საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცა

© Emergency Management Service of Georgiaსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცა - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
გამოწერა
უწყების ცნობით, სპეციალური ტექნიკა მეხანძრე-მაშველებს სამაშველო ოპერაციების ჩატარებაში დაეხმარება.
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 40 სხვადასხვა სახეობის სამაშველო და სამძებრო სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სპეციალური ტექნიკა გაეროს პროექტების მომსახურების ოფისმა (UNOPS) გადასცა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით. აღნიშნული დახმარება გაეროს ოფისმა ევროკავშირის SAFE-პროგრამის ფარგლებში შეიძინა.

„მოწოდებული სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა მეხანძრე-მაშველებს ქვეყნის მასშტაბით სამაშველო ოპერაციების ჩატარებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კერძოდ, სამსახურს შვიდი მაღალი გამავლობის მანქანა პიკაპი, სამი ყველგანმავალი კვადროციკლი, სამი დრონი, თხილამურებისა და სათხილამურო აღჭურვილობის 40 და სამძებრო აღჭურვილობის 12 ერთეული კომპლექტი გადაეცა.
უწყების ინფორმაციით, 2023 წლიდან ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დამატებით მხარდაჭერას გაუწევს. კერძოდ, დაგეგმილია ინციდენტების მართვის სისტემების განვითარება, სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შემუშავება, ასევე ხელი შეეწყობა სამაშველო სამსახურის დაახლოებას ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმთან.
ევროკავშირი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მხარდაჭერას უწევს პროექტის „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” ფარგლებში.
პროექტი UNOPS-ის მიერ ხორციელდება და „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის” (SAFE) პროგრამის ნაწილია. აღნიშნული პროექტი საქართველოში 2020 წლიდან ხორციელდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0