საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი ევროსტანდარტით გადაიხედა: რა შეიცვალა

© photo: Sputnik / StringerTbilisi Mall
Tbilisi Mall - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2022
გამოწერა
საქართველოში ევროპული მეთოდოლოგიით დაანგარიშებული ინფლაციის მაჩვენებელი ნოემბერში აღმოჩნდა 0,1 საპროცენტო პუნქტით უფრო დაბალი ეროვნული წესით გამოთვლილთან შედარებით.
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის ნოემბერში ევროსტანდარტებით დაანგარიშებულმა წლიურმა ინფლაციამ 10,3% შეადგინა, ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულმა – 10,4%.
ამჟამად საქართველოში ინფლაცია გამოითვლება სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) მიხედვით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში გამოიყენება სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (HICP) და ის ფასების სტაბილურობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
რა განსხვავებაა მეთოდოლოგიებს შორის საქართველოსა და ევროკავშირში
HICP განსხვავდება CPI-სგან მთელი რიგი მეთოდოლოგიური მახასიათებლებით, ძირითადად, სამომხმარებლო კალათის წონის თვალსაზრისით და გამოყენებული კლასიფიკატორის მიხედვით.
კერძოდ, HICP-ს შემთხვევაში გაანგარიშებისას გამოიყენება როგორც რეზიდენტების, ისე არარეზიდენტების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე გაწეული ხარჯები, ხოლო CPI-სთვის გამოიყენება მხოლოდ რეზიდენტების მიერ გაწეული დანახარჯები როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
რაც შეეხება კლასიფიკატორს, ევროკავშირში HICP-სთვის გამოიყენება „დანიშნულების მიხედვით ინდივიდუალური მოხმარების კლასიფიკაციის“ ევროპული ვერსია – ECOICOP, რომელიც მცირედით განსხვავდება ამჟამად საერთაშორისო დონეზე მოქმედი COICOP-სგან. ამასთან აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო კალათის შემადგენლობა და გამოყენებული მიკრომონაცემები იდენტურია ორივე ინდექსისთვის.
როგორ განსხვავდება ინდიკატორები საქართველოში სხვადასხვა კატეგორიებით %

სამომხმარებლო კალათის ჯგუფები

ეროვნული სტანდარტი

ევროპული სტანდარტი

პროდუქტები

16,8

15,5

ალკოჰოლი და თამბაქო

7,6

7,7

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი

-2,2

0,0

კომუნალური მომსახურება

15,4

14,2

ავეჯი

9,6

10,3

ჯანდაცვა

-2,8

-3,8

ტრანსპორტი

8,2

7,9

კავშირგაბმულობა

0,2

0,3

გართობა და დასვენება

6,2

7,1

განათლება

6,6

6,7

სასტუმროები და რესტორნები

15,9

14,7

სხვა

11,8

10,5

როდის დაიწყებს შემცირებას ინფლაცია – ეროვნული ბანკის პროგნოზი
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ინფლაციის შემცირება 2023 წლის თებერვლიდან დაიწყება და მიზნობრივ მაჩვენებელს წლის მეორე ნახევარში მიუახლოვდება.

„შემდეგი წლის მეორე ნახევარში ინფლაცია უნდა დაუახლოვდეს მიზნობრივ მაჩვენებელს. რა თქმა უნდა, საშუალო მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე მიზნობრივი მაჩვენებელი, რადგან მხოლოდ თებერვლის თვიდან დაიწყებს შემცირებას“, – განაცხადა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე და მომდევნო წლის იანვარში, ძირითადი ფაქტორებიდან გამომდინარე, ინფლაცია კვლავ მაღალი იქნება. თუმცა ის არ გამორიცხავს, ​​რომ 2023 წელს წლიური ინფლაცია პროგნოზირებულზე დაბალიც კი იყოს.
„როგორც ცნობილია, ნავთობის ფასები განსაზღვრავს ფასების ინდექსს, ასევე სხვა მომსახურებისა და პროდუქციის ფასებს. ამიტომ უნდა დაველოდოთ ამ ინფორმაციას“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ყველა ახალი ამბავი
0