საქართველოში ავტომობილების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა - კალაძე

© Sputnik / Alexander Imedashvili„საცობი“ საღამოს თბილისში
„საცობი“ საღამოს თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2022
გამოწერა
თბილისის მერმა დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემაზე ისაუბრა.
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ავტომობილების მფლობელთა რაოდენობა საქართველოში გაიზარდა და 48%-ს მიაღწია, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 2017 წელს ეს მაჩვენებელი 31%-ს შეადგენდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, დედაქალაქში 2012 წელს სამუშაო დღეებში დაახლოებით 250 ათასი ავტომობილი გადაადგილდებოდა, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 380 ათასამდე იყო. ამჟამად კი პიკის საათებში თბილისში 600 ათასზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება.

„საშუალო წლიური ზრდა გვაქვს 8-9%. ეს ნიშნავს, რომ 5-7 წელიწადში ჩვენ მივაღწევთ ავტომობილის ფლობის საშუალო ევროპულ მაჩვენებელს – 70%-ს“, – განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში კვირაში ხუთი ან მეტი დღით ავტომობილს იყენებს მოსახლეობის მხოლოდ 8%, ხოლო საქართველოში – 92%.
სწორედ ამიტომ კალაძე მნიშვნელოვნად და აუცილებლად მიიჩნევს, რომ ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი (ავტობუსი, მიკროავტობუსი, მეტრო) უფრო კომფორტული და სწრაფი გახდეს, სხვაგვარად მომდევნო ხუთ წელიწადში თბილისში გადაადგილება შეუძლებელი იქნება.
კალაძე: მელიქიშვილის გამზირზე სატრანსპორტო დერეფანი ამოქმედდა>>
თბილისის მერია უკვე რამდენიმე წელია სატრანსპორტო რეფორმას ატარებს, რომლის მთავარი მიზანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს უფრო კომფორტული, გამართული და ხელმისაწვდომი, ასევე განიტვირთოს ქალაქი „საცობებისგან“.
ამ რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სატრანსპორტო დერეფნების შექმნა. მსგავსი სატრანსპორტო დერეფანი ამ დღეებში მელიქიშვილის გამზირზე გაიხსნა – მისი მეშვეობით მგზავრებს 29 მარშრუტზე 128 ავტობუსი და მიკროავტობუსი მოემსახურება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0