რატი ბრეგაძე: სააკაშვილის სასამართლოზე მომხდარი ინციდენტით გამოძიება დაინტერესდება

© Ministry of Justice of Georgiaრატი ბრეგაძე
რატი ბრეგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2022
გამოწერა
იუსტიციის მინისტრის თქმით, მსგავსი ფაქტები ცხადყოფს, თუ როგორი ზეწოლა ხორციელდება სასამართლოზე რადიკალური ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან.
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. არავის მივცემთ უფლებას, თავს დაესხას და შეურაცხყოფა მიაყენოს საჯარო მოხელეებს, რომლებიც ღირსეულად ასრულებენ საკუთარ მოვალეობებს, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადახედვის შესახებ სხდომა გადადო. ადვოკატებმა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საკითხზე შუამდგომლობით სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს.
სხდომა გადაიდო, რადგან იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილს სასამართლო სხდომაში დისტანციურად მონაწილეობაზე უარი უთხრა და სასამართლოს განუცხადა, რომ „პენიტენციური სამსახური ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას, მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა უზრუნველყოს“. ამან სააკაშვილის მხარდამჭერების აღშფოთება გამოიწვია.
იუსტიციის სამინისტროში კომენტარი გააკეთეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ღირსეულად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, თავს დაესხან, შეურაცხყოფა მიაყენონ და ხელი შეუშალონ. დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი ორგანოები ამ საკითხზე აუცილებლად იმსჯელებენ და მსგავსი ქმედების ჩამდენი პირის პასუხისმგებლობა დადგება“, – განაცხადა ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

იუსტიციის მინისტრის თქმით, მსგავსი ფაქტები ცხადყოფს, თუ როგორი ზეწოლა ხორციელდება სასამართლოზე რადიკალური ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან.
ხელისუფლების წარმომადგენლები რადიკალურ ოპოზიციას პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მომხრეებს უწოდებენ.
„ჩვენი სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ფაქტობრივად თავს დაესხნენ, როდესაც ის სასამართლოს შენობიდან გამოვიდა. მას დაუზიანეს მანქანა და რომ არა პოლიციის კორდონი, მას შეიძლება ვერც კი დაეტოვებინა სასამართლოს ტერიტორია“, – განაცხადა ბრეგაძემ.
გუშინ, 14 დეკემბერს სააკაშვილის მხარდამჭერები თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში შეიკრიბნენ, რათა მხარი დაეჭირათ პრეზიდენტისთვის, რომელიც 12 მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. მას ჯანმრთელობის პრობლემები 50-დღიანი შიმშილობის მერე დაეწყო, რომელიც დაკავების დღეს, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
სააკაშვილის სასამართლო სხდომა ისევ გადაიდო>>>
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0