი თქმით, საქართველოში საგარეო მოთხოვნა ტურიზმისა და მიგრანტების რაოდენობის ზრდის ფონზე მაღალია, რაც ინფლაციის შემცირების პროცესს ანელებს.
„მაგალითად, მკვეთრადაა გაზრდილი ქირის ფასები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წლიური ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალ დონეზე რჩება, მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი კურსი გამყარებულია“, – აღნიშნა გვენეტაძემ.
თუმცა, მაღალი საგარეო მოთხოვნა, რომელიც გაჩნდა ტურისტებისა და მიგრანტების რაოდენობის ზრდის გამო, მხოლოდ ანელებს ინფლაციის კლების ტემპს, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი ევროსტანდარტით გადაიხედა: რა შეიცვალა>>>
ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ინფლაციის პიკური პერიოდი გადალახულია და მისი შემცირების ტენდენციაც დაწყებულია. თუმცა, პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და როგორ აისახება იგი ფასებზე, რთულია.
„ერთი მხრივ, არის გლობალური რეცესიის რისკები, მეორე მხრივ კი გრძელდება მწვავე ინფლაციური შოკები, რამაც ინფლაციური მოლოდინების ზრდა გამოიწვია“, – განაცხადა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო თვეებში საერთაშორისო ბაზრებზე ფასების დასტაბილურებისა და პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, კვლავ მაღალია პროდუქტებსა და ნავთობზე ფასები, რის ფონზეც გლობალური ინფლაცია გაიზარდა.
ყველა ახალი ამბავი
0